სააკაშვილი თუნდაც მარტო დედაჩემის გამო უნდა ჩაკვდეს ციხეში! – დავით გაიხარაშვილი

0
6930
17 Views

სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ ინსპირირებული ციხის ბუნტის დროს სპეცრაზმელებმა ავტომატის კონდახებით ძვლები დაულეწეს. სასწაულებრივად გადარჩა მაგრამ სამუდამოდ ინვალიდად იქცა – ქვედა კიდურებში ძლების მაგივრად ლითონის ღერები უდევს.

დედამისმა, ქეთევან გიგაურმა სარჩო-საბადებელი გაყიდა, რათა დამსხვრეული ძვლების ნაწილი ექიმებს ლითონის ქანჩებით შეეკოწიწებინათ. ქალს უკვე მეორე შვილი უკვდებოდა…

ამიტომ თავი გადადო ციხეში მყოფი შვილის დასაცავად, პატიმრების დედების მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. თავგანწირული მოქალაქეების მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად რეჟიმი დამარცხდა და ახალი ხელისუფლება მოვიდა. დაინვალიდებული დათო გაიხარაშვილი ციხიდან გათავისუფლდა, მაგრამ რეპრესირებული და ნაწამები მოქალაქეების რეაბილიტაციის ნაცვლად, ხელისუფლებამ მათ ჯალათებთან კოაბიტაცია გააჩაღა. უსახლკაროდ და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილ ინვალიდ ყოფილ პატიმარს უეჭველი სიკვდილი ემუქრებოდა, კეთილ ადამიანებს ის დედამისთან ერთად სამკურნალოდ გერმანიაში რომ არ გაემგზავრებინათ. უცხო ქვეყანამ დათო გაიხარაშვილს მისცა ყველაფერი, რასაც სამშობლოში ვერ ეღირსა – წამების მსხვერპლად აღიარა, გამოუყო სახლი, ცნობილ კლინიკებში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთა… დათო გადარჩა, მაგრამ სამშობლოზე ნოსტალგიამ გათანგა ოჯახი.

დედამისს უკურნებელი სენი შეეყარა და შორიდან ამაოდ ეხვეწებოდა საქართველოს ხელისუფლებას, ისე არ მომკლათ, შვილების საფლავებზე სანთელის დანთება ვერ შევძლოო, მაგრამ დამნაშავეებთან კოაბიტირებულ მმართველ პარტიას არ ესმოდა იმის ხმა, ვინც საკუთარი ზურგით მოიყვანა ხელისუფლებაში. ქეთევან გიგაურმა უცხოეთში მიაბარა ნაწამები სული უფალს… ვითარება შეიცვალა. რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილი ამჯერად თავად აღმოჩნდა ციხეში, თუმცა, მისი რეჟიმისგან განსხვავებულ, სასათბურე პირობებში. მაინც არ ისვენებს და მომხრეებს ახალი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს.

დავით გაიხარაშვილს სააკაშვილის შიმშილობასთან და რევოლუციურ მოწოდებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის გერმანიაში ტელეფონით დავუკავშირდით:

– ადამიანის ციხეში ყოფნა არასოდეს გამიხარდება. მაგრამ იმის მიხედვით, რაც ჩაიდინა -სააკაშვილი ადამიანი არ არის! თანაც, ციხეს ვერ ვერ ვუწოდებ იმ პირობებს და აპარტამენტს, სადაც ის იმყოფება: მე წყალი მენატრებოდა – ამას ტელევიზორი და მაცივარი დაუდგეს! თვეობით დედაჩემს ხმას ვერ ვაწვდენდი – ეს ფეისბუქზე საჯარო პოსტებს წერს. ყოველდღე – ათობით მნახველი, მუდმივი კონტაქტი შვილებთან და სასურველ ქალებთან, ასევე, ახლობლებთან – ეს ციხე არ არის!!! რაც ამ არაკაცს პირობები აქვს, უამრავ თავისუფლებაზე მყოფ მოქალაქეს იმის მეათედი ენატრება! ჩვენ საკანში მუდმივად დათრგუნულები ვისხედით, დახველების გამო ბადრაგის შემოვარდნა და სისხლის დადენამდე ცემა გარანტირებული გვქონდა – ამას თითსაც არავინ აკარებს! ფანჯრიდან ხელის გაყოფას და დაყვირებას კი არა, ჩურჩულსაც არავინ გვაპატიებდა! ჰაერი თუ სამყოფად შემოდიოდა – ეგ გვიხაროდა! – საკანში ჯანმრთელობაშერყეული პატიმრებიც იყვნენ? – მიგიხვდით ირონიას!

