SOS!!! ტიკ-ტოკის ამ გამოწვევას 80-მდე მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

0
574
30 Views

მიმდინარე წლის ზაფხულში Tik Tok-ზე მორიგი ახალი გამოწვევა გაჩნდა, რომელშიც მშობლებიც ჩაერთნენ.

კერძოდ, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა თუ როგორ კეტავდნენ მშობლები მცირეწლოვან ბავშვებს ოთახში და აკვირდებოდნენ რა რეაქცია ექნებოდათ, როდესაც უკან მდგომ ე.წ. ვირტუალურ მონსტრს დაინახავდნენ.

როგორც NY TIMES-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი მათგანი ამბობს – ეს უბრალო გამოწვევაა, რომელიც რამდენიმე წელში ბავშვს არც კი ემახსოვრება.

თუმცა, რეალობა სულ სხვაა.

როგორც ბავშვის საკითხებზე მომუშავე ფილიპინელი ექსპერტი, გაილ გალანგი ამბობს, არასრულწლოვნის ოთახში ჩაკეტვა (რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ამას) უკვე ბავშვზე ემოციური ძალადობაა, რადგან ამ დროს ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და პანიკურ შიშს განიცდიან.

ბავშვთა და მოზრდილთა ამერიკელი თერაპევტის, რებეკა სპრინგის თქმით, 2 წლის ასაკის შემდეგ – ადამიანებს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვთ ყველა ის მოვლენა, რამაც მათ ტკივილი ან შიში განაცდევინა.

ამ გამოწვევის გარდა, ტიკ-ტოკზე არსებობს უამრავი სხვა საშიში ტრენდი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოზარდთა როგორც მენტალურ ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას.

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ე.წ. „მახრჩობელა გამოწვევა“, რომლის დროსაც ადამიანებმა სუნთქვა იქამდე უნდა შეიკავონ, სანამ გონებას არ დაკარგავენ.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, წელს ამ ტრენდს, სულ მცირე, 80-ზე მეტი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

CBS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ შორის არიან 10 წლის რობერტი და 9 წლის არიანი, რომელთა მშობლებმაც ტიკ-ტოკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ფატალური შედეგი არ დგება – „მახრჩობელა გამოწვევა“ მოზარდის ფიზიკურ ჯანმრთელობას გამოუსწორებელ შედეგს აყენებს.

ირლანდიაში მოღვაწე ექიმის, ნიკ ფლინის თქმით, როდესაც ორგანიზმს 3 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჟანგბადი არ მიეწოდება, ტვინის უჯრედების ნაწილი კვდება და მათი აღდგენა შეუძლებელია.

კიდევ ერთი საშიში ტრენდი გახლავთ – ე.წ. ტანის გასარუჯი ცხვირის სპრეის გამოწვევა. მოზარდებს სჯერათ, რომ სპრეის შესხურების შემდეგ მათი კანი ფერს შეიცვლის.

ამერიკელი დერმატოლოგები მოზარდებს აფრთხილებენ, რომ ამ ტრენდს არ აჰყვნენ, რადგან სპრეი შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ ჰორმონს (მელატონინს), რომელიც ყველაზე ცუდ შემთხვევაში მელანომას ანუ კანის კიბოს იწვევს და რომლის გამოყენებაც აშშ-ს კვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული არა. ტანის გასარუჯი ცხვირის სპრეის ხშირი გამოყენების შესახებ 4 ადამიანს უკვე განუვითარდა კანის კიბო.

საიდან ჩნდება მსგავსი გამოწვევები ტიკ-ტოკზე და ვინ დგას მათ უკან

Tik Tok-ის ალგორითმის შესახებ ბევრს მსჯელობენ – ამ საკითხზე აზრი ორად იყოფა.

თავად Tik Tok-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ტრენდები ორგანულად ჩნდება და ვითარდება აპლიკაციაში. როგორც კომპანია ამბობს, ამ გამოწვევებს თავისივე სურვილით ქმნიან მომხმარებლები, რათა ყველასგან განსხვავებულები გამოჩნდნენ და სხვებიც აიყოლიონ.

რაც შეეხება მეორე ვერსიას – Bloomberg- ი წერს, რომ Tik Tok-ი დროდადრო თავადვე აძლევს რჩევებს პოპულარული კონტენტის შემქმნელებს იმის შესახებ, თუ რომელი მუსიკის, ჰეშთეგისა და ვიდეოს გამოყენება მოუტანთ მათ ჩართულობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს.

ტიკ-ტოკს უკვე ასობით მშობელმა უჩივლა.

თავად სოციალური პლატფორმის პასუხი მომხდარ ფატალურ შედეგებზე ასეთი გახლავთ:

„შემაშფოთებელი გამოწვევები ჩვენი პლატფორმის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა და TikTok ტრენდი არასდროს ყოფილა. ჩვენ ისევ ფხიზლად ვაგრძელებთ მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას და დაუყოვნებლივ ვშლით ასეთ ვიდეოებს, მათი პოვნის შემთხვევაში. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ოჯახის მისამართით მათი ტრაგიკული დანაკარგის გამო”.

აღსანიშნავია, რომ ტიკ ტოკს მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ფაქტია, რომ საშიში გამოწვევების ნაწილი პლატფორმაზე ჯერ კიდევ იძებნება.

წყარო: პრაიმ ტაიმი.

Cesko