მიშა გომიაშვილის აუხდენელი სურვილი – ,,ყავა და ლუდის” გადაუღებელი სერიები

0
1007
20 Views

რამდენიმე თვის წინ დიდი ხელოვანი დააკლდა საქართველოს. მსახიობი მიშა გომიაშვილი გამორჩეული და განუმეორებელი იყო თავისი თანდაყოლილი არტისტიზმით, დიდი პროფესიონალიზმით, გულწრფელობით, ჯიუტი ხასიათით, ჩაცმის სტილით, ბოემური ცხოვრებით…

საბჭოთა კავშირში ცნობილი და გავლენიანი მსახიობის, არჩილ გომიაშვილის, შვილს შეეძლო, მდიდრულად და უდარდელად ეცხოვრა. მამის დაჟინებული თხოვნით, ორჯერ გადავიდა მოსკოვში. პირველად – კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარა და მხოლოდ ორი წელი ისწავლა, მეორედ -მამის ბიზნესში ჩაერთო, მაგრამ გული ვერ დაუდო, მას თეატრი და თბილისი უყვარდა.

მიშა არ იყო მსახიობი, ვინც რეჟისორს წაეპირფერებოდა, ამიტომ თეატრში ბევრი როლი არ ჰქონია, მაგრამ, რაც ითამაშა, უზადო და დაუვიწყარი იყო. განსაკუთრებით გამორჩეული გახდა გენიალური რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სპექტაკლი “არტ ხელოვნება”, სადაც მისი პარტნიორები ზურა ყიფშიძე და ალეკო მახარობლიშვილი იყვნენ. სპექტაკლი 22 წელი უპერეცედენტო ანშლაგებით იმართებოდა მარჯანიშვილის თეატრში.

მსახიობი საქართველოსა და მის ფარგლებგარეთ ბევრ ფილმში გადაიღეს. ფართო მაყურებლისთვის კი დეტექტივ კოკა ჯაფარიძის როლით გახდა უზომოდ პოპულარული, რომელიც ტელესერიალ “ყავა და ლუდში” შეასრულა.

ბეწვის ხიდზეც ბევრჯერ გაიარა. ,,სარკესთან” არაერთხელ უსაუბრია გულწრფელად პირად ცხოვრებაზე, როლებზე. ორი შესანიშნავი შვილი დატოვა – ქალ-ვაჟი. შემოქმედებაში ბოლომდე ვერ გაიხარჯა, სამშობლობს ბედიც აწუხებდა და პირადი ტკივილებიც. 12 სექტემბერს მისი საინტერესო, ბობოქარი ცხოვრება დამთავრდა. 15 სექტემბერს კოლეგებმა, მეგობრებმა და მადლიერმა მაყურებელმა მიშა გომიაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

ჟურნალი ,,სარკე” ესაუბრა სერიალ ,,ყავა და ლუდის” მეორე რეჟისორს, ლევან კიტიას, მიშა გომიაშვილს პარტნიორებს – მაია ტურიაშვილს და ქეთი ჩხეიძეს, რომლებმაც გაიხსენეს უნიჭიერესი კოლეგა და მასთან მუშაობის პროცესი.

მაია ტურიაშვილი, მსახიობი: მე და მიშა კურსელები ვიყავით. ჯერ კიდევ გამოცდებზე შევამჩნიე თეთრი პერანგით, ღია ფერის თმით, ცისფერი თვალებით, გამორჩეული, ნათელი ბიჭი, რომელიც ძალიან ნიჭიერიც აღმოჩნდა. მეორე კურსზე ლილი იოსელიანის ჯგუფიდან ჩვენს ჯგუფში გადმოვიდა, ერთად ვაკეთებდით ეტიუდებს, სტუდენტურ სპექტაკლშიც ერთად ვითამაშეთ.

ინსტიტუტის შემდეგ მთელი ჯგუფი ფოთის თეატრში წავედით. როცა სხვა ქალაქში გადადიხარ, უფრო შესამჩნევი ხდება ადამიანების თვისებები. ფოთში ორი სეზონი დავყავით, საინტერესო სპექტაკლები ვითამაშეთ. ყველანი სასტუმროში ვცხოვრობდით. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, ზღვაზე დავდიოდით, საღამოობით ხელოვნებაზე ვსაუბრობდით.

