ამ უცხო ქარით მოტანილმა დემოკრატიამ დაღუპა საქართველო: ყველა ჭკვიანს და მოკრძალებულს ადამიანს უკან რომ ჩასწევ და ამდენ ვიგინდარას, ნაძირალასა და დეგენერატს ხმის ამოღების უფლებას მისცემ და დააწინაურებ – ვინა ხარ?

0
1310
22 Views

ჩვენში დარჩეს და, ამ უმწიფარმა და უცხო ქარით მოტანილმა დემოკრატიამ დაღუპა საქართველო. ყველა ჭკვიან და მოკრძალებულ ადამიანს უკან რომ ჩასწევ – ეგენი სულით კომუნისტები და კოლაბორციონისტები არიანო – და ამდენ ვიგინდარას, ნაძირალასა და დეგენერატს ხმის ამოღების უფლებას მისცემ და დააწინაურებ – ვინა ხარ? არადა ოცდაათი წელი ასეა.

სულ თავიდან ჯერ მოძველბიჭოებს – სამიანს “ბლატით” რომ უწერდნენ და ძალით გადაყავდათ კლასიდან კლასში – ჩაბარდა ქვეყანა, მერე პირდაპირ ბანდიტებს, მერე საახლობლო კლანების ოდნავ მოსუფთავებულ და ასაკით უმცროს წევრებს, ამასობაში კი გაჭაღარავდა და დაბერდა ამ “დემოკრატიულ” მიღწევებში უგზოუკვლოდ გაბნეულ-გახლართული ნორმალური ხალხი და იძულებით დაუთმო ასპარეზი ღორობისა და გადაგდების დიდოსტატებს.
ჰოდა, რა გასაკვირია, თუ პოლიტიკაში, ძირითადად, “ნაგლები” და “დერზკები” მიდიან, ირიგებენ და უტიფრად ირგებენ თანამდებობებს. წინა საუკუნის ბოლოს თუ მხოლოდ ფულის შოვნასა და ქვეყნის გადაჭამაზე ჰქონდათ პრეტენზია, მერე თანდათანობით მხრებში გაიშალნენ და ჭკუის სწავლება და კანონების წერაც დაგვიწყეს. დაუშლიდა ვინმე თუ?
არადა, ჩვენი პოლიტიკანებისა და სხვა “ნუვორიშების” უმეტესობა ხომ მედასავლეთეობისა და პატრიოტიზმის მანტიაში გახვეული სრული ვიგინდარა და “ვიგოდნიკია”. თუმცა, იმდენი ჭკუა კი ეყოთ, რომ რამდენიმე ფრიადოსანი ექირავათ შემსრულებლებად და მონებად – მაგრამ ეს მოვლენა კიდევ სხვა, დიდი და ნაყოფიერი, თემის საგანია.
კიდევ კაი დღეში ვართ, მე თუ კაცი მკითხავს.
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი

Cesko