„ნაციონალური მოძრაობა” არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება – ნიკა მელია

0
305
25 Views

„ნაციონალური მოძრაობა” არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. მიუხედავად იმისა, რომ ვნებათაღელვა არსებობს, თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ პარტია გაძლიერდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი არჩევნების შემდეგ პარტია იქნება „ბევრად მიმზიდველი განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის – იმ ხალხისთვის, რომელმაც დღეს არ იცის ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცეს ხმა”.

მელიას შეფასებით, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველა ადამიანი, ვინც კი არის პარტიაში, ჩემი ხელშეწყობით კვლავ დარჩება პარტიაში. არავის აქვს უფლება ვინმეს მიუთითოს გასასვლელი კარებისკენ, ეს არ არის „ქართული ოცნება”, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება აღმასრულებელ რგოლს, ის დაკომპლექტდება გამარჯვებული კანდიდატის შეხედულებისამებრ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გულისხმობს ერთიან ხედვას.

ახლა უახლოეს წარსულში ქექვას აზრი არ აქვს. მთავარი გამოწვევა ყველა მხრიდან არის მიღებული – პარტიის ამომრჩეველმა, მხარდამჭერებმა და წევრებმა უნდა მიიღონ პარტიის სასიკეთო გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პარტიის განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში. მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც პარტიის წევრები გაეცნობიან კონკრეტულ ხედვებს ამა თუ იმ კანდიდატის მხრიდან, გააკეთებენ ძალიან გააზრებულ არჩევანს, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ აწმყოსთვის, არამედ იქნება პარტიის მომავლისთვის. ამ არჩევნების დასრულების შემდეგ პარტია უნდა იყოს იმ კონდიციაში, რომ გენერალური არჩევნების კამპანიაში შევიდეთ. ამ პარტიის შიდა არჩევნებზე იქნება დამოკიდებული შემდეგი წლების ბედი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ძალიან დიდი უმრავლესობა ამ ფაქტორს გაითვალისწინებს. ამომრჩევლის მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Cesko