მიშა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, როგორც ძმა. სულ ერთმანეთზე ვზრუნავდით. ძალიან წესიერი იყო, გულუბრყვილო. ისეთი არტისტი იყო, ბევრი ვერ შეედრებოდა. ეს მასში იდო, ამის სწავლა შეუძლებელია. ერთი ბეწო სიყალბე არ იყო მის შესრულებულ როლში, მაყურებელი მაშინვე გრძნობდა მიშას ემოციას, განცდებს, სიმართლეს. სწორედ ამით იხიბლებოდა და უყვარდათ.

ჩემი მეუღლის (რეჟისორი ზაზა ბუაძე, ავტ.) მეგობარიც იყო. როცა ზაზამ “ყავა და ლუდის” სცენარის წერა დაიწყო, მითხრა, მთავარ როლში მიშას ვხედავო. დიდი ბედნიერება იყო მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა. თავად ხომ ზედმიწევით მსუბუქად, იოლად ირგებდა როლს, შენც გიადვილებდა, მაქსიმალურად გეხმარებოდა. იმპროვიზაციის დიდი უნარი ჰქონდა, ტექსტების და რეპლიკების გარდა შეეძლო მიმიკით, გამოხედვით სულ სხვა სული ჩაებერა როლისთვის.

უმაღლესი კლასის პროფესიონალი მსახიობი იყო, უწესიერესი. ჩემი აზრით, სათანადოდ არ იყო დაფასებული. ხშირად ხდება ასე, ნიჭიერზე მეტად ნაკლებად ნიჭიერები ფასდებიან. ძალიან ადრე წავიდა მიშა, ასე ინება განგებამ. დიდი ტკივილი დაგვიტოვა ყველას.

ქეთი ჩხეიძე, მსახიობი: მიშა გომიაშვილი შეიძლება ერთი სიტყვით შეაფასო – დიდი არტისტი. ბუნებრივად ჰქონდა დაბერტყილი ის, რისიც სჯერა მაყურებელს და რითიც იხიბლება. თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული, მომხიბლავი ქალაქელი კაცი იყო.

ჩარჩოებში არ ჯდებოდა, რაღაცნაირი შინაგანი თავისუფლება ჰქონდა. დადგენილი წესებით არ ცხოვრობდა, ბოჰემური ცხოვრება უყვარდა. ხელოვანი ადამიანები ხშირად ასეთები არიან. ცოტა რთული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ გადაღების დაწყებამდე ან გადაღების შემდეგ ამჟღავნებდა ამ ხასიათს. გადასაღებ მოედანზე ერთი წუთი არ მახსენდება, მობილიზებული არ ყოფილიყო. სხვას თუ დაეხმარებოდა, მას დახმარება არ სჭირდებოდა.

,,ყავა და ლუდში” როცა მიმიწვიეს, ძალიან გამიკვირდა, რადგან მსახიობ ნინო ბურდულს ისეთი გმირი ჰყავდა შექმნილი, იმ გზაზე გავლა ძნელი იყო. მხოლოდ ნინოსთან საუბრის შემდეგ დავთანხმდი შემოთავაზებას.

გადასაღებ მოედანზე დამხვდა ორი ადამიანი – მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი. მათი დამსახურებაა, თუ ჩემი როლი შედგა, რადგან მაშინ არც ამდენი გამოცდილება მქონდა და, როგორც გითხარით, მაყურებელს უკვე ნინო ბურდულის მარიკა უყვარდა. ეს დიდი გამოცდა იყო და ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის დამოკიდებულებას. ერთ პატარა მიმიკას, ერთ პატარა ცერად გამოხედვას შეუძლია ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდოს.

ეს ურთიერთობა რომც არ მქონოდა და ერთ თეატრში ყოფნის ბედნიერება, მაინც უზომოდ დამწუხრებული ვიქნებოდი, რადგან თეატრალურმა სამყარომ დიდი მისახიობი დაკარგა.

