21 Views
“ყველას გამოგვადგება ამის ცოდნა:
საქართველოში ნელნელა იწყება ტრადიციული საყოველთაო კომა ორმაგი დღესასწაულებით და კუჭ-ღვიძლ-ტვინის 3 კვირიანი ეროვნული განადგურება.
თუ გადაურჩით ჰიპერ-ნიგვზემიურ შოკს საცივების, ბაჟეების, გოზინაყების, ჩურჩხელების ზედოზირებით, მაინც დაგრჩებათ შემდეგ პრობლემასთან შერკინების მრავალჟამიერი
“პ ა ხ მ ე ლ ი ა”
რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ შევამციროთ ნაბახუსევის (პახმელია) სიმპტომები:
არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლით! ამით უბრალოდ ნაბახუსევის დისკომფორტს იმ მომენტში იყუჩებთ, თვით ნაბახუსევი მაინც დაგეწევათ, უბრალოდ ცოტა გვიან და უფრო მძაფრად.
ალკოჰოლის გადამუშავებისას წარმოიქმნება ეთანოლზე გაცილებით ტოქსიკური მეტაბოლური პროდუქტები, პირველ რიგში აცეტალდეჰიდი
თუ არ გაგიმართლათ, თქვენს ალკოჰოლს შერეული ექნება მეთანოლი. მისი მეტაბოლური პროდუქტები ჭიანჭველას მჟავა (formic acid) და ფორმალდეჰიდი ძალიან ძალიან ტოქსიკური ნივთიერებებია.
ამ მხრივ ყველაზე სუფთა ალკოჰოლად კარგად დესტილირებული არაყი ითვლება.
ალკოჰოლი არის ძლიერი შარდმდენი, რაც ყველამ კარგად ვიცით
შარდით ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და ასევე უმნიშვნელოვანეს მინერალებს (ნატრიუმს, მაგნეზიუმს, კალიუმს…)
ამიტომ სადღეგრძელოებს შორის არ დაიზაროთ წყლის დალევა, იდეალურ შემთხვევაში ეროვნული მინერალური წყლის – ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე და სხვა საკურორტო ჩამოსხმები.
ძილის წინაც დალიეთ გემრიელად მინერალური წყალი.
ტუალეტში სირბილი ისედაც არ აგცდებათ
თავის ტკივილის, ფსიქოლოგიური დისკომფორტის ერთერთი წამყვანი მიზეზი ზუსტად ძლიერი დეჰიდრატაცია და მინერალებისგან გამოფიტვაა.
ნაბახუსევის პათომექანიზმში დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც ერთგვარ ანთებით რეაქციას იწყებს ჩვენს წინააღმდეგ, გამოყოფს ინტერლეიკინებს და სხვა ციტოკინებს (ანუ ანთებით ნივთიერებებს)
აქ უკვე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სხეული ალკოჰოლს მტრად აღიქვამს და მას სერიოზულად უპირისპირდება. ჩვენ კი ამას ვგრძნობთ დაღლილობით, ტკივილით, თავბრუსხვევით, უხასიათობით და ასე შემდეგ.
გაღვიძებისას აუცილებლად მიიღეთ
0,5 – 1 ლიტრი მინერალური წყალი.
თავის ტკივილის თერაპიაში ყოველთვის ერიდეთ ასპირინს (სისხლდენის რისკი!!)
პარაცეტამოლი შეიძლება, უბრალოდ ღვიძლია ცოდო.
ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ძალიან ეფექტური ანტიემეტური (გულის რევის საწინააღმდეგო) ნივთიერებებით არის სავსე ჯინჯერი, იგივე ჯანჯაფილი. დააყენეთ ჯინჯერის ჩაი და წრუპეთ.
თან დაატკბეთ, რომ დიდი ალბათობით დაწეული გლუკოზის კონცენტრაცია აიწიოს და აზრზე მოხვიდეთ.
ნაბახუსევის საუკეთესო, 100%-იანი ეფექტურობის თერაპია არის და რჩება ალკოჰოლის და მასში შემავალი შხამების საერთოდ არ მიღება.
ისე ზოგადად, ალკოჰოლი/ეთანოლი არის უჯრედების შხამი (cell toxin) და მისი არცერთი წვეთი არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი!
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!”