„ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ ძალადობაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოზიცია და ამ საზარელი დანაშაულის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დაასახელა სამი ტელეკომპანიის მიერ წლების მანძილზე წარმოებული სისტემატური ანტიეკლესიური კამპანია,” – ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მიმართ განხორციელებულ შემზარავ ფაქტს.
როგორც კაკაბაძე წერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის მოსაზრება აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობაა, რადგან ისტორია იცნობს ანალოგიურ ფაქტებს, სწორედ ასეთი პროპაგანდის შედეგად მიაღწიეს ბოლშევიკებმა ათეისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეკლესიების ნგრევას და ხატების შეურაცხყოფას.
„ჭილყვავების პრაიდი ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ ძალადობაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოზიცია და ამ საზარელი დანაშაულის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დაასახელა სამი ტელეკომპანიის მიერ წლების მანძილზე წარმოებული სისტემატური ანტიეკლესიური კამპანია, მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის მიზნით. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობა, რადგან ისტორია იცნობს ანალოგიურ ფაქტებს, სწორედ ასეთი პროპაგანდის შედეგად მიაღწიეს ბოლშევიკებმა ათეისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეკლესიების ნგრევას და ხატების შეურაცხყოფას. ფაშისტურ გერმანიაშიც ასეთი პროპაგანდა უძღოდა წინ ხოლოკოსტს. შორს რომ არ წავიდეთ, სოციალ-დემოკრატებმაც ხომ ანალოგიურად შეამზადეს ილიას მკვლელობა.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ლოგიკურ ანალიზს, ფსევდოლიბერალებმა მოაყოლეს აბსოლუტურად ალოგიკური, ორკესტრირებული შტურმი. „თავისუფალი სიტყვის დამცველმა“ ფსევდოჟურნალისტებმა, ვაი პოლიტიკოსებმა და ეგრეთწოდებულმა სახალხო დამცველმა საპატრიარქო დაადანაშაულეს საკუთარი აზრის ქონისა და პოზიციის გამოხატვის გამო. ჭილყვავებივით მიესივნენ ეკლესიას და დაკორტნეს. თურმე მხოლოდ ჟურნალისტებად წოდებულ კასტას და მათი კლანის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებით, რაც მათთვის მიუღებელი პირებისა თუ ინსტიტუციების ყოველდღიურად ლანძღვასა და ცილისწამებაშია გამოხატული. მათთვის დასაშვებია განაცხადონ, საპატრიარქო ამქვეყნად ყველაზე დიდი ბოროტებააო (ხათუნა სამნიძე), გაავრცელონ მოწოდებები საპატრიარქოს გადაწვის და გადაბუგვის შესახებ, გამოიყენონ ცინიზმი და ბულინგი ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა წინააღმდეგ. მაგრამ თუ პარტიულ ჟურნალისტებს ვინმე გააკრიტიკებს, აი, ეს ყოფილა მიუტევებელი ცოდვა. იცით ეს განცხადება მომავალში რამდენ უბედურებას მოიტანს, რამდენ დანაშაულს წაახალისებსო? – გაჰყვირიან ისინი. ვითომ მომავალს უფრთხილდებიან. მათ არ მოსწონთ სხვამ შეაფასოს, თუ რამ მოიტანა ის საზარელი რეალობა, როდესაც ვიღაც არაკაცებს შეუძლიათ თავისი ბილწი ქმედებებით შეურცხყონ რწმენაც, ადამიანობაც, კანონიც, მორალიც და ყველანაირი ზღვარი წაშალონ ცხოველსა და ადამიანს შორის.
ეკლესიის წინააღმდეგ ფსევდოლიბერალთა გააფთრებულ ბრძოლასაც თავისი მიზეზები და მიზნები გააჩნია. ისინი ოჯახებს ებრძვიან და მისი ჩანაცვლება სურთ გარყვნილებით, ეკლესია კი პირიქით, გარყვნილებას ცოდვად მიიჩნევს და ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს მისგან განთავისუფლებაში. ეკლესია ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ქადაგებს, მორალური და ზნეობრივი ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს, ფსევდოლიბერალები კი მორალურ და ზნეობრივ გადახრას ნორმად აფასებენ. ქვეყანაში, რომელშიც ეკლესიას 87%-იანი ნდობა აქვს,მორწმუნეებს ბნელებს ეძახიან, ლგბტ და გეიპარადების მომწყობებს „პრადვინუტებს“. ყოველივე სისაძაგლეს მისაბაძად და დასავლური ცხოვრების წესად წარმოაჩენენ. აი, ეს და სხვა უგვანო ქმედებებია ფსევდოლიბერალების ნამდვილი სახე.
ცხრამუხის ტრაგედიამ ბიძგი მისცა სხვადასხვა ჯურის ჭილყვავებს, მოეწყოთ მორალური პრაიდი ეკლესიის წინააღმდეგ, მუშტები ექნიათ – როგორ ბედავთ ხმის ამოღებას, ჩვენთვის რაიმე ბრალის წაყენებას.სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, ლანძღვაც ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენ შეგვიძლია, ცილისწამებაც, ყველა საშინელების დაბრალებაც, მაგრამ თუ თქვენ თავდაცვას შეეცდებით, მაგის უფლებასაც არ მოგცემთ. ჩვენი მიზანია თქვენ პირში წყალი ჩაიგუბოთ, ყველა ბრალდებას დაეთანხმოთ, თავზე ნაცარი წაიყაროთ და მოინანიოთ, თორემ მომავალში უარესს დაგაბრალებთო. აი, ეს არის ფსევდოლიბერალების მორალური ტერორის ანატომია, რასაც ჩვენ ჭილყვავების პრაიდი დავარქვით. მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის უმრავლესობისათვის ისეთივე მიუღებელია ასეთი ჭილყვავების პრაიდები, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის“, – წერს ნანა კაკაბაძე.