27 ოქტომბერს ყოველწლიური მედიაწიგნიერების ფორუმის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
მედიაწიგნიერების ფორუმი მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ იყო ორგანიზებული და ის UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ფორუმზე მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის აღქმების თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციაც გაიმართა. მისი მიზანი მედიის მოხმარების ჩვევებისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის შესწავლა იყო.
კვლევის ფარგლებში 140 რესპონდენტი გამოიკითხა საქართველოს 7 ქალაქიდან: ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ქუთაისი.
კითხვაზე, გაგიზიარებიათ თუ არა ყალბი ინფორმაცია განზრახვის გარეშე, 44.3% ამბობს, რომ გაუზიარებია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დეზინფორმაციის გამავრცელებლებად ტელევიზიებს, ფეისბუქ ანგარიშებსა და ონლაინ გამოცემებს ასახელებს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაციის გამავრცელებლად გამოკითხულები ყველაზე ხშირად ოპოზიციას, რუსულ მხარესა და მედიას ასახელებენ.
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოება დეზინფორმაციისადმი მოწყვლადია. ჩვენთან ყოველთვის ხილული არ არის რუსული პროპაგანდა და თუნდაც ის, რომ ოპოზიციას აბრალებენ ყველაზე ხშირად დეზინფორმაციის გავრცელებას, აჩვენებს იმას, რომ სამთავრობო პროპაგანდაც მუშაობს,” – ამბობს თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
ფორუმის მიმდინარეობისას მედია და ინფორმაციული წიგნიერების თამაშების ბაზრობაც მოეწყო, სადაც მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი ახალი საგანმანათლებლო თამაში – “კიბერ ხოკერა” წარმოადგინეს.
გამოფენის მონაწილეებმა ადგილზევე გამოცადეს MDF-ის მიერ შექმნილი ონლაინ თამაშები და მინი–შეჯიბრის ფარგლებში სიმბოლური პრიზებიც მიიღეს.
MDF-ის მკვლევრის, მარიამ დანგაძის თქმით, ორგანიზაცია თამაშებს სასწავლო რესურსად იყენებს. ამ მიზნით შექმნილია სხვადასხვა თამაში, მათ შორის: კიბერ უსაფრთხოების, ფიშინგის და დეზინფორმაციის მიმართულებით:
„კიბერ ხოკერა ეხება კონკრეტულად მედიის განვითარების ისტორიას და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ რა გზა გაიარა მედიამ გუტენბერგის ეპოქიდან ციფრულ მედიამდე.
„კი“ და „არა“ ტიპის კითხვებია, რათა ახალგაზრდებმა ფაქტები გაიგონ მედიის განვითარების შესახებ“ – ამბობს მარიამ დანგაძე.
ფორუმზე The Bad News Game–დან განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლეს, რომელმაც მონაწილეებს არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი თამაში გააცნო.
მოთამაშეები ყალბი ამბების გამავრცელებელი ბოროტი გენიოსის როლს ირგებდნენ დეზინფორმაციისადმი მოსახლეობის მოწყვლადობის დონის შესამცირებლად.
ღონისძიებას დისტანციურად შემოუერთდა Meta-ს მცდარი ინფორმაციის პოლიტიკის ხელმძღვანელი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონებისთვის, ტომ ბონსუნდი ო’ბრაიანი, რომელმაც მცდარი ინფორმაციისადმი Meta-ს მიდგომაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„მედიაწიგნიერების უნარი ადამიანს ეხმარება გაფილტროს საზიანო ინფორმაცია. დღევანდელ ეპოქაში ტრადიციულ და ახალ მედიას შორის ზღვარი წაშლილია. შესაბამისად, ამ ინფორმაციულ ქაოსში ძალიან რთულია სიმართლის და სიცრუის გამიჯვნა.
ასეთ მოცემულობაში, აუცილებელია მოქალაქეებს განვითარებული ჰქონდეთ ის საბაზისო უნარები, რაც წყაროების გარჩევაში დაეხმარებათ. მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ გონებაში გაფილტრონ ის, რასაც ჩვენ ფაქტჩექინგის საშუალებით ყოველდღიურად ვავლენთ, რადგან შეუძლებელია ჩვენ, MDF-ი, ყველა დეზინფორმაციას მივწვდეთ,“ – აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.
დეზინფორმაციის გამოვლენის კონკურსს მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად ატარებს, რათა ახალგაზრდებს საშუალება მისცეს, თავიანთი მედია და ინფორმაციული უნარები და კომპეტენციები გამოცადონ და გაიუმჯობესონ.
დაჯილდოების დასკვნით ნაწილში „მითების დეტექტორის“ 2022 წლის ყველაზე პოპულარული სტატიები გამოვლინდა.
ყველაზე პოპულარული სტუდენტური ნაშრომისთვის – “დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს” – გიორგი მინაშვილი დაჯილდოვდა.
კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების საუკეთესო გამოძიებისთვის – “სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი”– ანი ქისტაური დასახელდა.
უკრაინის თემაზე “მითების დეტექტორის” საუკეთესო სტატიისთვის – “რა აკავშირებთ “ალტ–ინფოს”, ლუგანსკელ АНДРЕЙ ВИТАЛЬЕВИЧ МАРОЧКО-ს და ქართველ კონსერვატორებს გაყალბებულ ფილმთან?” – მარიამ დანგაძე დაჯილდოვდა.
ინფოდემიის თემაზე “მითების დეტექტორის” ყველაზე პოპულარული სტატიისთვის “მოუსვენარი მიცვალებული” თუ კლიმატთან დაკავშირებული პროტესტი?” პრიზი მარიამ ტალახაძეს გადაეცა.
მედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან ატარებს საქართველოში აშშ–ის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის – “ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის” – ფარგლებში. 2022 წლის მედიაწიგნიერების ფორუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.