თითქმის ყველა პატიმარი მძიმე ავადმყოფი იყო. სპეცნაზი თავისებურად „მკურნალობდა,“ ისე, რომ პატიმარს მედიკამენტები აღარ მოეთხოვა. სამოქალაქო კლინიკაში გადასვლაზე ვინ იოცნებებდა? წამების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის და ელემენტარული სამედიცინო ჩარევისთვის რომ მიეღწიათ, პატიმრები ციხის სამკურნალო ნაწილში გადაყვანის მიზნით ათას მტანჯველ მეთოდს მიმართავდნენ – ან კოვზს ყლაპავდნენ, ან თავს „იშტირავდნენ!“

არ მესმის, რატომ უსრულებენ ყველაფერს. მაგაზე დიდი დამნაშავე მთელ პენტენციურ სისტემაში დღეს არავინ მოიძებნება! ასეთ სასათბურეში 6 წელი კი არა, სამუდამო პატიმრობით იმნაირ პირობებში უნდა იმყოფებოდეს, როგორშიც თავად ამყოფებდა პატიმრებს!!! სამუდამო პატიმრობისთვის მარტო ის ეყოფა, რაც მე დამმართა!

სააკაშვილი თუნდაც მარტო დედაჩემის გამო უნდა ჩაკვდეს ციხეში.

მარტო ნაცრეჟიმის მიერ მოკლული დედაჩემის გამო არ არის სასიცოცხლო, თუმცა დედაჩემის სიკვდილში „ქართული ოცნების“ დიდი წვლილიც ურევია! რაც მაგას ბრძანებები გაუცია და ხალხი უხოცია, ადამიანები უწამებიათ და გაუუპატიურებიათ – მათ გამო დამსახურებულ სასჯელს 10 სიცოცხლე რომ ჰქონდეს – მაინც არ ეყოფა! ნამდვილი ბარაბაა – მკვლელი და ავაზაკი! – თუმცა მისი მომხრეები გათავისუფლებას მოითხოვენ. – დიახ, მომხრეები ის კატეგორიაა, რომლებმაც თავის დროზე ქრისტეს ზურგი აქციეს და მის ნაცვლად ბარაბას გათავისუფლება მოითხოვეს! სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომ გამოდიან, ისინი სამართლიანობას თელავენ თავიდან აკრავენ ჯვარზე მაცხოვარს! ამ სიტუაციის შემხედვარე, ერთადერთი ნატვრა მაქვს -საქართველოში ვიყო და ციხეში ვიჯდე! – ეგ რა სანატრელია? – თანახმა ვარ ციხეში ჩამსვან, ოღონდ სააკაშვილის მახლობლად და იმდენივე მომისაჯონ, რამდენსაც ის გაატარებს ციხეში! ამ სურვილს თუ ამისრულებს ხელისუფლება, აღარც მკურნალობას მოვთხოვ და აღარც კომპენსაციას!+ ჯერ ისე ვცემდი, როგორც მისი რეჟიმის დროს ლეწავდნენ პატიმრებს. მერე „შპონკის“ (პატიმრის საწოლი) ქვეშ შევაძვრენდი იქ გავატარებინებდი სასჯელი ვადას. პერიოდულად, მარტო იმისთვის გამოვაძვრენდი, მის მიერ ჩადენილი ყოველი სისხლიანი დანაშაული სათითაოდ შემეხსენებინა და თითოეულისთვის კეფაში ლაზათიანად ჩამეფარებინა! სიკვდილს მოვანატრებდი, როგორც მისი რეჟიმის დროს პატიმრებს გვენატრებოდა და თავს მხოლოდ იმიტომ არ ვიკლავდით, რომ იმ სატანჯველიდან სამუდამო სატანჯველში მიგვიწევდა გადასვლა. – სააკაშვილის შიმშილობაზე რას იტყვით? – ისემც უშიმშილია, როგორც მამაჩემმა იშიმშილა! ეგ რა შიმშილობაა?

