ჩემი პირადი ცხოვრება უნდა დავივიწყო – ნატალია ყიფშიძე

0
548
29 Views

ნატალია ყიფშიძემ, საკუთარი ოჯახისგან განსხვავებით, კადრს მიღმა ყოფნა არჩია – მისი ოცნების პროფესია რეჟისურაა, თუმცა, როგორც ამბობს, ბევრისმომცემი გამოცდილებების მისაღებად მანამდე გრძელი, საინტერესო, რთული გზა აქვს გასავლელი. მასთან საუბარი წლევანდელი ზაფხულის შთაბეჭდილებებით დავიწყეთ.

ნატალია ყიფშიძე: წლევანდელი ზაფხული ბარსელონაში მოგზაურობით დაიწყო, სადაც მეგობრებთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე. იქიდან დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტის გამოცდები დავასრულე და დაიწყო ჩემი რეალური ზაფხული. მთელი ეს დრო თბილისში გავატარე და ყველაზე უკეთ დავისვენე. ძალიან დიდი დრო დავუთმე საკუთარ თავს. მარტოობაში, წერაში, კითხვასა და ვარჯიშში ვატარებდი დროს. განსხვავებული დასვენება მოვიწყვე, საკუთარი თავი განვავითარე და გავაცნობიერე, რისი გაკეთება შემიძლია მარტოს.

– რა მიიღე შედეგად?

– ძალიან ბევრი რამ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობა არ იყო კარგ მდგომარეობაში. შფოთვითი აშლილობა მაქვს და უნივერსიტეტის გამოცდებით გამოწვეულმა სტრესმა და დაღლილობამ კიდევ უფრო გამიმწვავა მდგომარეობა. მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მიმეხედა. დავიწყე მედიტაცია, საკუთარ თავთან განმარტოება, გავაგრძელე წერა, რომელიც დიდი ხანი შეწყვეტილი მქონდა და დიდი შვება ვიგრძენი.

– აგვისტოში დაბადების დღე გქონდა – 21 წლის გახდი. ეს დღე როგორ გაატარე?

– წელს ძალიან განსხვავებული დაბადების დღე მქონდა. ვგიჟდები ჩემს დაბადების დღეზე, ტიპური ლომი ვარ (იცინის). მიყვარს ის ყურადღება, რომელსაც ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ვგრძნობ. ამ დღეს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავდი. დაახლოებით, ორასკაციან დაბადების დღეს ვიხდიდი ხოლმე, მაგრამ წელს სულ სხვა განწყობა მქონდა. გადავწყვიტე, ამ დღეს მხოლოდ ჩემს ოთხ მეგობართან ერთად შევხვედროდი ჩემს საყვარელ კაფეში, ამეღო ჩემი საყვარელი დესერტი და დრო მეგობრებთან საუბარში გამეტარებინა. მეორე დღეს ოჯახმა გამაღვიძა. სახლში მომიმზადეს ტირამისუ და სანთელი ჩამაქრობინეს. შემდეგ მე და დედაჩემი მეგობართან ერთად ჩემს საყვარელ რესტორანში წავედით სადილზე. ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესი დაბადების დღე არ მქონია. ყველაფერი ძალიან ნამდვილი იყო.

– როგორია ამ ასაკში ნატალია?

– მგონია, რომ 21 წლის ნატალია, წინა წლებთან შედარებით, საერთოდ სხვა ადამიანია. წელს ძალიან შევიცვალე. მივხვდი, რომ ცხოვრებაში საერთოდ სხვა რაღაცებია ღირებული. თუნდაც ის, რომ ჩემს თავთან მარტოობაში, ძალიან დიდი ჰარმონია ვიპოვე. რამდენიმე თვის წინ დავიწყე მედიტაცია და საკუთარი თავის შესწავლა, მასზე მუშაობა. მგონია, რომ სანამ საკუთარ თავთან არ იქნები ჰარმონიულად, სხვებთან ურთიერთობაც არ იქნება ღირებული. არ ვამბობ, რომ ყველაფერი გამომივიდა, მაგრამ ამ გზას დავადექი. დღეს უკვე შემიძლია, მარტო გავიზარდო, ჩემს თავთან ერთად გავერთო. როცა ეს შეგიძლია, შენი ყოველი დღე უფრო საინტერესო ხდება.

– შფოთვითი აშლილობა – როგორ მიიღე ეს პრობლემა?

– ბავშვობიდან მქონდა ეს პრობლემა. ალბათ, 13-14 წლის ასაკიდან. იმის გამო, რომ ეს იყო ყოველდღიური და არ მქონდა შესაბამისი განათლება, მის მოგვარებაზე მაშინვე არ მიფიქრია. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს საუბრობენ გულისა თუ ფილტვის პრობლემაზე, მაგრამ თითქმის არ საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში არც ფსიქოლოგთან ვიზიტი არის ხშირი. ბავშვობიდან მოყოლებული, მეც ჩვეულებრივად აღვიქვამდი ამ ამბავს. მქონდა პანიკური შეტევები, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ყველა ადამიანს სჭირდა და მას პრობლემად არ აღვიქვამდი. არ ვიცოდი, რომ ამის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ამ პრობლემას ჩვეულებრივად არ უნდა ვიღებდე. არადა, ასე იყო მანამ, სანამ ზრდასრული ასაკის არ გავხდი. არადა, ყველაფერში მიშლიდა ხელს – გართობაში, აუტანელი იყო საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, გვერდით აუცილებლად მჭირდებოდა ვინმე, მჭირდებოდა საუბარი ჩემს პრობლემაზე და ამ საუბარში შვებას ვგრძნობდი, თუმცა, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. 16-17 წლის ასაკში ფსიქოლოგიც მყავდა და ის ბევრი პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა, მაგრამ როდესაც ეს პრობლემები მოგვარდა, მათზე აღარ ვფიქრობდი, აღარ ვმუშაობდი და რაღაც ეტაპის შემდეგ პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ამჯერად, უკეთესობისკენ ცვლილების პროცესში ძალიან დამეხმარა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ძალიან კარგი განათლება აქვს მედიტაციის თვალსაზრისით. ეს მედიტაცია არ არის სავარჯიშო დარბაზში ილეთების სწავლა ტანის დასაყენებლად. ეს არის საკუთარი სხეულის მოსმენა და მისი სურვილების გათვალისწინება. ყველაზე დიდი პრობლემა ის მგონია, რომ ჩვენ სრულყოფილი დასვენება არ ვიცით, რაც იმდენად ღლის ჩვენს გონებას და სხეულს, რომ ყოველდღიურობა აუტანელი ხდება. როცა ეს გავაცნობიერე, მაშინ დავიწყე რეალური დასვენება. დღის განმავლობაში ხუთი საათი ვმედიტირებდი, ოთახიდან არ გამოვდიოდი, ექსტაზში ვიყავი. ახლა უკვე მხოლოდ ნახევარი საათი მჭირდება ამისთვის. შედეგად, შემიძლია, ყველაფერში ვიყო ბოლომდე და მხოლოდ ნაწილობრივ აღარ ვუზიარებ თავს სხვა ადამიანებს, რაც ურთიერთობებს მიფუჭებდა.

– ამ პრობლემის აღიარების კომპლექსი გქონდა?

– კომპლექსი – არა, შიში მქონდა. მეშინოდა, თუ ვიტყოდი, რომ მენტალური პრობლემები მქონდა, ადამიანები გიჟის იარლიყს მომაწებებდნენ. ეს შიში მქონდა მანამ, სანამ არ გავიაზრე, რომ მსგავსი პრობლემა ყველა ადამიანს აქვს და ამ თემაზე ხმამაღალი საუბრით შემიძლია, იმავე ან მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს დავეხმარო. თუ ეს ნაბიჯი დროულად არ გადადგი, შესაძლოა, მისი მოგვარება მერე უფრო რთული იყოს. თუ თავს ვერ ეხმარები, აუცილებლად უნდა მიმართო პროფესიონალს. მე მედიტაცია დამეხმარა. მიხვდი, რომ ჩემი ჩაკრების კონტროლი არ შემეძლო. ყოველთვის ქაოსში ვიყავი, ვერსად ვისვენებდი, განსაკუთრებით მარტო ყოფნის დროს. ახლა ბალანსის მოპოვების გზაზე ვარ.

– სოციალურ ქსელში პოსტი გეწერა საოცნებო სამსახურზე, როგორია ის?

