„ღამის პრაიმ ტაიმის“ ეთერში პაატა გულიაშვილმა და ქსოვრელების ბენდმა ერთობლივი სიმღერა შეასრულეს.
მას შემდეგ, რაც „ძმობა“ გუშინ საღამოს გადაცემის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა, ერთ დღეში 700 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
„პაატა გულიაშვილის შოუს“ „რუსთავი 2“-ზე უამრავი მაყურებელი ჰყავს.
ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს fortuna.ge ესაუბრა.
პაატა გულიაშვილის შოუს ძალიან დიდი მაყურებელი ჰყავს. ამხელა რეიტინგს თუ ელოდით?
ვნერვიულობდი მართლა. ბევრი გადაცემა გამიკეთებია, მაგრამ ეს ფორმატი ჩემთვისაც ახალი იყო. გასაგებია, რომ წამყვანი ვარ, მაგრამ მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული არ არის, როგორი იქნება გადაცემა. დიდი ხანი ვეუბნებოდი რამდენიმე ტელევიზიას, რომ ქსოვრელების ბენდის გადაცემაში ჩართვა კარგი იქნებოდა. ძალიან ხშირად დავდივარ რესტორნებში. საკმარისია, 15-20 წუთი გავიდეს, ყველა მაინც ამ მუსიკას ითხოვს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი და ძალით არავის ვასმენინებთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ამას უნდა ჰქონოდა რეიტინგი. ჩემ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან სცენარისტები, მაგრები არიან, წინადადება დამთავრებული არ მაქვს, რომ უკვე იციან, რა უნდა დაწერონ. ნიკა რამიშვილი, კობა ბარათელი და ზაქრო ინწკირველი. მართლა კომპიუტერივით მუშაობენ. არ არის ადვილი, აკეთო იუმორი, აქტუალურ თემებზე. რეალურად ამ გადაცემას ოთხი ადამიანი ქმნის. არ მინდოდა, ჩემს გადაცემას პოლიტიკური ელფერი ჰქონოდა – მსგავსი გადაცემები სავსეა ამ მიმართულებით. შეძლებისდაგვარად ვცდებით ამ თემებს, რა თქმა უნდა მასშტაბურ თემებს არ ვტოვებთ. წინააღმდეგი ვიყავი, რომ მხოლოდ ცნობილი ადამიანები ყოფილიყვნენ ჩემი სტუმრები. ჩვენს მაყურებელს შორის არიან ძალიან კარგი იუმორის ადამიანები.
4 დეკემბერს „ანეკდოტების შოუს“ იწყებთ…
ხელმძღვანელობისგან იყო შემოთავაზება, რომ ეს შოუ გაგვეკეთებინა ახალი ფორმატით. ვფიქრობ, ეს იუმორი სახალხოა. აქაც არ არის გათვლა მაინცდამაინც ცნობილ ადამიანებზე, ყველა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.
უკვე მეორე გადაცემასაც იწყებთ „რუსთავი 2“-ზე. ხომ არ გაქვთ შიში, რომ ტელეწამყვანობა თქვენს მსახიობობას „შეჭამს“?
18 წელია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ. ბევრი გადაცემის ავტორი და წამყვანი ვყოფილვარ. თეატრში საერთოდ სხვა რამ ხდება. რა თქმა უნდა, არის ხელშეწყობა, მათ შორის, ისეთი ადამიანისგან, როგორიც არის რობერტ სტურუა. მას რომ უთხრა, ანეკდოტების ჩაწერა მაქვს და უნდა წავიდეო, შეიძლება, საერთოდ გამოგიშვას თეატრიდან, მაგრამ ხელს ყველანაირად მიწყობენ. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ყველა ხვდება, რომ მსახიობებს დამატებით გვჭირდება სამსახური, თუმცა, გარდა ამისა, ჩემთვის ტელევიზიაში მუშაობა საინტერესოცაა. როცა პაატა გულიაშვილის შოუს ვიწყებდით, პარალელურად მიმდინარეობდა „ვენეციელი ვაჭრის“ რეპეტიციები, ამ სპექტაკლში შეილოკს ვთამაშობ და ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ საქმეს ვაკეთებდი. გულწრფელად რომ ვთქვა, თეატრი ყველაფერს მირჩევნია, ამის მიუხედავად, არ ვარ ის ადამიანი, რომ ტელევიზიას ზედაპირულად მივუდგე.
