თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციაში მდებარე ქალაქ დეფნეში იყო.
როგორც მედია იტყობინება, მიწისძვრამ რამდენიმე დაზიანებული შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.
განახლება:
სამხრეთ თურქეთში გუშინ მომხდარი 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთსა და სირიაში 680-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 213 თურქეთში, 470 კი – სირიაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში აღმოაჩინეს. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, პოტენციურად საშიშ შენობებში არ შევიდნენ.
მედიის ინფორმაციით, ქუჩებში შიში და პანიკაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები ცდილობენ ყველაზე დაზარალებულ ტერიტორიებს მიაღწიონ, სადაც 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების კედლები ჩამოინგრა.