შესაძლებელია თუ არა, რომ გუდაუთელი ან ბიჭვინთელი აფხაზი ახალგაზრდა რუსულ ჯარში გაიწვიონ? „ეხო კავკაზამ“ აფხაზეთში გამოკითხვა ჩაატარა.
აფხაზეთის მოსახლეობას შეეკითხნენ მისი დამოკიდებულების შესახებ აფხაზეთში რუსეთის მობილიზაციის შესაძლო გამოცხადებაზე.
პასუხები, ძირითადად, უარყოფითი იყო, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა უკრაინაში საკუთარი ახალგაზრდები საომრად უნდა გააგზავნოს.
💬 „აფხაზეთს რუსული მობილიზაცია ვერ შეეხება. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საქართველოში, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ ამ ქვეყნებში არანაირი მობილიზაცია არ ჩატარდება. ჯარში მხოლოდ რუსეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს გაიწვევენ. აფხაზეთში კი შეიძლება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქე და მხოლოდ აფხაზეთის ჯარში გაიწვიონ. სხვა არანაირი კანონი აქ არ იმოქმედებს. უფრო მეტიც. რუსეთის მობილიზაციის ჩატარება აფხაზეთში კანონის დარღვევაა“, – ამბობს სოხუმის მკვიდრი ასლან კობახია
💬 „მე მიმაჩნია, რომ რადგანაც რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ხომ გვყავს პროფესიონალი სამხედროები და ისინი უნდა გავაგზავნოთ უკრაინაში. ჩვენ ხომ გვაქვს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმებები, ჰოდა, ეს შეთანხმებები უნდა შევასრულოთ“, – ამბობს დენის ხარჩლა
💬 „იმ სახით, რა სახითაც მობილიზაცია რუსეთში ტარდება, აფხაზეთში ვერ ჩატარდება. რა, კანადაში და ავსტრალიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც გაიწვევენ? ასე რომ გუდაუთელ და ბიჭვინთელ ახალგაზრდას რუსეთის ჯარში ვერ გაიწვევენ. ეს შეუძლებელი“, – ამბობს ალხას შამბა
💬 „ჩვენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზღვრებს უნდა მივხედოთ. და თუ უშუალოდ შეგვეხო ეს კონფლიქტი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩავერევით, სპეცოპერაცია სანამ მიდის, ჩვენ ეს არ შეგვეხება“, – ამბობს ასლან ტირკბა
💬 „რუსი სამხედროები საქართველოსთან საზღვარს აკონტროლებენ. ისინი ჩვენ გვიცავენ. თუ რუსეთი იტყვის – „ბიჭებო დაგვეხმარეთ,“ უნდა დავეხმაროთ, ვისაც ეს ასაკის, პროფესიის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეუძლია. არიან სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთს დაეხმარონ. ჩვენი ბიჭები იქ ისედაც იბრძვიან – იქ იმყოფებიან 2014 წლიდან. რადგანაც რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გვაქვს, უნდა მივიღოთ მონაწილეობა შეძლებისდაგვარად. უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორს ამ რთულ პერიოდში“, – ამბობს რუსლან ბარციცი
💬 „რანაირად უნდა შეეხოს ეს აფხაზეთს? ჩვენ რა, რუსეთის ფედერაციაში შევდივართ? თანაც არ არის გამორიცხული პროვოკაციები საქართველოს მხრიდან. და რას გააკეთებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ ქართველები აფხაზეთის საზღვარზე პროვოკაციას მოაწყობენ. მათი მთელი ძალები ხომ ახლა უკრაინის სპეცოპერაციაშია ჩართული?, – კითხულობს ასლან კვეკვესკირი
ცნობისთვის, სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ არის გამოცხადებული მობილიზაცია, თუმცა „მუდმივად იზრდება მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის მისაღებად მიდიან“.
არძინბას განცხადებით, დონბასის თავისუფლებას აფხაზი მოხალისეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.