ხან წვენს მიირთმევს, ხან თაფლს და ხან გადასხმებს იტარებს! თქვენც გამოიარეთ ციხე და ხომ გახსოვთ, გამწარებული პატიმრები „ადიალიდან“ გამოძრობილი ჭუჭყიანი ძაფებით პირებს იკერავდნენ, იმის ნიშნად, რომ შიმშილობის დროს არც საჭმელს შეჭამდნენ და წყალსაც კი არ მიიღებდნენ! ისევ სპექტაკლს დგამს ეგ არაკაცი, დროს ჭიმავს და ფონს ქმნის, რათა სისხლი დაიღვაროს და მერე მღვრიე წყალში ხომ თევზის ჭერის ოსტატია! ხელისუფლებამ სააკაშვილი ციხეში კი ჩასვა, მაგრამ სასაცილო ბრალდებები წაუყენა, თან სასათბურე პირობებში ამყოფებს, რაც გონივრული ვარაუდის საფუძველს მაძლევს, რომ მას ძალიან მალე გაათავისუფლებს კიდეც. ქვეყანაში სამართალი რომ არსებობდეს, სააკაშვილის ჩამოსვლამდე და დაკავებამდე ჯერ სახელმწიფო უწყებებში და ძალოვან ინსტიტუტებში მოკალათებულ ნაც დამნაშავეებს ამხელდნენ და გაასამართლებდნენ! როცა სააკაშვილის მაჯებზე ხელბორკილები დავინახე, არ დაგიმალავთ და, გამიხარდა! მაგრამ იმ წუთიდანვე დამყვა მოსაზრება, რომ სააკაშვილი არ მიიღებს ისეთ სასჯელს, რაც მან რეალურად დაიმსახურა! აბა, სამარცხვინო არ არის, ათასობით ოჯახის გამაუბედურებელ სააკაშვილსაც 6 წელი ჰქონდეს მისჯილი და საცოდავ ადამიანსაც, რომელმაც შიმშილის გამო საკვები მოიპარა?! მე არ მჯერა „ქართული ოცნების!“

სამართლიანობის აღდგენა რომ სდომებოდათ, კოაბიტაციას და მკვლელებთან ზავის დადებას არ დაუშვებდნენ! – დათო, შეახსენეთ საზოგადოებას, რა ვითარებაში გარდაიცვალა დედათქვენი. – დედაჩემს, ქეთევან გიგაურს, 2 ვაჟი – ჩემი ძმები უსამართლობის გამო დაეღუპა. მარტო მე შევრჩი და მეც, სააკაშვილის რეჟიმის ციხეში სასიკვდილოდ განწირული რომ დამინახა – ყველაფერი გაყიდა, რაც გვებადა, რათა ჩემთვის ემკურნალა. პარალელურად, რეჟიმისგან ნაწამები პატიმრების დედებს ჩაუდგა სათავეში და წარბშეუხრელად ამხელდა ჯალათებს. მოგეხსნებათ, როგორი დრო იდგა – მას მუდმივად სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ არ ეპუებოდა. ან, რაღა ჰქონდა დასაკარგი – ერთადერთი შვილი ციხეში ხელიდან ვეცლებოდი!

სხვებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ, ამიტომ თამამად გავიმეორებ:

ის, რომ დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ – ამაში დედაჩემის დიდი დამსახურებაა, ეს ხელისუფლება დედაჩემის და ჩემი ტანჯვის ფასად მოვიდა! ციხიდან რომ გამოვედი, სიარული აღარ შემეძლო. ქანჩებით შეკოწიწებული ძვლები მილპებოდა, ჯოჯოხეთურ ტკივილებს განვიცდიდი და გამაყუჩებელის საყიდელი თანხაც არ გვებადა. 6 კვადრატულ მეტრ ჯურღმულში ვცხოვრობდით და თვიდან თვემდე ბინის ქირის და გადასახადების ფულს კეთილი ადამიანები გვიკოწიწებდნენ. როცა ხელისუფლებას ვთხოვე – მიმკურნალეთ მეთქი, ერთმა არამზადამ ასე მიპასუხა – შენს მკურნალობას ბიუჯეტი არ ეყოფაო… წარმოგიდგენიათ, სახელმწიფოს მიერ რეპრესირებული და ჯანმრთელობა განადგურებული, ასე უგულოდ გამწირეს სასიკვდილოდ! მადლობა უფალს, კეთილმა ადამიანებმა გერმანიაში გასამგზავრებლად თანხა შეგვიგროვეს. დედაჩემი თავს მევლებოდა.

შევძელით გერმანიაში ჩასვლა და ჩემი მოწიწებული მადლობა ამ ქვეყანას – გამიკეთა ის, რაზეც საკუთარმა სამშობლომ უარი მითხრა! მომცეს ბინა, დამინიშნეს მკურნალობა, უფასოდ მომცეს ძვირადღირებული წამლები და რაც მთავარია, წამების მსხვერპლად მაღიარეს!

საქართველოში ღია ცის ქვეშ თავზე გადასაფარებელი ცელოფანიც არ შემრჩა, ამის მიუხედავად, ყოველდღე სამშობლოზე ვდარდობდით მე და დედა. ამასობაში, დედას უკურნებელი სენი გამოუვლინდა. სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა.

წერილს წერილზე ვუგზავნიდით „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს, სადმე პატარა ფართი მოეცათ ჩვენთვის, რათა სამშობლოში თავზე ჭერი მაინც გვქონოდა, მაგრამ გულთან არავინ ახლოს არ მიიტანა. დედაჩემს სული ისე ამოხდა, თბილისში ჩამოსვლას და შვილების საფლავებზე სანთლის დანთებას ვერ ეღირსა! აი, რატომ მძულს ნაცებთან ერთად „ქართული ოცნებაც!“ – საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივა ისევ არსებობს? – დაუნახავი არ გახლავართ. ადამიანს სულ მცირე ამაგსაც კი დავუფასებ!

„ქართული ოცნება“ ნაცებისგან იმას იმკის, რაც ქართველი ხალხისგან დაიმსახურა, მაგრამ ხელისუფლებაში ნაცების, წამების, სისხლის და დიქტატურის დაბრუნება დაუშვებელია!

ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ნაბიჯებს გულდასმით ვაკვირდები, რომელიც ნაცების მიმართ ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ბოლოსდაბოლოს, მან მოახერხა ის, რაც ვერასოდეს წარმოედგინათ მოქალაქეებს – სააკაშვილი ჩასვა ციხეში და ახლა ნაც-ბანდებს უკომპრომისოდ უპირისპირდება.

მინდა იმედი ვიქონიო, რომ ასეთ პათოსს შეინარჩუნებს და მათთან გარიგებაზე არ წავა, როგორც ზოგადად, „ქართული ოცნება“ მიდიოდა!

ირაკლი ღარიბაშვილს მინდა „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან საჯაროდ ვკითხო: ბატონო პრემიერო!

მზად ხართ, საქართველოდან დევნილი დამაბრუნოთ და ჩემს მიმართ აღადგინოთ სამართლიანობა?

ჩემს წინაშე დამნაშავე პირებს, ნაცებით დაწყებული და მმართველი პარტიის გავლენიანი პირებით დასრულებული – პასუხი აგებინოთ დედაჩემის სიკვდილში დამნაშავეებს?

ღორი მარანში თუ არ შეუშვი, მარნის წაბილწვას ვერ მოახერხებს, ამიტომ სასწრაფოდ გარეკეთ ღორები მარნიდან!

კოაბიტაციის დანაშაულებრივ პოლიტიკასთან გამიჯვნა საკუთარი გუნდიდან, „ქართული ოცნებიდან“ დაიწყეთ და მერე ნაც დამნაშავეებიც მიაყოლეთ – მთელი ერი მხარში ამოგიდგებათ!

+ ესაუბრა ზაზა დავითაია წყარო: “ასავალ-დასავალი”

მასალა  არქივიდან

Cesko