შეილოკი ახსენეთ და ძალიან ტრაგიკული როლია. თეატრში, ძირითადად, ტრაგიკულ როლებს ასრულებ, რაც თქვენი შოუს მაყურებელს, ალბათ, ვერ წარმოუდგენია.
ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ როლის შესრულება. რობერტ სტურუა, გიორგი შალუტაშვილი, გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფია და მიშა მდინარაძის სულ ახალი მუსიკა… ინგლისში მივდივართ ამ სპექტაკლით. თეატრში არ ვთამაშობ კომედიური ჟანრის როლებს და ყველას უკვირს ხოლმე. გაოგნებულები არიან, როცა სცენაზე გამოვჩნდები, დარბაზში ღიმილია, ელოდებიან, რომ ღადაობა უნდა დავიწყო, თუკი მაყურებელმა არ იცის სპექტაკლის შინაარსი. ესეც ძალიან საინტერესოა შემოქმედისთვის. აჩიკო სოლოღაშვილი, კახა კინწურაშვილი ძალიან საინტერესო არტისტები არიან სცენაზე და სხვა რაღაცას აკეთებენ ტელევიზიაში. ეს ჩვენი პროფესიაა. რატომღაც მსახიობობა ვერ არის იმ ეტაპზე, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ასეთი პერიოდები არის ხოლმე.
როგორ ფიქრობთ, ახლა ვარსკვლავური და წარმატებული პერიოდი გაქვთ?
ტელევიზიაში ეს ძალიან ნაცნობი ამბავია – წარმატების მწვერვალზე მყოფს შეიძლება, გადაცემა დაგიხურონ, ამ შეგრძნებას თითქოს მივეჩვიე და ისე აღარ ვუღიავდები ამ საქმეს. ვიცი, რომ ძალიან დროებითია. უცებ შეიძლება გითხრან, კარგი იყო, მაგრამ თავისი თავი ამოჭამაო. სულ იდეები უნდა გქონდეს, რომ რაღაც ახალი შესთავაზო. სასიამოვნოა და ბედნიერებაა ასეთი წარმატება, ის, რომ მაყურებელმა მიიღო ჩემი შოუ, ძალიან მიხარია. რასაც ცალ-ცალკე ვაკეთებდი, – პერსონაჟები, სიმღერა, ერთად შევკარი. ხშირად მირეკავენ, მათ შორის ემიგრანტები და მეუბნებიან, არ გვინდა საღამოს წაყვანა, არც ანეკდოტი, გვინდა, რომ გვიმღეროთო. უცნაურია ეს – ნოტს ვერ ვცნობ (იღიმის).
ტელევიზიაში სრულ თავისუფლებას მაძლევენ – ის, რასაც სხვა დროს არ მიჯერებდნენ, რეიტინგული გამოდგა. სხვათა შორის, მეუბნებიან, ნეტავ, ადრე დაგვეჯერებინაო. კარგი პერიოდი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბედნიერებას ანიჭებს შემოქმედ ადამიანს. კი, ხალხს ვუყვარდი და ვგრძნობდი, მაგრამ თითქოს დამოკიდებულებები შეიცვალა.
მქონია ისეთი პერიოდებიც, როცა ადამიანები ვეღარ „მცნობდნენ“. გულის გატეხვის პერიოდები მქონია. სულ პირველად რომ მივედი სერიალში, რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა შემომთავაზა უხმო როლი – ასე დავდიოდი და ფულს მაძლევდნენ. მერე ვიფიქრე, რა შეიძლება გავაკეთო, რომ კიდევ იაროს სერიალში ამ კაცმა-მეთქი. შემდეგ შემომთავაზეს, ხმა ამოიღეო და მოეწონათ. გავიდა დრო და მერე ისევ ვერ მცნობდნენ ადამიანები. ამისთვის მზად ვარ და ეს გამოცდილება დავაგროვე. უფრო მთავარი და ნამდვილი არის ის, რომ ახლავე ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო სამომავლოდ, რომ შოუ ჩავანაცვლო, ამიტომაც ყველა იდეა არ გამომაქვს და ვინახავ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს შოუში სიახლეები არ იქნება – პირიქით, ბევრი ახალი პერსონაჟი დაემატება. იმდენი თემა არსებობს პოლიტიკის გარდა, თუ იქნება მაყურებელი და ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, აუცილებლად გავაგრძელებ.