ბოლოს თემურ ჩხეიძის დაკრძალვაზე შევხვდი. მანამდე ცოტა ხნით ადრე მიშა დავარდა, თავი ჩამოკრა რაღაცას და თვალი დაიზიანა. დიდხანს ვილაპარაკეთ. ძალიან შეშინებული იყო. თვალი მსახიობისთვის ბევრს ნიშნავს. მითხრა, მაიმედებენ, ოპერაციის შემდეგ მხედველობა აღგიდგებაო. არ მომეწონა მისი მდგომარეობა, შემცბარი იყო, მოტეხილი, თან თემურის გარდაცვალებით დათრგუნული, რადგან თემურ ჩხეიძე გახლდათ მისი დიდი საყრდენი და მეგობარი. მისი ეს მდგომარეობა გულზე ცუდად მომხვდა და გამყვა შეშფოთება.

ჩვენ რატომღაც ვერ ვახერხებთ, ადამიანს ხშირად ვუთხრათ, რომ გვიყვარს, გვეძვირფასება. გვგონია, დიდი დრო გვაქვს ამისთვის. დრო კი, სამწუხაროდ, თვალსა და ხელშუა გადის.

სწორედ თემურ ჩხეიძის “არტ ხელოვნება” იყო ის უნიკალური სპექტაკლი. ვინ ვის ასწრებდა ნიჭიერებაში, ვერ იტყოდით, ისეთ საოცრებებს ატრიალებდა სამი კაცი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, რა თქმა უნდა, თემურ ჩხეიძის გენიალური რეჟისორობით. მიშა გომიაშვილის გარდაცვალებით “არტ ხელოვნების” ეპოქაც დამთავრდა.

ლევან კიტია, რეჟისორი: სერიალის სცენარი რეჟისორ ზაზა ბუაძეს ეკუთვნის. მას უნდოდა, გადაღება “პირველ არხს” დაეწყო და შესაბამის მოლაპარაკებას აწარმოებდა. მიუხედვად იმედისმომცემი დაპირებისა, “პირველმა არხმა” სხვა სერიალის გადაღება არჩია. ზაზას საპილოტე სერია უკვე მზად ჰქონდა. ასე რომ, გაწბილებული დარჩა.

იმ პერიოდში “ტელეიმედი” ფეხს იდგამდა. დამფუძნებელის მოთხოვნა იყო, სერიალებზე მუშაობა დაგვეწყო. შევარჩიეთ ფლაგმანი სერიალი „ცხელი ძაღლი“, რომლის სცენარი დატოვა ნუგზარ შატაიძემ და გოგი ჯანდიერმა. გეგმაში ჰქონდა სტუდიური კომედიური სერიალის გადაღება, რომელსაც დიდი წინასამზადისი სჭირდებოდა. მე ვიყავი მიმართულების პროდიუსერი.

ამ დროს შევხვდი ჩემს მეგობარ ზაზა ბუაძეს და მომიყვა თავისი იმედგაცრუების შესახებ. მოვკიდე ხელი და მივედით გენერალურ პროდიუსერ ოთარ შამათავასთან, რომელსაც აქვს ერთი ფანტასტიკური თვისება – თუ გაგიგო და ნახევარი სიტყვიდან დაინტერესდა, მოგყვება ბოლომდე. ოთარს მოეწონა იდეა. მართალია, ფინანსები არ იყო, მაგრამ გადაწყდა, სტუდიური სერიალისთვის განკუთვნილი ფული გამოგვეყენებინა და დავიწყეთ.

მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერი ვიყავი, დავჯექი მონტაჟის რეჟისორად. ბატონი გოგი გეგეჭკორი, რომელსაც უნდა ეთამაშა, უკვე გარდაცვლილი იყო. შევცვალეთ კარლო საკანდელიძით. მარიკას როლი მარი ჯანაშიას უნდა ეთამაშა, მაგრამ ცოტათი ასაკი აღარ უწყობდა ხელს. ასეთ ვითარებაში შემთხვევით შევხვდი ნინო ბურდულს და ისიც ავიყვანეთ.

