„ცნობილმა რეჟისორმა ქართველი სოფი ლორენი მიწოდა, ზოგი ანა მანიანის მადარებდა“- აშშ-ში მცხოვრები მსახიობი ხათუნა იოსელიანი განვლილ გზას იხსენებს

0
1246
27 Views

– ბებია-ბაბუის ნებიერა ვიყავი… ზემელზე ვცხოვრობდით, მაშინ მოსკოვის ქუჩა ერქვა. მშობლები ექიმები იყვნენ: დედა – ნინო წეროძე თითქმის ყველა ინსტრუმენ­ტზე უკრავდა, ლექსებს წერდა. მამა – გივი იოსელიანიც წერდა ლექსებს,­ პროფესიით ექიმი, მაშინდელი “დინამოს” მეკარეც იყო.

მე ექიმობაზე არასდროს მიოცნებია. ცეკვაზე დავდიოდი, მე და ფრიდონ სულაბერიძე ერთად ვცეკვავდით. 46-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, ბროსეზე. თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე წელს მოვხვდი, სადაც არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავდა. მარტო ავთო მახარაძის და შოთა ქრისტესაშვილის დასახელებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რა ჯგუფიც შეიკრა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მე და რამდენიმე სტუდენტი რუსთაველის თეატრში გაგვანაწილეს, მაგრამ ჩემს ჯგუფელებს სოლიდარობა გამოვუცხადე და ჭიათურის თეატრში გავყევი, თუმცა იქ ერთ სეზონზე მეტხანს ვერ დავრჩი. თბილისში ჩამოვედი და მუშაობა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავიწყე. შალვა (მუმუშა) გაწერელია საუკეთესო რეჟისორი და პედაგოგი იყო. საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა. ქორეოგრაფი იური ზარეცკი გახლდათ და მათი წარმოდგენები ბროდვეის სპექტაკლებს არ ჩამოუვარდებოდა.

1983 წლიდან გიგა ლორთქიფანიძის მიწვევით რუსთავის თეატრში გადავედი. მერე კინემატოგრაფშიც დავი­წყე აღმასვლა.­ პირველი სერიოზული კინოროლი ტატო კოტეტიშვილის “ანემიაში” მქონდა, სოფლის მასწავლებელს ვთამაშობდი. შესანი­შნავი ჯგუფი იყო: ოპერატორი გიორგი­ ბერიძე, კოსტიუმების მხატვარი ია ფიც­ხელაური, სცენარისტი ბიძინა კალანდაძე, გენიალური პარტნიორი მყავდა – ლევან აბაშიძე. ამას მოჰყვა ნანა ჯორჯაძის, ოთარ შამათავას, დათო ჯანელიძის, ოთარ ლითანიშვილის, პავლე ჩარკვიანის, მიხო ბორაშვილის ფილმები, სადაც ქალის როლის შესრულებისთვის ანაპის კინოფესტივალზე გრან-პრი ავიღე. მოკლედ, რეჟისორებში ძალიან გამიმართლა.

ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო “სახლი ძველ უბანში”, მოგვიანებით სერ­იალი­ “მგლების ხორუმი”, უცნობის კლიპი “ვაგონი მიქრის”, გოგიტა ჭყონიას კლიპი, პაატა ბურჭულაძის “ატილა” და კიდევ მრავალი ფილმი, სპექტაკლი თუ სერიალი… მარტო ლილი იოსელიანთან მუშაობა რად ღირდა?! გოგი ქავთარაძესთან გატარებული შემოქმედებითი წლები… ბედის კმაყოფილი და მადლობელი ვარ!

– თქვენს თამამ როლებზეც გვიამბეთ. როგორ შეძელით ესთეტიკურად შეგესრულებინათ და კრიტიკა არ დაგემსახურებინათ?

ასევე დაგაინტერესებთ
“ქოცი”, “ნაცი” თუ “ბაცი” ჩემთვის ყველა ერთია… დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი რომ ექნება, ვიდრე მსახიობს, ეს კატასტროფაა“
“გულწრფელად გეტყვით, ჩემი ოცნება ჰოლივუდი იყო…”
“სახლში როდესაც მივიდოდი და საფულეს გავხსნიდი, ვხედავდი, რომ ფული მედო. მიკვირდა…”
– თუ ფილმში გაშიშვლება იყო საჭირო, როლის თამამად შესრულება, რეჟისორები მოკრძალებით მაპარებდნენ, მაგრამ სცენარის წაკითხვის შემდეგ თუ ჩავთვლიდი­, რომ ფილმს ეს სცენა არსო­ბრივად სჭირდებოდა, თანაც თუ რეჟისორს ვენდობოდი, ვთანხმდებოდი და ოპერატორის, რეჟისორისა და ჩემი პროფესიონალიზმის წყალობით კადრი მართლაც ესთეტიკური გამოდიოდა. ამის გამო არავის გავუკრიტიკებივარ. მაყურებლის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი.

– პიერ რიშართანაც მოგიწიათ მუშაობამ…

– დიახ, ნანა ჯორჯაძის ფილმში. ფრანგული არ ვიცი, მაგრამ მთელი ტექსტი ისე დავიზეპირე, პიერ რიშარი ვერ იჯერებდა, ენა რომ არ ვიცოდი.

ანაპის კინოფესტივალზე ცნობილმა რეჟისორმა რომან ვიკტიუკმა გრან-პრი გადმომცა და ქართველი სოფი ლორენი მიწოდა, ზოგი ანა მანიანის მადარებდა… საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.

– მუდამ გვერდით გყავდათ თქვენი შვილი­, გვიამბეთ თქვენს დედაშვილობაზე…

– ჩემი ქალიშვილი, მაკა შენგელია, ჩემი თილისმაა. პატა­რაობიდანვე ჩემი საუკეთესო მეგობარია, ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით… მყავს 27 წლის შვილიშვილი, საშკა კალმახელიძე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მწერლობაშიც სცადა ბედი და მისი “ამერიკული დღიური” ლიტერატურულ კონკურსზე “შემოდგომის ლეგენდა” პრიზიორი გახდა.

– თქვენს ამერიკულ შემოქმედებით საქმიანობაზეც გვიამბეთ.

– ამერიკაში 16 წლის წინ ჩამოვედი. ბო­ლო სპექტაკლი რუსთაველის თეატრალურ სარდაფში ვითამაშე – ფატი გურიელის როლი ქავთარაძის “შთამომავლობაში”, რომელიც მოგვიანებით აქ დავდგი ლიკა და ვიქტორ სირელსონების კულტურის ცენტრში. ამ ცენტრში მე და ცუცა კაპანაძემ ქართული თეატრიც ჩამოვაყალიბეთ.­ რეჟისორობაც ვცადე და რამდენიმე სპექტაკლი გამოვუშვი: “შთამომავლობა”, “თეთრი ბაირაღები”,­ “ჰელადოსი”,­ “ნაცარქექია”… მადლობელი ვარ სირელსონების, რადგან “დენსინგ ქრეინის” სტუდიაში შემოქმედებითი ცხოვრების საშუალება მომეცა. პანდემიამ დროებით შეგვაჩერა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი პრემიერა გველის.

ახლა 78 წლის ვარ და იმედია, 80 წლის იუბილეს საქართველოში აღვნიშნავ ჩემს ოჯახთან, მეგობრებსა და მაყურებელთან ერთად. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე!

წყარო: “კვირის პალიტრა”

Cesko