თქვენი და ქსოვრელების სიმღერას სამ მილიონამდე ნახვა აქვს…
ესეც არ არის სიახლე ჩემთვის. ამ სიმღერამდე რამდენიმე მაქვს ჩაწერილი. ჟანრობრივად იუმორისტულია თითქმის ყველა. 2011 წელს ჩემი არაიუმორისტული სიმღერაც გახდა წლის ყველაზე პოპულარული კომპოზიცია. ჩემს სხვა სიმღერებს 7-9 მილიონი ნახვა აქვს, უბრალოდ, ქსოვრელებთან დუეტს სამი მილიონი ნახვა ძალიან მოკლე პერიოდში დაუგროვდა. რუსთაველის თეატრიდან გამომდინარე გენიოს კომპოზიტორებს შევხვედრივარ, როგორიც მაგალითად, გია ყანჩელი იყო… განმივითარდა ინტუიცია, რომლითაც მუსიკას ბოლომდე ვგრძნობ. როცა მელოდია აჟღერდება, ხვდები, რომ „გაისვრის“. ჩვენს საქმეში ინტუიცია პირველია. გიო შოშიტაშვილს ქსოვრელებიდან ვთხოვე, ერთ-ერთი უცხოური სიმღერისთვის ახალი ჟღერადობა მოეფიქრებინა. გავაკეთეთ ტექსტი, რომელიც ქართველს შეიძლება გულზე მოხვდეს – ძმობაზე, სამშობლოზე, დედაზე… ისეთი ხალხი რეკავს და ისეთი ადგილებიდან მირეკავენ, ახლა თქვენს სიმღერას ვუსმენო, ძალიან კარგი შეგრძნებაა. ეს გადაცემა მაგრად წამოწია წინ, ამ სიმღერის შემდეგ კიდევ უფრო მოემატა რეიტინგი. ასევე ძალიან მაგრად ამართლებს კახელი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს ძალიან მოსწონს. ეს კახელიც ნელ-ნელა შეიქმნა. მართლა დაუჯერებელია, მაგრამ მისი სახელობის ღვინო გამოუშვეს.
იწერება კრიტიკაც, საშინელებები.
აქცევთ ყურადღებას?
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ვაქცევდი ადრე. როცა ვიღაც უგზო-უკვლოდ გაგინებს, ვერ ხვდები, რა უნდა. ვიღაცებს შევყოლივარ კამათში და მერე მინახავს, რომ ფეიქები არიან. ხალხს მაინც უნდა, რომ ყველაფერს პოლიტიკური კუდი მიაბას. მე ვარ შემოქმედი ტიპი და ჩემს ოჯახს ვინახავ ჩემი საქმით, ნაკლებად მაინტერესებს, რომელი რა პოლიტიკას აკეთებს. ანეკდოტს რომელ არხზე მოვყვები, არ მგონია, ამას მნიშვნელობა ჰქონდეს.
სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო კლიპში მოვხვდი ისევე, როგორც სხვა ხელოვანები. დაგვაბრალეს, რომ მილიონები ავიღეთ. ეს ზღაპარია და ამის მტკიცებაში გაყოლაც კი არასერიოზულია. ტრამპისთვისაც დაუჭერიათ მხარე უცხოელ ხელოვანებს და მერე უთქვამთ, შევცდიო. იქ არავის დააბრალებენ, რომ ამაში ფული აიღეს. შეიძლება დღეს მხარს ვუჭერდე ან არ ვუჭერდე, მაგრამ ილაპარაკებენ, სახლი უყიდეს ან მანქანაო. ამას იტყვის იგივე მაყურებელი, რომელიც ხვალ შენს სიმღერას მოუსმენს და მოეწონება, კარგ რაღაცებს დაგიწერს. ასეთ კრიტიკასთან გამკლავება რთულია, მაგრამ ვცდილობ. ერთი რამ მამშვიდებს – ქართველებს გამოხატვისას სიყვარული ჯობნის. ჩვენ ქართველ მაყურებელზე ვმუშაობთ და მათი გამოხატული სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია…
წყარო: “ფორტუნა” და “პრაიმტაიმი”