“ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში”- სააკაშვილის მედდა დუმილს არღვევს და მასზე განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს

0
2649
24 Views

პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ”, – ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირას” განუცხადა.

სააკაშვილის მედდამ დუმილი დაარღვია და მასზე განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მედდა აცხადებს, რომ იმყოფებოდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან წნევის გასაზომად, რა დროსაც პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი და ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას უსმენდა.

„ყველა არხი ატრიალებს ერთი და იმავეს, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ, შევლენ მაგნიტსკის სიაში, დასაჭერ სიაში და ასე შემდეგ. პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ”. ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც: „რატომ?”. ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს”, – განაცხადა მედდამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევამდე ასევე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მედდა აცხადებს, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც იგი სააკაშვილმა თავისთან პალატაში იხმო. პალატაში მყოფმა ხაჭაპურიძემ მას კითხვები დაუსვა და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ადვოკატმა განუცხადა, რომ იგი შეყვანილია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში.

„ექთანს ევალება დანიშნულების შესრულება და ამიტომ ჩემთვის იყო ცოტა გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად”, – განაცხადა მედდამ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილთან არ იმუშავებს, რადგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს.

„ჩვენი ოთახი [სააკაშვილის პალატის] მოპირდაპირე მხარეს არის და რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია – ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში.

ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – ამბობს მედდა.

ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ შეთავაზებულ ენერგორესურსებზე სააკაშვილი უარს ამბობს.

„ენერგორესურსები რაც შეთავაზებულია, თვითონ უარს ამბობს. პაციენტს იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს. იძულებითი წესით მკურნალობა არსად არ არის მიღებული და არც ჩვენს კლინიკაში“, – აცხადებს ჩხაიძე.

Cesko