„სახლში მარტო ვიყავი, ყვირილს აზრი არ ჰქონდა… ლოგინამდე მივცოცდი და საბანი კბილებით გადმოვქაჩე” – რას გადაურჩა ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი

0
973
24 Views

ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ემოციებს გამოხატავს, რომელიც გაურკვეველი შეტევის დროს განიცადა. ის საკუთარ მაგალითზე ადამიანებს უმტკიცებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„გუშინ ძლიერი ეპილეფსიური შეტევის გამოცდილება პირველად მივიღე! არ ვიცი, ბედი ასე რატომ მცდის, მაგრამ როგორღაც უნდა შევაგნებინო, რომ ვერ დამცემს!

სრულიად მშვიდ ხასიათზე მყოფმა და მოღიღინემ ბანაობის დროს უცბად ვიგრძენი, რომ მარცხენა მხარე მიპარალიზდება – ჯერ ენის წვერი დამიბუჟდა, მერე ხელის მტევანი, მერე მხარი ჩამომივარდა და თან ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ აბაზანიდან გადმოსვლა ვერ მოვასწარი. ამიტომ უბრალოდ გადავეყუდე, პირსახოცი დაბლა მოვისროლე და ზედ დავეცი. გონება სუფთა მქონდა, კარგად მიმუშავებდა, მაგრამ შეტევა გაძლიერდა და მივხვდი, რომ ფეხზე ვეღარ ავდგებოდი, ისეთი მომჩვარული აღმოვჩნდი. როგორღაც კარის საკეტს ხელი ამოვკარი, მერე ზურგით მივეყუდე და დერეფანში გადმოვგორდი. სახლში მარტო ვიყავი, ყვირილს აზრი არ ჰქონდა. ხმაც არ ამომდიოდა. ხმა ისე გაქრა, როგორც კოშმარულ სიზმარში. ძალა მოვიკრიბე, მარჯვენა მხარეზე გადავბრუნდი და ჩემი ოთახისკენ გავცოცდი, სადაც ტელეფონი მეგულებოდა. მახსოვდა, რომ ლოგინზე დავტოვე. მაგრამ ამ დროს შეტევა უფრო გაძლიერდა და ფართხალი დამაწყებინა. ენას საერთოდ ვეღარ ვატრიალებდი, ასოებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს, ტანსაც ვერ ვიმორჩილებდი, ხტოდა და გვერდიდან ალბათ არცთუ საამო სანახავი ვიქნებოდი, სველი, შიშველი, უმწეო სხეული. ინტუიციით ვხვდებოდი, რომ გული არ უნდა წამსვლოდა და რამდენჯერმე ხელებზე ვიკბინე, ამან მომაფხიზლა და შუა ოთახი ბოლომდე, ცოცვით გადავკვეთე. როგორც ჩანს, ასეთ წინააღმდეგობის გაწევა სხეულისთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა და რაღაც მომენტში დენდარტყმულივით იტაკს მიმაწება. მაგრამ რისი მშვილდოსანი ვიქნებოდი, უკან რომ დამეხია! ლოგინთან, სადაც ტელეფონი მეგულებოდა, ახლოს ვიყავი. მივცოცდი. რაც ძალა დამრჩა, კბილებით საბნის კუთხე გადმოვქაჩე. ტელეფონი იატაკზე გადმოვარდა და ჩემკენ გამოსრიალდა, თუმცა დაუმორჩილებელი თითების გამო, ვერც ხელში ავიღე და ვერც კოდი მოვხსენი! აქ კი ცრემლი წამსკდა. ბოლოს, ღმუილით მარცხენა ხელით მარჯვენა ხელის ცერა ძლივს ავწიე და ეკრანს მივადე! გაიხსნა! პირველივე ნომერი „დედა” ამოხტა, ახლა იმას მივადე უძალო თითი, მერე ნიკაპიც. დედაჩემმა ეგრევე მიპასუხა და ეგრევე ამოვიხავლე „რაღაც შეტევა მაქვს”… ყველაზე ცუდი, რაც ამ რია-რიაში მოხდა, ის იყო, რომ გრძელი, სველი პირსახოცი, კუდივით რომ ამყვა აბაზანიდან, ყელზე შემომეხვია, რაღაცნაირად გაიკვანძა და მე კი დაუმორჩილებელი ხელებით ვერ ვიშორებდი. ეს ნაწიბური მაგისია.

ხოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ამ დილით ანალიზები ჩავაბარე და ალბათ გამოჩნდება, რა ოხრობა იყო (რა თქმა უნდა ეს ჩემს დაზიანებულ ტვინს უკავშირდება), მაგრამ რა ოხრობაც არ უნდა იყოს, ამასაც წარსულის სანაგვეზე მოვისვრი!” – წერს ირმა კახურაშვილი.

Cesko