21 Views
15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალება მთელი საქართველოსთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. კიკაბიძე სახალხოდ გამოჩენის დღიდანვე ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა. რაც შეხება მის ცხოვრებას თურმე ის ძალიან მძიმე ბავშვობით დაწყებულა. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელების“ არქივიდან მომღერალ ბუბა კიკაბიძის ინტერვიუს, რომელშიც ის ბავშვობასა და რთულ პერიოდს იხსენებდა.
– ჩვენი თაობა ძალიან დიდ გაჭირვებაში გაიზარდა. 24 საათი მშივრები ვიყავით. ეზოში თითქმის ყველას მამა ომში იყო წასული და მათი უმეტესობა აღარც დაბრუნებულა. მამაჩემიც იქ დაიღუპა, ქერჩში. სინათლე არ იყო, ლამპის შუშა და სანთელი გვქონდა. დიდ ეზოში ვცხოვრობდით, მგონი, 15 ნაციასთან ერთად. ერთი ფრანგი გვყავდა, ძია გრიშა, რომელზედაც ბავშვები ამბობდნენ, კატლეტს მარილის მაგივრად შაქარს აყრის, საფრანგეთში თურმე ეგრე ჭამენო. კატლეტი ჩვენ მაშინ გასინჯულიც არ გვქონდა. იყო დეიდა რაია, რომელიც ღამღამობით დიდი თანამდებობის პირებს ტორტებს უცხობდა – შეკვეთებს აძლევდნენ. მე ვუყვარდი, დილით დამიძახებდა და კრემიან ჯამს ამოსატლაკად მაძლევდა. მთელი ბავშვები ვგროვდებოდით და ჩვენი ჭკუით, ვქეიფობდით (იცინის). ჩვენი ყველა თამაში ომზე იყო აწყობილი. არავის უნდოდა, გერმანელი ყოფლიყო. ვიჭერდით და მიგდებულ სარდაფში ვკეტავდით. ერთხელ სამი ბავშვი დაგვავიწყდა და ჩაკეტილი დავტოვეთ. მშობლები ეძებდნენ, დიდი ამბავი იყო. მერე გაგვახსენდა, რომ ჩაკეტილები გვყავდნენ და გავათავისუფლეთ (იცინის). ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ქუჩაში გადავედით. ერთმანეთის პატივისცემა გვქონდა. თუ ჩხუბი მოხდებოდა, გოგოს გულისთვის, მერე შევრიგდებოდით. სიგარეტს რომ ვეწეოდით, სახლში მისვლის წინ, ნიორს ვჭამდით დედებს სუნი რომ არ ეგრძნოთ. ვისაც ორი შარვალი ჰქონდა, ის მდიდარი ოჯახის შვილად ითვლებოდა. ნაღდ ბიჭს ერთი შარვალი და ფეხსაცმელი უნდა ჰქონოდა. – ბავშვობა დრამატულად გახსენდებათ? – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გაჭირვება იყო, ყველაფერი რომ მოვყვე, დღეს შეიძლება, არც დაიჯერონ, სულიერება იყო. ერთი სადღესასწაულო კერძი გვქონდა. დედა ძველ შავ პურს პატარა ნაჭრებად ჭრიდა, ზეთში წვავდა და პურს პურს ვატანდით, ის ვითომ ხორცი იყო. ძალიან მძიმე დრო იყო, მაგრამ ბედნიერად მახსენდება. იმიტომ რომ სიყვარული იყო. – მამის გარეშე გაზრდა დედისთვის რთული და ძალიან საპასუხისმგებლო იქნებოდა. – უმამოდ გაზრდილი ბიჭი ცოდოა. მაგრამ უდედოდ – უარესი. ომი დიდხანს გაგრძელდა და მივეჩვიეთ, რომ მამები არ იყვნენ. დედები დილით რომ გადიოდნენ, საღამოს ლუკმა მოჰქონდათ. ჩვენ ქუჩაში ვიზრდებოდით. ბორბლებიანი ჯიხურები იყო, ომის შემდეგ კანფეტებს