„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
– ქალბატონო ეკა, ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილის აგენტი გიწოდათ. რას უპასუხებთ?
– ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ეს ბიჭი არის შეშლილი. გიჟი თავისუფალია და ის ყველა წითელ ხაზს კვეთს, ადამიანებს აბრალებს იმას, რაც თვითონ სჭირს. დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილის მინისტრობის დროს, სადღაც შეშინებული იმალებოდა სოროში შემძვრალი და შესაძლოა, უშუალოდ მის ან იმ ხელისუფლების სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა. არავის ახსოვს კობახიძის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“, ვანო მერაბიშვილი ან იმ ხელისუფლების სხვა ლიდერების წინააღმდეგ. მე და ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, იმ დროს კობახიძე არც დაგვილანდავს. პირადად მე, მერაბიშვილის დაპატიმრებას ვითხოვდი საჩივრებით, აქციებით, მიტინგებით, იმ დროს კობახიძისთვის თვალი არავის მოგვიკრავს არც ერთ აქცაიაზე. თავის სამართლებელი მართლა არაფერი მჭირს. რუსეთის ამ ხელქვეითის ნათქვამს სერიოზულად როგორ შეიძლება ვპასუხობდე?! მე, უბრალოდ, იმ ადამიანების გასაგონად ვლაპარაკობ, ვინც ახალგაზრდაა და არ მოსწრებია სააკაშვილის რეჟიმს, არ იცის, რა ხდებოდა მაშინ, ვინ იბრძოდა მის წინააღმდეგ. ზოგს კი შეიძლება დაავიწყდა მაშინდელი ამბები. 5 წელი ვიდექით ქუჩაში, 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. მერაბიშვილმა დაიჭირა ჩემი შვილი და ძმა, უსასტიკესი ანგარიშსწორება მომიწყო მაშინ, რომ რაიმე კომპრომისზე წავსულიყავი და უკან დამეხია, მაგრამ ვერაფრით მაიძულეს ამის გაკეთება. 2009 წელს დეპუტატის მანდატი დავჭერი პარლამენტის წინ სხვებთან ერთად და არ შევედი პარლამენტში პროტესტის ნიშნად. შემდგომში, პარტია „ქართულ ოცნებას“ როდესაც ვქმნიდით, რაც ძალიან სახიფათო საქმე იყო მაშინ, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე და ეს ხალხი, იმ დროს იყვნენ სწორედ მეორე მხარეს, იმ ბანაკში, სადაც მოკალათებულნი იყვნენ მედროვენი და კონფორმისტები. დღეს ესენი დაეპატრონენ ძალაუფლებას. ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა მარტო იმაშია, რომ ამათ დაუტოვა ქვეყანა საჯიჯგნად, ამდენის უფლებას აძლევს. წესით, ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს, მაგრამ ვისაც მოკლე მესხიერება აქვს, იმათთვის ვლაპარაკობ. ადამიანი ფასდება მოქმედებით და არა ლაპარაკით. დასამტკიცებელი და ასახსნელი არავისთვის არაფერი მაქვს. დანარჩენი ახლა, „აგენტების კანონის“ მიღება, კუდიანებზე ნადირობა შურის საძიებლად, რომ ვერ მოუნელებია კობახიძეს რამდენიმე ადამიანი, ეს წამოცდენები აქვს. კობახიძე იყო ის ერთ–ერთი პერსონა, რომელიც ვამხილე, როგორც მოსამართლეთა კლანთან მომრიგებელი და მათი ხელქვეითი და თავის დროზე მივუჩინე კუთვნილი ადგილი. მაშინ ხმა არ ამოუღია და ახლა ბედავს ამდენს, რადგან დაცვით დადის და თავი მართლა ვიღაც ჰგონია. ირაკლი კობახიძემ ვისი აგენტიც უნდა მეძახოს, არ მეწყინება, არარაობაა და ჩემზე შურის საძიებლად, კიდევ ბევრ სისულელეს იტყვის. კობახიძემ მერაბიშვილის აგენტობა რომ დამაბრალა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში, ჟურნალიტებმა, მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ფუტკარაძემ რატომ არ ჰკითხეს, აგენტობას რომ აბრალებ ეკა ბესელიას, მისი აგენტობის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეო? ჭაობში არიან ორივე, მაგათ თუ ჟურნალისტები ჰქვიათ… სულ წამიხდა შთაბეჭდილება ორივეზე.
