ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი, გრიგოლ ნარსიას განმარტავს, რატომ ითხოვდა, თანხის გარდა, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას.
მისი თქმით, თანხის მიღების შემდეგ გეგმავდა, ვეტმფრენით ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი – რუსეთში გადასვლას. რაც შეეხება დროშასა და ანკესს, ნარსია განმარტავს, რომ სურდა, ანკესის საშუალებით დროშა ვერტმფრენიდან გადმოეფინა. ინფორმაციას ექსკლუზიურად “რუსთავი 2” ავრცელებს.
ის ჰყვება, რომ შევიდა ბანკში და თანამშრომლებს თანხა მოსთხოვა, თუმცა თანხის ის რაოდენობა, რაც იმ მომენტისთვის სალაროში იყო, ნარსიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან თანხის მოსატანად ბანკსა და შსს-ს 3 საათიანი ვადა მისცა.
თავდამსხმელი ადასტურებს, რომ აიყვანა მძევლები და აღიარებს, რომ სპეცრაზმს აყვანის დროს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო რეალური, ის თავად დაამზადა და დაამონტაჟა.
გრიგოლ ნარსიას თქმით, მას თანამზრახველები არ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს, “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ქუთაისში, მძარცველმა 12 მძევალი აიყვანა და სანაცვლოდ 2 მლნ დოლარს ითხოვდა. 9 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ყველა მძევალი უვნებელია.