ჰყიდნენ. პატარები ვიყავით, მაგრამ ეს ჯიხური მთლიანად მოვიპარეთ და ერთი კვირა კანფეტებს ვჭამდით (იცინის). მერე ვიღაცას წამოსცდა, მილიცია მოვიდა, ჯიხური წაიღეს, მაგრამ რატომღაც სათანადოდ არ დაგვსაჯეს. ალბათ, ყველაფერი გაითვალისწინეს. სკოლაში მე და ჩემი ბიძაშვილი – ჯანო ბაგრატიონი ერთ კლასში ვსწავლობდით. მე მესამეში დამტოვეს. ბებიამისმა ჯანოს ჩემთან ერთად კინოში სიარული აუკრძალა, რადგან ჩარჩენილი ვიყავი (იცინის). მერე დამტოვეს მეექვსეშიც, მერვეშიც. ორი წლით გარიცხული ვიყავი „მგლის ბილეთით“ და ტექნიკურ სასწავლებელში მომაწყვეს. იქ უფროსები სწავლობდნენ. კარგი იმით იყო, რომ დღეში სამჯერ გვაჭმევდნენ (იცინის). ჩემი ბიჭი პირველად რომ წავიდა სკოლაში, ეგონა, ერთი დღით იყო. დილით ვწევარ და მესმის, რომ ადგომა არ უნდა. ცოლი ეუბნება, კოკა, არა გცხვენია, მამაშენი 14 წელი დადიოდა სკოლაში და შენ ორი დღე არ გინდა იაროო? (იცინის) რომ წამოიზარდა, მკითხა – ამდენ ხანს რატომ სწავლობდიო და ვუპასუხე: ისე მიყვარდა, ვერ შეველიე-მეთქი (იცინის). ერთი ხუთიანი მქონდა რუსულში, დანარჩენში – ორები.
– თქვენი კარიერა როგორ დაიწყო? – ჩემი ორი მეგობარი უცხო ენებში სწავლობდა, მითხრეს, გამოსაშვები საღამო გვაქვს და კონცერტი უნდა გავაკეთოთო. ბიჭები არ ჰყავდათ ჯგუფში და იქნებ, ორი სიმღერა იმღეროო. ვიმღერე ის ორი სიმღერა. კონცერტს რექტორი ესწრებოდა. უკითხავს და, როცა გაიგო, მათთან არ ვსწავლობდი, უთქვამს: არ უნდა, რომ ისწავლოსო?! სწავლის დაწყებიდან ორი დღე ვიყავი აუდიტორიაში და მას მერე აღარ შევსულვარ. სულ რეპეტიციებზე დამათრევდნენ. კონცერტებიდან ახალგაზრდებმა გამიცნეს. მეც მივხვდი, რომ სიმღერა გამომდიოდა. მინდოდა, ფილარმონიაში გავესინჯე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელგაშლილი დამხვდებოდნენ და ინსტიტუტიდან წამოვედი. ორი სიმღერა ვიმღერე, ხრინწიანი ხმა აქვსო და არ მიმიღეს. ინსტიტუტში ხომ აღარ მივბრუნდებოდი, ამათაც „დამბრაკეს“ და რა ვქნა, თავი მოვიკლა-მეთქი?! ამ დროს დარეკა კომისიის ერთმა წევრმა – ვახტანგ გოჩიაშვილმა, ჯგუფი მიმყავს რუსეთში და გვარს თუ გამოიცვლი წაგიყვან გასტროლზეო. დედას ვკითხე, რა გვარზე წავიდე-მეთქი და ჩემ გვარზე უკეთესი რომელი იქნებაო. პროგრამაში დაწერეს ვახტანგ ბაგრატიონი და ერთადერთი სტატია, რომელშიც მაგინებდნენ, იყო როსტოვში. ბოლოს გამოვიდა ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი და მიკროფონში ბღაოდა ხრინწიანი ხმითო. შემდეგ ფილარმონიაში მომიკითხეს, გამაფორმეს და პროფესიონალურ სცენაზე პირველად გამოვედი. მერე იყო „დიელო“, რამდენიმე წელში – „ორერა“. უკვე ქუჩაში მცნობდნენ, კინოსტუდიიდან რომ დამირეკეს: თქვენი გადაღება უნდა კინოში კოლია სანიშვილსო. ფილმში – „შეხვედრა მთაში“ ოთხი მთავარი როლი იყო. ლეილა აბაშიძე და თენგიზ არჩვაძე, მე და ლალი მესხი ვასრულებდით. ვიფიქრე, რადგან ფილმში გადამიღეს, ახლა სცენარების რიგი დადგება-მეთქი, მაგრამ ოთხი წელი არავის დაურეკავს. ალბათ, ჩემი საქმე არ არის-მეთქი, ხელი ჩავიქნიე. ოთხი წლის შემდეგ, მოსკოვიდან გაისმა ზარი რეჟისორ გიორგი დანელიასგან, მთავარ როლზე უნდა თქვენი გასინჯვაო. ძალიან მომწონდა კინემატოგრაფი, მაგრამ იმხელა პაუზის შემდეგ, უკვე აღარ მჯეროდა, რომ გადამიღებდნენ. „არ დაიდარდოს“ სცენარი მომცეს. ძალიან მომეწონა, ცრემლები წამომივიდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა გასინჯვიდან და არ დამირეკეს, ძალიან დამწყდა გული. მესამე დღეს დარეკა დანელიამ და თავისებური სინჯები დაიწყო – ნათესავების ოჯახებში დავყავდი (იცინის). თურქეთში მივდიოდი გასტროლზე, ცოტა დრო მქონდა და ძალიან ძნელი სცენის გადაღება დანიშნა. გადავიღეთ და წავედი. ვეებერთელა დარბაზებში გამოვდიოდით, იქაური ქართველები მოდიოდნენ ტირილით, პურმარილით, თან გვყვებიან, სულ დამავიწყდა ფილმი. რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ მთავარ როლზე დამამტკიცეს. გამოვიდა ფილმი და უამრავი პრემია მიიღო, დაიქცა მთელი მოსკოვი, მსოფლიო კინოფესტივალზეც გაუშვეს. აი, მერე წამოვიდა სცენარები, ოთხი წლით ადრე რომ ველოდი. – ასეთი გაჭირვებული ცხოვრების ფონზე, ეს ყველაფერი რომ დაიმსახურეთ, ალბათ, ძალიან ემოციური იყო. – ჩვენ „პადვლის მომღერლები“ ვართ. ასე ვეძახი ჩემს თავს, ნანი ბრეგვაძეს… იქიდან ამოვედით. ნანი ერთადერთია ჩვენი გუნდიდან, ვინც კონსერვატორიაში ისწავლა. ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია და უსწავლებია. უკვე ჩამოყალიბებული კაცი ვიყავი, პირველი ბინა რომ ავიშენეთ. რვა კვადრატულმეტრიან კორიდორში ვიზრდებოდი. ორივე მხარეს ჩაჭედილი კარი ჰქონდა და მეზობლები ცხოვრობდნენ. ფანჯარა არ გვქონდა, კარი სულ ღია იყო, რომ ჰაერი შემოსულიყო. პირველ სახლში საერთოდ ბეტონის იატაკი იყო და დღემდე ფეხები მტკივა. ვისაც პურის ნამცეცები მოუგროვებია მაგიდაზე და გადაყრის ნაცვლად პირში ჩაუყრია, ცხოვრება მას აქვს ნანახი. – დედისთვის შეძელით იმ ცხოვრების კონპენსირება? – ბედნიერებაა, როცა გრძნობ, რომ ხალხს უყვარხარ. დედა მოესწრო ამ ყველაფერს. სულ მეუბნებოდი, როგორ არ გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით რომ გამოდიხარ სცენაზეო. მაგრამ ბოლოს, ეტყობა, იფიქრა: რადგან ბილეთებს იღებენ და კონცერტებზე დარბაზი სულ სავსეა, ეტყობა, რაღაც არის და მე არ მესმისო. მერე აიტეხა – მე და შენ დუეტი უნდა ჩავწეროთო. დედას ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. ადამიანს ჰგონია, დედა სულ ცოცხალი იქნება და ვეუბნებოდი ხოლმე, მერე, მერე-მეთქი. ისე წავიდა, რომ ვერ ჩავწერეთ. გეგონება, ღმერთმა დამსაჯა ისე ჩამრჩა ეს გულში.
წყარო : tbiliselebi.ge