ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე:
ეს ამბავი თუ დადასტურდა (და ალბათ მალე დადასტურდება) – ჩვენი სამყარო იცვლება!
პირველად, მრავალი ათეული წლის მანძილზე ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ, ლაბორატორიაში მიღწეული ბირთვული სინთეზის რეაქცია ენერგიის პოზიტიური ბალანსით დასრულდა – ანუ, მეტი ენერგია იქნა გამომუშავებული, ვიდრე მის გამომუშავებაზე დაიხარჯა! ეს ნიშნავს პრაქტიკულად ამოუწურავი, სუფთა, უსაფრთხო, იაფი ენერგიის ახალი წყაროს აღმოჩენას!
ალბათ არ დარჩა დიდი ქვეყანა, ბირთვული სინთეზის რეაქტორის აშენებას რომ არ ცდილობდეს. ბირთვული სინთეზი (fusion) — მომავლის ენერგიაა — ‘სუფთა’ და პრაქტიკულად ამოუწურავი. ეს ის პროცესია, რომლის წყალობითაც მზე ენერგიას ასხივებს და დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს.
განსხვავებით ბირთვული დაშლისგან (fission), რომელსაც დღევანდელი ატომური იარაღი და ელექტროსადგურების მოქმედება ემყარება, ბირთვულ სინთეზს არ სჭირდება რადიოაქტიული მასალები და არ გააჩნია ტოქსიკური ნარჩენები — ეს აბსოლუტურად “სუფთა” ენერგიაა, რომელიც მსუბუქი ელემენტების (მაგალითად წყალბადის ბირთვების) შეერთებისას გამოიყოფა.
თუმცა, ბირთვული სინთეზის რეაქციის მიღწევა ლაბორატორიულ პირობებში ძალიან ძნელია, რადგან ძალიან მაღალ ტემპერატურას და ამ ტემპერატურის ხანგრძლივად შემანარჩუნებელ გარემოს ითხოვს.
და აი, როგორც ჩანს, ამერიკელებმა ეს შეძლეს!