“ვის იცნობთ ამნაირს, საქართველოს საწინააღმდეგოდ რომ ირჯებით? ვერ გიშველით ეგ ნაცნობობა, რადგან ძალიან მალე, თავად ისინი იქნებიან საკუთარი ხალხისაგან საშველ-გადასარჩენნი”

0
789
17 Views

იმ დროს, როცა:
უკრაინის ხელისუფლების ათეულობით მაღალჩინოსანი, საჯაროდ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას;
“მეორე ფრონტზე” უარის შემდეგ, საქართველოდან უკრაინის ელჩს იწვევს და სახელისუფლო დონეზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობას უკიდურესად ძაბავს;
უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, საერთაშორისო არენაზე, ძირს უთხრიან საქართველოს ავტორიტეტს, აქტიურად მონაწილეობენ ევროსტრუქტურებში საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების მიღებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაში;
უკრაინის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები, ყოველდღიურ რეჟიმში ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში, მიუხედავად მათთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შთამბეჭდავი მოცულობის, საერთაშორისო არენაზე გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისა და მას რუსულ მთავრობას უწოდებენ;
უკრაინის სპეცსამსახურები გეგმავენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას და ამისთვის, “განუბაჟებელი საქონელიც” გამოგვიზავნეს. ახლა კი, მას პუტინის პატიმარს უწოდებენ და მისი კანონიერი პატიმრობიდან “გამოხსნის” სპეცოპერაციაში აქტიურად არიან ჩართულნი;
უკრაინაში “მებრძოლი” ქართველი “ნაცები,” უკრაინელებთან ერთად, ქვეყანას “მიწასთან გასწორებით”, “არანაცებს” კი – ფიზიკური განადგურებით გვემუქრებიან,
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილედ განიხილავს და სააგენტო “Bloomberg”-თან ინტერვიუში, პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მის მიერ განხორციელებული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, პასუხი არ მოეთხოვება და ვადის დასრულების შემდეგ, მშვიდად იცხოვრებს პარიზში. ამიტომ, ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, ბეჯითად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს.
ამ ქალბატონის შემხედვარეს, ქუთაისელი პატრულის ენამოსწრებული ნათქვამი მახსენდება:
– ” მერსედესი, ვის იცნობ ამნაირს, “პროწივზე” რომ მოდიხარ?
– ქალბატონო სალომე, ვის იცნობთ ამნაირს, საქართველოს საწინააღმდეგოდ რომ ირჯებით? ვერ გიშველით ეგ ნაცნობობა, რადგან ძალიან მალე, თავად ისინი იქნებიან საკუთარი ხალხისაგან საშველ-გადასარჩენნი.
სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო “Bloomberg”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებაში, რუსების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაც უნდა ჩაიწეროს.
ამ განცხადებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსეი დანილოვი გამოეხმაურა:
️”საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად, სურს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები”.
️”ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევიყვანოთ ამ შეთანხმებაში საქართველოს ის ნაწილი, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ოკუპირებული. მაგრამ როდესაც მარტში ქართველ ძმებს ვუთხარი: მოდით დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ, საქართველოს ხელისუფლება დუმდა. თანაც შენიშვნაც მომცეს, თითქოს მათ საქმეებში ვერევი. ახლა კი სურს ჩვენს გამარჯვებას მოეჭიდოს და მიიჩნევს, რომ ეს საჭიროა. შეიძლება ეს საჭიროცაა, მაგრამ ამასთან ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოექცეთ.”
️”მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. გამოიჩინეთ მცირე პატივისცემა მაინც, რომ არ დასცინოთ უკრაინის მოქალაქეს და გამოუშვათ ის კიევში.”
️”არ ვიცი რომელ სამყაროში ცხოვრობენ ისინი. ერთის მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან. ეს უბრალოდ მიუღებელია.”
ასე აძლევს საბაბს ჩვენი პრეზიდენტი უკრაინის უმადურ ხელისუფლებას, რომ მორიგ ჯერზე ალანძღინოს ჩვენი სახელმწიფო და დააკნინოს საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული სამშვიდობო პოლიტიკა.

მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko