„მსმენელებს ახალი სიმღერებით გავანებივრებთ“ – როგორია „ღამის შოუს ბენდის“ სამომავლო გეგმები და რის გამო საყვედურობენ თაყვანისმცემლები ბენდის გოგონებს

0
801
21 Views

ათასობით ხალხი გვხვდება და გვეფერება, ამ ემოციას ალბათ, ვერაფერი შეცვლის, – ამბობს „ფორტუნასთან“ მომღერალი გელა გნოლიძე ზაფხულში გამართულ კონცერტებზე საუბრისას.

მისი თქმით, „ღამის შოუს“ ბენდის გეგმაა, რომ ზაფხულის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მოსახლეობას ცოტა ხნით მაინც გაუხალისონ ცხოვრება.

„გადატვირთული გრაფიკი ცოტათი დამღლელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი მანძილია გასავლელი. ხან კახეთიდან ბათუმში ვართ ჩასასვლელი ერთ ღამეში, მაგრამ ის ემოცია, რომელიც შემდეგ მოდის, ნამდვილად აქარწყლებს ამ ყველაფერს და დაღლილობა და სიცხეც გვავიწყდება“, – ამბობს გელა გნოლიძე.

მისივე თქმით, ახალ სიმღერებს მსმენელებს გადაცემის დაწყების შემდეგ შესთავაზებენ.

„საკონცერტო რეპერტუარი შედგება ყველა ჰიტისგან, რომელიც გადაცემის სხვადასხვა სეზონში ხალხმა შეიყვარა. ახალი სიმღერების პრემიერა შედგება, როდესაც გადაცემის ახალი სეზონი დაიწყება. ჩვენს და თქვენს [„ფორტუნას“] მსმენელსაც გავანებივრებთ ახალი სიმღერებით“, – აღნიშნა მან გეგმებზე საუბრისას.

გელა გნოლიძის თქმით, კონცერტებზე ბენდის გოგონების თაყვანისმცემლები როგორც უფროსი თაობა, ასევე ბავშვებიც, უხვად არიან ხოლმე.

„სხვადასხვა საჩუქრებს გვჩუქნიან, ხან თოჯინა იყო, ხან ნახატი და ხელნაკეთი სამკაულები. ზოგჯერ მოგერიებაც გვიწევს, მაგრამ მსმენელი უმეტესად დელიკატურად იქცევა.

კონცერტის შემდეგ ყველა ცდილობს ფოტოს გადაღებას და ამდენ ადამიანთან ფოტოს გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელია.

გოგოები ცდილობენ მალე გავიდნენ და ამის გამო, ხშირად არის ხოლმე გულისწყვეტა. [გოგოებს] საყვედურობენ, ასე მალე რატომ მიდიხართო. მაგრამ ყველასთან ვერ ვახერხებთ ფოტოს გადაღებას.

ღია კონცერტებს უმეტესად მთლიანი შემადგენლობით ვმართავთ. ჩვენთან ერთად არის გადაცემის პროდიუსერი ზვიად ბლიაძე, ჯიმი აბესაძე და გიორგი გაბუნია.

ბევრ ქალაქში ვიყავით და ჯერ კიდევ ბევრი კუთხე გვაქვს შემოსავლელი. სოციალურ ქსელში სულ სხვადასხვა ქალაქებიდან გვწერენ, რატომ ვჩაგრავთ და რატომ არ ჩავდივართ მათთან“, – ამბობს გნოლიძე „ფორტუნასთან“.

ჩვენთან საუბარში მან მსმენელის საყვარელი სიმღერებიც დაასახელა.

„გამოკვეთილზე გამოკვეთილად მოსწონთ ორი სიმღერა. „ლალები“ და „დაბადების დღე“. წელს ჩვენს მსმენელს ეს 2 სიმღერა განსაკუთრებულად უყვარს“. – თქვა გნოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ღამის შოუ“ ეთერში სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბრუნდება. მანამდე კი ბენდს სულ კონცერტები ექნება.

წყარო: რადიო „ფორტუნა“

Cesko