პირველმა სერიამ, როგორც იტყვიან, ისე გაისროლა, ისეთი ინტერესი წამოვიდა მაყურებლის მხრიდან, მივხვდით, მიზანში მოვარტყით. ეს მსახიობთა კრებულის დამსახურება იყო, პირველ რიგში, მიშა გომიაშვილის, რომელმაც შექმნა პროკურატურის გამომძიებლის განსხვავებული, ბრწყინვალე სახე – განათლებული, იუმორით სავსე, ალღოიანი, გამორჩეული მანერებით, ჩაცმით. ერთი სიტყვით, მიშა შეუდარებელი იყო! ალბათ ასეთი მომხიბვლელი გამომძიებლის სახე არავის არასოდეს შეუქმნია. მიშას, მარიკას, ჟურიკას ტრიო იყო განუმეორებელი.

სერიალში რომანტიკული ნოტებიც შევიტანეთ, თუმცა ისეთი დოზით და ისეთი ხარისხით, რომ ბანალური არ ყოფილიყო. მიშა ახერხებდა გრძნობების ისე გადმოცემას, რომ მაყურებელს არც მის ოჯახურ ერთგულებაში შეჰპარვოდა ეჭვი და არც ამ რომანტიკული გატაცებისთვის გაეკიცხა.

მიშა საოცარი მსახიობი იყო, ასეთი ორგანული არც არავინ შემხვედრია. ვამბობდი ხოლმე, იგი შეიძლება ცალი ფეხით ჩამოკიდო და ჰამლეტის მონოლოგის წაკითხვა დაავალო, ამას ისე შთამბეჭდავად შეძლებს, გაგაოცებს-მეთქი. მსახიობთაგან ზოგი მაყურებელს გრძნობს, ზოგი კი კამერას. მიშას ორივე შეეძლო. ცოტა გაჭინჭყლება იცოდა, ამა თუ იმ ეპიზოდზე თავის ვერსიას გვაწვდიდა. ბოლოს მისი ვერსია უფრო საინტერესო გამოდიოდა, მაგრამ ახსნა-განმარტების შემდეგ ჩვენც მოგვყვებოდა.

საშინლად მაწამებდა თავისი სიგარეტით, დიდ ყურადღებას აქცევდა. იტყოდა, წინა დუბლში ნახევრამდე იყო დამწვარი, მოიცადეთ, ნახევრამდე მოვწევ და იქიდან გადავიღოთ ახალი დუბლიო.

მიშას უყვარდა დალევა, აწყვეტა, თავის სამყაროში თავით გადაშვება. ზოგჯერ ცუდად გამხდარა, გადაღება გადადებულა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. ამდენი სერიის განმავლობაში სულ ორი-სამი ასეთი შემთხვევა მახსოვს. ზოგადად არ ეტყობოდა ნაბახუსევი, თავად ზოგჯერ იტყოდა, მსხვილი კადრით არ გადამიღოთ, ფორმაში არა ვარო.

2005 წლიდან მე კიევში გადავედი. ამ პერიოდში ნინო ბურდული ქეთი ჩხეიძემ შეცვალა. მიშკამ ეს შეცვლაც ბუნებრივად მიიღო. ის ისეთი მსახიობი იყო, საქართველოში მისი სტანდარტის სულ რამდენიმე მეგულება, ამიტომ მის გვერდით ყველა კომფორტულად გრძნობდა თავს. იმდენად ჰქონდა გათავისებული სერიალის გმირი, ზოგჯერ ცხოვრებაშიც კოკა ჯაფარიძე იყო.

სერიალი დამთავრებული იყო, როცა დავრეკე და მის მეუღლეს ვკითხე, რას შვრება-მეთქი. ზის და “ყავა და ლუდს” უყურებსო. გამეცინა, კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა ნახოს-მეთქი. არა, უბრალოდ ზის და თავის ცხოვრებას უყურებსო.

