ოპოზიცია კი ჯერჯერობით იმაზეც ვერ ჩამოყალიბდა, უნდა გაერთიანდეს თუ უფრო მეტად უნდა დაიშალოს. ცალ-ცალკე, არჩევნებისთვის, შანსი პრაქტიკულად არცერთს არ აქვს და ბარიერის გადალახვას, ამ გადმოსახედიდან, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ვერავინ შეძლებს. ნაციონალები ბარიერს თუ გადალახავენ, თორემ სერიოზული პრეტენზია არც მათ ექნებათ და ეს ყველაფერი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. რამე უნდა მოხდეს ისეთი, რაც ოპოზიციის რეიტინგს ოდნავ მაინც აწევს და ეს „რამე“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად არ იქნება. ამას მოსახლეობაც მიეჩვია, დასავლელი პარტნიორებიც, ხელისუფლებაც და ახლა სახელისუფლებო გუნდს კიდევ ერთი კოზირი აქვს – როგორც კი საუბარი იწყება იმაზე, რომ სააკაშვილს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა აღარ ესაჭიროება და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დააბრუნონ, მიშა მაშინვე ცუდად ხდება და მისი მხარდამჭერი ექიმების კონსილიუმი დაბეჯითებით ამტკიცებს, პაციენტის ტრანსპორტირება არ შეიძლებაო. ჰო, ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით არ შეიძლება, თორემ საზღვარგარეთ თუ გაუშვებენ, ყველა მზად არის.
თითქოს საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ რეალურად, რუსეთი ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე მოვლენებს და ნებისმიერ დროს მზად არის, სიტუაცია შეცვალოს. არევას, როგორც სამაჩაბლოს, ისე აფხაზეთის მიმართულებით ნებისმიერ დროს შეძლებს და მერე რა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ. ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან მშვიდობის შენარჩუნების პირობას დებენ, თორემ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სიტუაცია სამაჩაბლოში, აფხაზეთში ან მთიან ყარაბახში არ აირევა? აგერ, ბოლოს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება ვინ დაიწყო, დღემდე არკვევენ – აზერბაიჯანული მხარე ხელს სომხეთისკენ იშვერს, სომხეთი – აზერბაიჯანისკენ და დასავლელი ექსპერტები კიდევ ამბობენ, ორივე მხარეს რუსმა სამშვიდობოებმა გაისროლეს და ბრძოლაც ამის შემდეგ განახლდაო.
ასეა თუ ისე, ოპოზიცია წამსვლელია ყველაფერზე, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს. თავის მხრივ, „ოცნებაც“ ყველაფერზე წავა, ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს და მმართველი გუნდის მხარეს ყველაფერთან ერთად, უკეთესი ფინანსური მდგომარეობაცაა. აი, ახლა, დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ფორმით თუ გაიტანეს, რა ფორმითაც დაწყებულია, გვერწმუნეთ, დავით კეზერაშვილს ტელევიზიის დაფინანსებას საკანონმდებლო დონეზე აუკრძალავენ და კიდევ ერთი ოპოზიციური არხი „ყველის და პურის“ ამარა დარჩება. დეოლიგარქიზაციის კანონმა შესაძლოა, სხვა მიმართულებებითაც იმუშაოს და კიდევ ერთ ტელევიზიას შეექმნას პრობლემა, რაც საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ დავბრუნდებით ნაციონალების ეპოქაში, როცა სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი ნათელი წერტილი მცირებიუჯეტიანი „კავკასია“ იყო და დანარჩენი არხები ერთსა და იმავე ტექსტებს კითხულობდნენ ერთი და იგივე კორექტურული შეცდომებით…