საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიასთან საშინაო მატჩი მინიმალური სხვაობით წააგო – 84:85. მატჩის შემდეგ „სკუადრა აძურას“ კალათბურთელებმა ძალიან გაიხარეს, რადგან ამ მოგებით მათ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდეს.
მატჩის შემდეგ კარგ ხასიათზე იყო მათი მთავარი მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო. მან საპრესკონფერენციო მაგიდასთან დაჯდომამდე გვკითხა, ქართულად საღამო მშვიდობისა როგორ გამოითქმისო. ორჯერ სცადა გამეორება, თუმცა სხვა, მოკლე ვარიანტი ვუთხარით – გამარჯობა.
სწორედ ქართული მისალმებით დაიწყო პრესკონფერენცია იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
„გამარჯობა. მოედანზე ჩანდა რომ ორივე გუნდი დაღლილი იყო. ორი დღის წინ გამართული მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა იოლი არ იყო. თუმცა დიდებული თამაში გამოვიდა. მიყვარს ჩემი კალათბურთელები. წარმატების მიღწევა თუ გინდა საკუთარ ლიმიტს უნდა გადააბიჯო. ეს ჩემმა გუნდმა საქართველოსთანაც გააკეთა, ესპანეთთანაც და ევრობასკეტზეც.
საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება ურთულესი საქმეა. ამ გუნდში ხომ თორნიკე შენგელია თამაშობს. ის ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია არა მხოლოდ ევროპაში… მის წინააღმდეგ თავის დაცვა იოლი არ არის, თუმცა ჩემმა კალათბურთელებმა ამოცანას მეტ-ნაკლებად კარგად გაართვეს თავი. დაცვით კმაყოფილი ვარ.
ვიცოდით, თბილისში ურთულესი მატჩი გველოდა. საქართველოს ნაკრებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს – ილიას ზუროსმა გუნდი კარგად მოამზადა. თუმცა ვაკონტროლებდით მოხსნას, ფარქვეშ ბევრი ვიმუშავეთ, შერმადინიც გამორჩეულია ევროპაში და მასთან დაცვისასაც დიდი ყურადღებაა საჭირო. თუმცა მეოთხე პერიოდში, როცა საქართველომ 5 ქულით გაგვასწრო, წაგებაზე დავფიქრდი. თუმცა გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ ოთხი სამქულიანი ჩავაგდეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლო ორ მატჩში ყურადღებას მოვადუნებთ. საკუთარი თავი კალათბურთის გარეშე არ მახსოვს. მიყვარს ეს სპორტი და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გასულები ვართ თუ არა ჯგუფიდან – ყველა მეტოქესთან ბოლომდე გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ასე იქნება მომავალ მატჩებშიც. თუ ჩვენი მოგებით საქართველოს დავეხმარებით, მხოლოდ გამიხარდება. ჩვენ და ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ. იგივეს გისურვებთ თქვენ, ქართველებს“