მანქანით რომ ჩავივლიდით, ქუჩაში პატრული ხელს უწევდა, ესალმებოდა, როგორც წოდებით უფროსს. ერთხელ ჩემი მანქანით მივდიოდით, ცალმხრივ ქუჩაზე ძალით ჩამახვევინა. პატრულმა გაგვაჩერა, მიშამ ფანჯრიდან თავი გადაყო, ხელი აუწია – ეს ჩემთან არის, გაგვატარეთო.

ბოლო სეზონი ვეღარ გადავიღეთ. ორი სერია გადაღებული იყო უკვე, როცა 2007 წელს “იმედის” ცნობილი დარბევა მოხდა და მთელი მასალა დაიკარგა, რაც ძალიან დასანანია. სერიალში საინტერესო ამბები იწყებოდა. კოკა ჯაფარიძე უკვე პენსიაზე იყო პროკურატურიდან, მუშაობდა დიდი ბანკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, ჟურიკა ისევ პროკურატურაში რჩებოდა. ასეთი კადრით იწყებოდა: კოკა არის თავის აგარაკზე, წამოწოლილი ჰამაკში, ჟურიკა სტუმრადაა მასთან. კოკა ეუბნება, რომ პენსიაზეა, ბანკში სიმშვიდეა, ყაჩაღებს, მკვლელებს აღარ დასდევს, არაფერი აწუხებს. ჟურიკა კი პასუხობს, ვიცი, შენ მაინც ვერ ისვენებო.

გადავიღეთ ეს სცენა და მოვდივართ მანქანით. უცებ მეუბნება, ბიჭო, მე კი ვეტყვი, მაგრამ შენ რომ ეტყვი, მაინც სხვააო. ვერ მივხვდი, ვისთან მთხოვდა საქმის ჩაწყობას. ვის რა ვუთხრა, მიშა-მეთქი. ზაზას უთხარი (ზაზა ბუაძე), ამ სცენარში პენსიაზე რომ გამიყვანა, ჩემნაირი კაცის პენსიაზე გაშვება არ შეიძლებაო. მეუბნებოდა, სპექტაკლის დადგმა არ გინდა, მე რომ მათამაშოო. გულში მართლა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა.

2012 წელს ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინ ერთ ჯგუფთან მოვყევი, “ყავა და ლუდის” გაგრძელების გადაღება მინდა-მეთქი. სიუჟეტიც მზად მაქვს, მარიკა ბრუნდება ამერიკიდან, არის ხმალამოღებული ნაცი. პროკურატურიდან გაშვებული კოკა არის ხმალამოღებული ქოცი, შუაში კი პატიოსანი ჟურიკა, რომელიც ამათ შერიგებას უნდება. ეს იქნებოდა მთავარი ხაზი, დეტექტივებს კი მოვიფიქრებდით.

ამასობაში წლები გავიდა და გავიგეთ, რომ “პირველ არხზე” გამოცხადდა კონკურსი. მირეკავს მიშა, ბიჭო, შენ რომ გქონდა იდეა, მოდი, მივიდეთ “პირველ არხზეაო”. ვუთხარი, არ გააკეთებენ-მეთქი. მე წავალ და დაველაპარაკებიო. წავიდა, შეხვდა ხელმძღვანელობას და მითხრა, შევთანხმდით, გადაიღებენო. ვიფიქრე, ვინ უნდა დაწეროს სცენარი-მეთქი. მაშინ ზაზა ბუაძე და გიო ახვლედიანი წერდნენ, ახლა ზაზა კიევში იყო გადასული. ბევრი ფიქრის შემდეგ დავურეკე ბექა ქურხულს, ვინც დღეს ძალიან მაგარია. დაიწყო მუშაობა და კვლავ იგივე მოხდა, რაც სულ თავიდან, “პირველმა არხმა” სხვა სერიალის გადაღება დაიწყო. ძალიან გულგატეხილი დარჩა.

წავიდა ჩვენი მეგობარი, გენიალური მსახიობი ჯერ კიდევ ახალგაზრდა. ვერაფერს ვიზამთ, ასეა ეს სამყარო მოწყობილი. მიდიან დიდებული ადამიანები და მოურჩენელ ტკივილს ტოვებენ.

წყარო: sarkenews.ge

Cesko