ნახეთ გადასახადების ჩამონათვალი, რომელზეც შეღავათები კიდევ სამი წლით გაგრძელდება

0
939
23 Views

საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისთვის და ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მოგების და ქონების გადასახადში საგადასახადო შეღავათები სამი წლის ვადით 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ იანვრამდე საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სამი წლით გადავადდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათიც. ასევე სამი წლით გადავადდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის დადგენილი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების შეღავათი.

კერძოდ, გათავისუფლდება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

პროექტის შესაბამისად, 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება იმპორტის გადასახადში არსებული შეღავათიც, რომელიც შეეხება თამბაქოს ნედლეულის იმპორტს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში, იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

ფიზიკური პირისთვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი, ხოლო განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთან, პროექტით, 2024 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება სადაზღვევო ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადასვლის დებულებები და მისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

Cesko