რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ქალებში საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ამოკვეთამ – გამოცდილი სპეციალისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

0
714
21 Views

ქალებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, გართულებული გინეკოლოგიური პრობლემების გამო, რადიკალური ოპერაციების გადატანა უწევთ, მათ შორის საკვერცხეების ან საშვილოსნოს ამოკვეთა. სპეციალისტების თქმით, ეს საკმაოდ რთული პროცედურებია, რომლებსაც თან სხვადასხვა გართულება ახლავს. ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე გვესაუბრება, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა რადიკალურმა ოპერაციებმა, რა გართულებების რისკი არსებობს, როდესაც კონტრაცეფციის მიზნით საშვილოსნოსშიდა საშუალებებს იყენებენ ან ფალოპის მილების გადაკეტვის გადაწყვეტილებას იღებენ:

– ჩვენი მოღვაწეობის მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ქალის შვილოსნობის ფუნქციის მაქსიმალურად შენარჩუნება. ამიტომ, მსგავს რადიკალურ ოპერაციებს აუცილებლად მკაფიო, ძალიან მძიმე სამედიცინო ჩვენებები უნდა ჰქონდეს. მაგალითად, სერიოზული ონკოლოგიური გართულებები, მწვავე გინეკოლოგიური პროცესები, სისხლისდენა და სხვა. რადიკალურ ოპერაციებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ და ძირითადი ორიენტირი იმ მიზეზის აღმოფხვრა უნდა იყოს, რამაც ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია. რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპერაციებსაც თავისი გართულებები აქვთ. კერძოდ, რა ასაკშიც არ უნდა დადგეს საკვერცხეების ამოკვეთის აუცილებლობა, ამას, გარდა იმ მიზეზებისა, რომლებმაც აღნიშნული პრობლემა გამოიწვია, ცალკე გართულებები კიდევ მოჰყვება.

მოგეხსენებათ, ქალის მთავარი საწყისი შვილოსნობის ფუნქციაა. როდესაც მას ამ ფუნქციას ჩამოვართმევთ, გარდა უშვილობისა, სხვადასხვა პრობლემის წინაშე დადგება. კერძოდ: საკვერცხეების ამოკვეთის შემთხვევაში, რა ასაკშიც არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, ქალს პოსტკასტრაციული სინდრომი უვითარდება. პოსტკასტრაციული სინდრომი, თავისი გამოვლინებებით, კლიმაქტერიულ სინდრომს ძალიან ჰგავს.

საზოგადოებაში ხშირად ფიქრობენ, რომ ე.წ. კლიმაქსი დაავადებაა, თუმცა კლიმაქტერიული პერიოდი ქალის ცხოვრებაში ბუნებრივი ეტაპია. სხვა საქმეა პოსტკასტრაციული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს სიმპტომების ერთობლიობა. ეს შეიძლება იყოს ალები, ნერვიულობა, აგზნებადობა, წნევის მერყეობა, მომატებული ოფლიანობა, შრომისუნარიანობის დაკარგვა, ოსტეოპოროზი, ფსიქოემოციური დარღვევები. ალები ეს არის კლინიკური გამოვლინება, რომელიც ჩარევას სასწრაფოდ მოითხოვს იმიტომ, რომ თუ დროულად არ ვუმკურნალებთ, ქალს ნორმალურ ფიზიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ხელს შეუშლის. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. კლიმაქტერიული სინდრომის და მათ შორის, ხელოვნურად შექმნილ კლიმაქტერიული სინდრომის, ანუ პოსტკასტრაციული სინდრომის სამკურნალო საშუალებები, საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი გვაქვს. ამიტომაც, ხშირად ვახერხებთ, რომ ქალებს დავეხმაროთ და ნორმალური ცხოვრების კალაპოტში ჩავაყენოთ. მართვა შეგვიძლია, თუმცა პრობლემაა ის, რომ ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალები არ გვყოფნიან. მიუხედავად იმისა, რომ წამლები არსებობს, ჩვენმა ექიმებმა არ იციან ან ძალიან ცუდად იციან, თუ როგორ დაეხმარონ ასეთ ქალებს. დახმარება კი აუცილებელია არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. ქალი, როდესაც კლიმაქტერიული სინდრომი უვითარდება, შრომისუნარიანობასა და ბევრ ფუნქციას კარგავს. ასეთი კონტინგენტისთვის არდახმარება ძალიან დიდი სოციალური პრობლემაა.

– მსგავსი სიმპტომები მაშინაცაა გამოხატული, თუ ქალი 50 წელს ზემოთ იკეთებს აღნიშნულ ოპერაციას?

– რა თქმა უნდა, სიმპტომოკომპლექსის სიმძიმე უფრო მეტად გამოხატულია, როდესაც ოპერაცია შედარებით ახალგაზრდა, ანუ 50 წლამდე ასაკის ქალებში ტარდება. მათ საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ არსებული გართულებები უფრო მძიმე ფორმით უვითარდებათ, ვიდრე 50 წლის შემდგომ ასაკის ქალებს. მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ ქალი, თუნდაც გაცილებით ასაკოვანი იყოს, ძალიან ხშირად საკვერცხეების ამოკვეთა მაინც მძიმე სიმპტომოკომპლექსს იწვევს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სიმწვავით ახალგაზრდა ქალების შემთხვევას ჩამოუვარდება.

ამიტომ, ექიმმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ როგორმე ქალს საკვერცხეები დაუტოვოს, თუკი ამის ძალიან მცირე საშუალება მაინც არსებობს. მდგომარეობა ძალიან სერიოზულად უნდა შეაფასოს, როდესაც საკვერცხეების ამოკვეთის ოპერაციის ჩატარებაზე იფიქრებს, თუნდაც ეს 70 წლის ქალის შემთხვევა იყოს.

– თუ ქალმა კლიმაქტერიული სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ვერ მოახერხა ექიმთან მისვლა და სწორი რეკომენდაციის მიღება, ასეთ დროს რა გართულებების რისკი არსებობს?

-შესაძლოა, გამოვლინდეს ათეროსკლეროზი, ინსულტის საფრთხე იზრდება, ექმნება ნევროლოგიური პრობლემები, აწუხებს უძილობა, უქვეითდება შრომისუნარიანობა და საკმაოდ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, რაც საბოლოოდ მისი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის და ფიზიკურადაც და ემოციურადაც მრავალი პრობლემის წინაშე დგება.

– რა გართულებები არსებობს საშვილოსნოს ამოკვეთის შემთხვევაში?

– ბევრ შემთხვევაში, საშვილოსნოს ამოკვეთასაც კლიმაქტერიული სინდრომის მაგვარი სიმპტომოკომპლექსი მოჰყვება, ნაკლებად მძიმედაა გამოხატული, მაგრამ მაინც გვხვდება.

– რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს მილების გადაკეტვამ, რომელსაც კონტრაცეფციის მიზნით მიმართავენ?

– ეს კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებაა, რომელიც საშვილოსნოს მილების ლაპარასკოპიით გადაკვანძას გულისხმობს. ეს არის მეთოდი, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათ შვილის ყოლა აღარ სჭირდებათ. ფაქტობრივად, შეუქცევადი პროცედურაა. შეიძლება მილების აღდგენა, მაგრამ ეს ოპერაცია ნაკლებად ეფექტურია და ტექნიკურადაც რთულად შესასრულებელია. მთავარია, ოჯახმა გადაწყვიტოს, რომ მათ მეტი შვილის გაჩენა აღარ უნდათ. ძირითადი უკუჩვენება სწორედ შეუქცევადობაა. სხვა შემთხვევაში, ლაპარასკოპიით ოპერაცია უმტკივნეულოდ ტარდება და არანაირ კვალს არ ტოვებს.

– რამდენად უსაფრთხოა საშვილოსნოსშიდა საშუალებების გამოყენება და აქ თუ არსებობს რაიმე გართულების რისკი?

– ფართოდ გამოიყენება და საქართველოშიც კონტრაცეფციის მეთოდებში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. კარგი მეთოდია, მინიმალურ გართულებებს იწვევს და უკუჩვენებები, ფაქტობრივად, არ აქვს, თუ სწორადაა გამოყენებული. აქვე აღვნიშნავ, რომ კონტრაცეფციის სახის შერჩევა ადამიანებს მარტივი საქმე არ უნდა ეგონოთ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ექიმ-რეპროდუქტოლოგს მიმართონ და მისგან რჩევა მიიღონ. თუ საშვილოსნოსშიდა საშუალებები არასწორადაა დანიშნული, შესაძლოა, ტკივილი, მენსტრუალური ციკლის მოშლილობა, ანთებითი პროცესების განვითარება გამოიწვიოს.

– რამდენად განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ცხოვრების ცვლილებები ასაკების მიხედვით?

-ჩვენდა სავალალოდ და საუბედუროდ, საქართველოში სქესობრივი ცხოვრების და სქესობრივი ფუნქციის მოშლილობის თემა უაღრესად ტაბუდადებულია. საქართველოში, ფაქტობრივად, სექსოლოგიის მაღალი პრაქტიკული დონე არ არსებობს. ამას თანამედროვე სქესობრივი განათლება სჭირდება, რომელიც ჯერ დანერგილი არ არის. ამიტომაც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი საზოგადოება სქესობრივი ინვალიდია. საჭიროა სქესობრივი განათლება, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. სექსოლოგიური მოშლილობა მძიმე სოციალური და სამედიცინო პრობლემაა. ტაბუ არსებობს კლიმაქტერიული ასაკის დროსაც და გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც და ჯერჯერობით, ცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით, მიღწევები არც ისე მაღალია. ანორგაზმიის, სქესობრივი ლტოლვის არარსებობის სიხშირე ევროპის განვითარებულ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში 2-3-ჯერ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი.

– რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ ადამიანებს, რომ სქესობრივი ცხოვრება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ?

– ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ – ნახეთ კარგი რეპროდუქტოლოგი, ნუ დაინანებთ დროსა და ფიზიკურ შესაძლებლობებს და ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად სწორი რჩევა მიიღეთ. ჩვენთან რეპროდუქტოლოგია დამოუკიდებელი დისციპლინაა, რეპროდუქტოლოგიური დაწესებულებების ბადე საკმაოდ გაიზარდა, ამიტომაც არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ადამიანმა კვალიფიციური რეკომენდაცია მიიღოს. მეგობრების, ნაცნობების გამოცდილებას არ უნდა დაეყრდნონ და აუცილებლად პროფესიონალთან გაიარონ კონსულტაცია. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, მათი ცხოვრების გაუმჯობესებისა და სოციალური აქტიურობისთვის.

თამარ იაკობაშვილი

წყარო: mshoblebi.ge

Cesko