ნანა კაკაბაძე – კელი დეგნანი აშშ-ს ელჩია, თუ საქართველოს დირექტორი

0
546
21 Views

ქ-ნო ელჩო, თქვენი შეხსენების გარეშეც ვიცით, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია. მინიშნება იმაზე, რომ დეოკუპაციის მიღწევამდე რა დროს ფრენების აღდგენაა, ან რა დროს ეკონომიკის, კულტურის განვითარება ან საკუთარი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა, რაღაც ახალია. ერთი შეხედვით, ჯანსაღ ლოგიკას მოკლებულია და არაკეთილმოსურნის უხეშ ჩარევად გამოიყურება – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამერიკის ელჩმა მორიგი გამაოგნებელი განცხადება გააკეთა. უკვე მერამდენედ, ქართველი ერის სახელით დაიწყო საუბარი.

„კელი დეგნანი აშშ-ს ელჩია, თუ საქართველოს დირექტორი? ამერიკის ელჩმა, მორიგი გამაოგნებელი განცხადება გააკეთა.

უკვე მერამდენედ ქართველი ერის სახელით დაიწყო საუბარი. რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი რეისების აღდგენა ქვეყნის დეოკუპაციას დაუკავშირა და განაცხადა – ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე მეტად ქართველებს რუსეთის მიერ საქართველოდან ჯარების გაყვანა გაუხარდებათო.

ქ-ნო კელი, რა კავშირშია დეოკუპაცია და პირდაპირი ფრენა რუსეთთან? შეგახსენებთ, რომ პირდაპირი რეისები რუსეთმა 2019 წელს, გავრილოვისადმი გამოჩენილი პოზიციის საპასუხოდ აკრძალა. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება.

თუ კი დღეს, რუსეთი თვითონვე გვიხსნის მისსავე დაწესებულ სანქციას, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი სასჯელის მოხსნაზე? ქ-ნო ელჩო, თქვენი შეხსენების გარეშეც ვიცით, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

მინიშნება იმაზე, რომ დეოკუპაციის მიღწევამდე რა დროს ფრენების აღდგენაა, ან რა დროს ეკონომიკის, კულტურის განვითარება ან საკუთარი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა, რაღაც ახალია. ერთი შეხედვით, ჯანსაღ ლოგიკას მოკლებულია და არაკეთილმოსურნის უხეშ ჩარევად გამოიყურება.

ელჩის ამ არაკორექტულ, არადიპლომატიურ და რაც მთავარია, საქართველოს ინტერესების საზიანო რჩევას, მყისიერად გამოეხმაურნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი კოლექტიური ნაციონალები.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნის ელჩის ჩარევის გამო უხერხულობა ეგრძნოთ, განაცხადეს – ხომ ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ისე გათავხედდა, „მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ გაანაწყენა და ელჩის პირით გვეუბნება, თქვენ წითელი ხაზები გადალახეთო.

აშკარაა, რომ ნაცები მართლა საქართველოს დირექტორად ან ცკ-ს მეორე მდივნად აღიქვამენ ჩვენს ქვეყანაში წარმოგზავნილ ამერიკის ელჩს, რითაც ჩანს, თუ როგორ ესმით „დამოუკიდებლობა და თავისუფლება“. სინამდვილეში სწორედ ელჩმა გადალახა წითელი ხაზები.

თითი დაგვიქნია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება უკვე მერამდენედ მოგვთხოვა. რაც შეეხება პირდაპირ რეისებს რუსეთთან, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს აუკრძალავს. ყოველთვის პირიქით იყო, სავიზო შეზღუდვებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს რუსებმა ცალმხრივად დაგვიწესეს. საზღვარზე სააკაშვილი პირადად, დემონსტრაციულად ხვდებოდა რუსებს კეთილგანწყობის გამოსახატავად და მათ ქვეყანაში ეპატიჟებოდა.

გასაგებია, რომ ქვეყნის უმთავრესი მიზანი დეოკუპაციაა. ამ პრობლემის მოგვარებაში ეფექტურ დახმარებას, ჩვენ სწორედ სტრატეგიული პარტნიორისგან ველოდით. თუმცა აქამდე მოლოდინი მოლოდინად რჩება.

კელი დეგნანს ვურჩევდით უფრო კონკრეტულად გვითხრას, რა გზით წარმოუდგენია საქართველოს დეოკუპაცია და რა დააკლო ხელისუფლებამ ამ მიზანს.

ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები ქ-ნ დეგნანს თითქმის არასოდეს მოსწონს, ლოგიკურად (და მის მიერ დაფიქსირებული განცხადებებიდანაც) გამოდის, რომ ის ამისთვის უკრაინულ გზას გვთავაზობს. ამ გზას კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა.

მიუმხრობლობა განაპირობა არა შიშმა, არამედ მწარე გამოცდილებამ, უშედეგოდ გაღებულმა მსხვერპლმა ჩვენი გენოფონდისამ. აღარ გვსურს იმავეს განმეორება! ხალხის განწყობა კარგად იცის კელი დეგნანმა, ამიტომ არა პირდაპირ, არამედ სხვაზე დაყრდნობით ხშირად აჟღერებს საკუთარი ქვეყნის პოზიციებს, რომელიც არანაირად არ მოდის თანხვედრაში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებთან. მაგალითად, დასავლეთის გარკვეულ წრეებში „დემოკრატიის შუქურად“ მიჩნეულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ განუცხადებია ელჩს, რომ ხელისუფლება მის რეკომენდაციებს „ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს“.

საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება ასეთი განცხადებების მიზნებსაც და ქვეტექსტებსაც. კერძოდ, აშკარაა, რომ ამერიკის ელჩი სააკაშვილის განთავისუფლების სურვილის პირდაპირ გამჟღავნებას ვერ ბედავს. ადრე ლომჯარიას პირით გვესაუბრებოდა. ელჩი პირდაპირ აცხადებდა, რომ ლომჯარიას მისი (ანუ აშშ-ს) 100%-იან ნდობა აქვს, ის არ ერიდებოდა იმგვარ უხერხულობასაც კი, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთ დისკრედიტებულ სახალხო დამცველს უცხადებდა ნდობას, რომელსაც ქვეყნის შიგნით (და მით უმეტეს, პატიმრებს შორის) თითქმის 0%-იანი ნდობა გააჩნდა.

არადა, ხომ ცხადი იყო, თუ რატომ ცდილობდა სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების გამოყენებით „განსაკუთრელბული პატიმრის“ განთავისუფლებისთვის არასამართლიანი გზების მოძებნას.

ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მეგობრები ხედავენ, სააკაშვილი ის ერთადერთი ადამიანია, რომლის გარეშეც ვერ ხერხდება საქართველოში სიტუაციის არევა და აქ მეორე ფრონტის გახსნა. კელი დეგნანს არასოდეს უცდია სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედა, სააკაშვილისთვის მოეწოდებინა, რომ მას თავი დაენებებინა შეგნებული თვითდაზიანებისათვის. სიმულირებული ავადმყოფობის საბაბით ხელი აეღო განთავისუფლების მიღწევის მცდელობისგან.

სამწუხაროდ, თავისი არადიპლომატიური, უსამართლო განცხადებებით ქ-ნი ელჩი ფაქტობრივად არაპირდაპირ აყენებს ხოლმე სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნას, რაც ღია წინააღმდეგობაშია როგორც სამართალთან ისევე ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან და წარმოადგენს ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Cesko