– უნივერსიტეტში ვსწავლობ, ციფრულ მედია და კომუნიკაციების ფაკულტეტზე. პირველ წელს მომიწია, კოდირების ორი სემესტრი გამოვლო. ძალიან დამაინტერესა. შემდეგ კიდევ ბევრი გამოცდილება დავაგროვე და დღეს ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ოცნების პროფესია რეჟისურაა, მაგრამ სანამ აქამდე მივალ, გრძელი გზა უნდა გავიარო. განათლება მივიღო და ბევრი რამ გავაკეთო. ჩემთვის საინტერესო მიმართულებებია გრაფიკული დიზაინი და კოდირება, ამიტომ ვიფიქრე, რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რაც ფინანსურ შემოსავალსაც მომცემდა და სიამოვნებასაც მომანიჭებდა. გადავწყვიტე, კიდევ ერთი კურსი გამევლო ამ მიმართულებით და ვიპოვე „დიჯითალ ინსტიტუტი“, რომელიც ჩემი ოცნების ასრულებაში მეხმარება. მინდა, ეს იყოს ჩემი საარსებო წყარო, რომელიც ყოველდღე მომანიჭებს ბედნიერებას და დამეხმარება, იმდენი თანხა გამოვიმუშაო, რომ ჩემი პირველი ფილმი გადავიღო და ნიუ-იორკში, ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავაბარო სარეჟისორო ფაკულტეტზე. ეს ჩემი ოცნების პროფესიაა. მინდა, კამერის უკან ვიყო და არა წინ, როგორც ჩემი ოჯახის წევრები. იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა.

– უკვე სამუშაო გამოცდილებაც გაქვს.

– ამ მიმართულებით არა, თუმცა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობდი და ოთხი თვის განმავლობაში დავაგროვე თანხა, რომლითაც ბარსელონაში წავედი და ამით ოცნება ავიხდინე. მუსიკა ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარია, მისით ვცხოვრობ. ჩემი საყვარელი მუსიკოსებიდან დღეს ძალიან ცოტაა ცოცხალი და ვინც არის, თითქმის ყველა ბარსელონაში იყო, ფესტივალზე და ამიტომაც მინდოდა იქ წასვლა. ცხოვრებაში პირველად თვითონ დავაფინანსე ჩემი მოგზაურობა. ამ მოგზაურობამ ყველაზე მეტად გამზარდა. უფრო დამოუკიდებელი გავხდი, ფინანსური თუ პრაქტიკული თვალსაზრისით.

– მინდა, კიდევ ერთ პოსტს შევეხო, რომელიც მამასთან დაკავშირებით გეწერა – ყველაზე რთულ მომენტში, ყველაზე ცუდ დროს შემამჩნიე და გვერდით დამიდექი საყვედურების გარეშეო, წერდი. თქვენი მეგობრობა როგორია?

– ჩემი და მამას ურთიერთობა ჩემი თინეიჯერობის ასაკში ძალიან შეიცვალა კარგი კუთხით. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, იმაზე მეტი, ვიდრე ჩემი ასაკის ადამიანის ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო. ყველაფერში, რაც გავიარე, მამაც იყო ჩართული. სხვა ადამიანების მშობლებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შეიძლება, რაღაც მომენტებში მშობელს აგრესია გამოეხატა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა. ძალიან გახსნილები ვიყავით, ის აფასებდა ამას და ყველა პრობლემის დროს, რომელიც ამ პერიოდში მქონდა, საუკეთესო მეგობარივით მედგა გვერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი საუკეთესო მეგობარი მამაა.

– რა არის ახლა შენი გამოწვევები და მიზანი?

– რაღაც პერიოდით ჩემი პირადი ცხოვრება უნდა დავივიწყო. გავიარე სერიოზული ურთიერთობები და არ გამომივიდა. მივხვდი, რომ დღევანდელი „მესთვის“ საჭიროა, ის მხოლოდ საკუთარ თავზე იყოს ფოკუსირებული, რომ მომავალში პირადი ცხოვრება უფრო კარგად აეწყოს, შევქმნა ოჯახი და ყველაფერი იდეალურად იყოს. ამისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყო. კარიერა აწყობილი უნდა მქონდეს, ჰარმონიაში ვიყო საკუთარ თავთან და ბედნიერებისთვის სხვა ადამიანი არ მჭირდებოდეს. როცა ამ ყველაფერს დავალაგებ, მერე შემეძლება, შემოვიერთო სხვა ადამიანი, რომელთან ერთადაც შევძლებ ჯანსაღი ურთიერთობის აწყობას. მანამდე ამ პასუხისმგებლობის აღების სურვილი აღარ მაქვს.

Cesko