მაგდა ანიკაშვილმა ზეპირად იცის, 5 წელი ქუჩაში რომ ვიდექი, იცის ჩემი ბრძოლა „ნაცების“ და კონკრეტულად მერაბიშვილის წინააღმდეგ, ჩემი შვილისა და ძმის დაჭერის ამბავიც იცის და ბევრი სხვა რამ, რასაც წინა ხელისუფლებასთან ბრძოლაში უდიდესი რისკის ფასად ვაკეთებდი. ვერ გაუბედა კობახიძეს, ეკითხა, თუ მერაბიშვილის აგენტი ვიყავი, რატომ ვებრძოდი მას, რატომ ვრისკავდი ამდენს ამ ბრძოლაში და რატომ დავაყენე ჩემი ოჯახი ამხელა დარტყმის წინაშე? საინტერესო ის არის, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი ფაქტი, რაც გადამხდა „ნაცების“ წინააღმდეგ ბრძოლისას, ყველაფერი გაშუქებული აქვს მაგდა ანიკაშვილს ძველ „იმედში“ როდესაც მუშაობდა და ახლა ენა ჩაუვარდა. მათზე, ჟურნალისტებზე გავბრაზდი, თორემ კობახიძე არის ერთი შეშლილი, ოდიოზური, ბოლომდე ზნედაცემული, მხდალი არაკაცი. აბა, გაბედონ მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ფუტკარაძემ და მომცენ საშუალება, მეც ვთქვა სათქმელი მათ გადაცემში. მერე, ეს იდიოტი კობახიძე იმდენს რატომ არ ფიქრობს, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფში ვიყავი და სახელმწიფო საიდუმლობებზე მქონდა წვდომა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ჩემზე ამბობს, რომ ვიღაცას ვყავდი გადაბირებული. ეს მანიაკი, მაგის გვარ–სახელის გამეორებაც აღარ მინდა, იმას არ ფიქრობს, ამით რამხელა შეურაცხყოფას აყენებს ამ სახელწიფო ინსტიტუტებს. მერე რა თქვა? ბესელიამ ზიანი მოგვაყენაო. კი, მხილებით მიადგა ზიანი, რადგან ეს არსება სასამართლოს მაფიოზურ კლანთან თუ დაჯგუფებასთან გარიგებაში ვამხილე. ამ ზიანის გამო იყო, რომ ასე დაეცა და უკადრებელი იკადრა. ასეთ არარაობას რომ აბარია „ქართული ოცნება“, ამაზე უარესი ამ პარტიას რაღა უნდა დაემართოს?
– ჰოდა, ახლა „აგენტების კანონის“ მიღებას აპირებენ და აქ თუ არ შევაჩერეთ, მერე ბევრად უარესს გააკეთებენ და წინააღმდეგობის გამწევი აღარავინ იქნება…
– მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითქოს არ იგრძნობა, ძალიან დიდი საპროტესტო მუხტია ხალხში, დიდი უკმაყოფილებაა დაგროვებული და ასეთი არდემოკრატიული, რუსეთიდან კალკირებული კანონის მიღებას ხალხი ასე იოლად არ შეეგუება. კი, წინ უნდა აღვუდგეთ და არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს რუსული კანონი მიიღონ. არ აქვს მნიშვნელობა, მასშტაბური აქციები იქნება თუ მცირერიცხოვანი, ხალხი გამოვა გარეთ და გააპროტესტებს. ამას წინააღდეგობა უნდა გაუწიონ, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციამ და მერე სამოქალაქო სექტორმა. ეს არის კანონი, რომელსაც ევროკავშირი ეწინააღდეგება და შემაფერხებელია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. პარლამენტს არ ჰქონდა უფლება, საერთოდ ეს კანონპროექტი დაენიცირებინა, რადგან ევროკავშირის რეკომენდაციებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. რას აკეთებს ევროინტეგრაციის კომიტეტი, მის თავმჯდომარეს არ რცხვენია, რომ პარლამენტი ამ კანონპროექტს განიხილავს და ხმას არ იღებს?! როგორი ლუსტრაციაა ყველაფრის. წინა რეჟიმის დროს ხდებოდა ყველაფრის ლუსტრაცია, მაშინაც ასე იმალებოდნენ, სოროებში იყვნენ შემძვრალნი, ჩვენ გვარბევდნენ, ქუჩაში ვებრძოდით რეჟიმს, ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ესენი, ვინც დღეს ამ კანონის მიღებით გვემუქრება, ეს მედროვეები, მაშინ კონფორმიზმში იყვნენ ჩაბუდებულები. დღეს ეს ხალხი მორალსა და იდეალებზე გველაპარაკება. ვფიქრობ, ენის მოჩლექით საუბარი უკვე არ შეიძლება, რადგან ქვეყანა დგას ძალიან დიდი არჩევანის წინაშე – ან რუსეთის გუბერნია ხდება საქართველო, ან ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამას უნდა სახელის დარქმევა და გააზრება.
– იმ ცივილიზებული სამყაროს და ევროპის დასაყრდენი რაც არის ამ ქვეყნაში, ზუსტად იმას არ სპობენ?
– რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. არაფერს აკეთებენ, რომ ამ გზაზე საქართველომ სწრაფად იაროს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და იმის ნაცვლად, რომ უკრაინის გვერდით ვიდგეთ საერთო მტრის წინააღმდეგ, დასავლეთთან დაახლოებით მივუახლოვდეთ დეოკუპაციას, ესენი რუსეთს ფეხქვეშ გაეგნენ, აღარ იციან რუსეთს რითი ასიამოვნონ. მთელი მსოფლიო რუსეთის სანქციებზე ლაპარაკობს, ევროკავშირმა, სხვა და სხვა ქვეყნებმა არაერთხელ დაასანქცირა რუსეთი, ესენი რუსეთთან პირდაპირ მიმოსვლაზე ლაპარაკობენ. აი, წარმოუდგენელ რაღაცებს ბედავენ. როგორ უნდა გაბედოს რომელიმე ჩინოვნიკმა და თქვას, რად გვინდა ეგეთი ევროკავშირიო?! არადა, ბედავენ და ამბობენ. შენ ვინ გეკითხება, გინდა თუ არა ევროკავშირი? შენ ხარ ხალხის დაქირავებული და მისი მსახური, შენმა ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამასთან, კონტიტუციაში გიწერია, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს საქართველო და ამ დროს, თბილისის მერი, კალაძე და ზოგიერთი დეპუტატი ამას ბედავს და ლაპარაკობს. თუ არ უნდათ ევროკავშირი, გადადგნენ პოსტებიდან და სოზარ სუბარს და მის გუნდს შეუერთდნენ, მერე აკეთონ ამგვარი განცხდებები.
– რუსეთში ამ კანონის მიღებიდან ცოტა ხანში ახალი კანონი მიიღეს და გავლენის აგენტებად შერაცხული ხალხი სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარა. აქაც იმავეს ხომ არ გააკეთებენ?
– რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ველოდოთ. ეს თუ გაუვიდათ, მერე ამ ხალხის, „აგენტების“ სისხლის სამართლის წესით დევნასაც დაიწყებენ. თუ ვინმე დარჩა თავისუფალ სივრცეში, ახლა იმათ უნდა დაერივნონ. ყველაფერი რუსული სცენარით ვითარდება. ძალაუფლება რომ გაიხანგრძლივონ, ახლა ეს მოიფიქრეს, ქვეყანას მიათრევენ დაძაბულობისა და დაპირისპირების ჭაობში და იმედი აქვთ, რომ რუსეთი დაეხმარება. ამათ ტვინებში კიდევ რა უბედურება იხარშება, არ ვიცი. ისედაც დაიცალა ქვეყანა და ეს „აგენტების კანონი“ თუ მიიღეს, არასამთავრობო სექტორში დასაქმებული კვალიფიციური ხალხი უცხოეთში წავა და საკმაოდ ბევრნი არიან ასეთები. მერე მათი სისხლის სამართლებრივი დევნა თუ დაიწყეს, აქ აღარავინ დარჩება, ყველა წავა, ვისაც დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოში უმუშავია.
– მე ვფიქრობ, ევროკავშირი უარს გვეტყვის კანდიდატის სტატუსზე, რადგან ამას ჩაშლის ჩვენი ხელისუფლება და ევროკომისიის ერთ რეკომენდაციასაც არ შეასრულებს და ამის შემდეგ, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციიდან იმ მუხლს ამოიღებს, რომლის თანხმადაც, საქართველოს მიზანი ნატო–ში გაწევრიანება და ევროკავშირის სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა. თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
– თუ გაბედეს, შეიძლება ესეც გააკეთონ, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში თავის სატელიტებთან ერთად და კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანენ. მე უფრო მგონია, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში მოვლენების განვითარებაზე. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან 2024 წელი მოდის, ძალიან გააქტიურდა პრორუსული „ხალხის ძალა“. იგეგმება ამ ძალის გაძლიერება და როგორც ჩანს, „ხალხის ძალით“ უნდა ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. ეს ძალიან სახიფათო გზაა და ძალიან ცუდად დამთავრდება. ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიულ პარტნიორებთან 30 წლიანი ურთიერთობა დააზინეს, გააფუჭეს. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ სენტიმენტები. ორივე არის წარსული და საჭიროა, ახალი რეალობის შექმნა. არც ერთი არ არის დასატოვებელი ქართულ პოლიტიკაში იმ დოზით, იმ შესაძლებლობებით, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება ჰქონდეთ.
– რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილმა „ქართულმა ოცნება“ „ხალხის ძალით“ ჩაანაცვლოს?
– კი, ძალიან რეალურია! ივანიშვილი მოიშორებს კობახიძის გუნდს, მათ აღარ დაეყრდნობა. რუსეთის საქმეს ჯერ ამათი ხელით აკეთებს და მერე ყველას მოიშორებს, გვერდზე მოისვრის და მერე ახალ კონფიგურაციას დაალაგებს, სადაც ივანიშვილის დასაყრდენი „ხალხის ძალა“ იქნება. ივანიშვილი ამის გაკეთებას შეეცდება. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ვერ მოხდება, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინასთან ერთად გაიმარჯვებს თავისუფალი სამყარო. მე მგონია, რომ სწორედ აქ არის გასაღები, რომ ჩვენ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ ქვეყანა.