ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მამუკა ონაშვილი, ავტოავარიაში მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად, 1 აგვისტოს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალბათ, რთული იქნება ადამიანის პოვნა, ვისაც მამუკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა, ამიტომ მისი წასვლა ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
აჩი ფურცელაძე: რესტორნიდან გამოსულან და მამუკას მანქანაში ჩამსხდარან, მაგრამ თვითონ საჭესთან არ იჯდა. მისი მეგობარი მჯდარა. ნატახტრის ტერიტორიაზე, რესტორნებთან ახლოს, მანქანას ატრიალებდნენ, რომ საპირისპირო მხარეს გადასულიყვნენ. ამ დროს ჩამოიქროლა ავტომობილმა, დაეჯახა მამუკას მანქანას და ამოაბრუნა. როგორც ჩანს, ის მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მოდიოდა. მამუკას კუჭი გაუსკდა, ნაწლავებიც და საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რაღაც მომენტში გონებაზე ყოფილა და უთქვამს, ჩემი ოჯახის წევრებს არ გააგებინოთო. ღამით 12-ის ნახევარზე მოხდა ეს ამბავი. ჯერ მცხეთაში მიიყვანეს, შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს და აქ გაუკეთეს ოპერაცია. მე მეორე დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში და ეს რომ გავიგე, მაშინვე საავადმყოფოში წავედი. ორი რთული ოპერაცია მაქვს გაკეთებული მუცლის ღრუში და ვიცი, რომ ოპერაციის შემდეგ 72 საათი კრიტიკულად მძიმეა და მერე ნელ-ნელა მოდის უკეთესობა. პრობლემები სერიოზული იყო – დაზიანებები, ჭარბი წონა… წნევის დარეგულირება ძალიან გართულდა, მაგრამ უკეთესობის იმედი გვქონდა. მკურნალი ექიმი გვერდიდან არ მოშორებია. იმ ღამით, გვიან სახლში წამოვედი და მეორე დილით რომ მივედი, არავინ დამხვდა – ღამენათევები მოსაწესრიგებლად იყვნენ წასული. დილით რომ რეანიმაციაში დავრეკე, არ მიპასუხეს. ამასობაში მამუკას ნათლულიც მოვიდა და ვსაუბრობდით. 12-ისკენ დაცვა მოვიდა, მამუკასთან ხართ, ხომ, ზემოთ გეძახიანო. გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ თან, ვფიქრობდი, ალბათ, რამე დასჭირდათ-მეთქი. ავედით, დავრეკე და მითხრეს, ცუდი ამბავი გვაქვს, მამუკას გული გაუჩერდაო.
„აჩი, ცუდი ამბავი გვაქვს, გული გაჩერდა“ – აქედან დაიწყო ისტორია, როდესაც უკვე ვამბობ, რომ მამუკა აღარ არის.
ჩვენ ძალიან ბევრწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. დედაჩემს „დეე, დეეეს“ ეძახდა. ერთი ფოტო გვაქვს მე, მამუკას და დედაჩემს. ამ ფოტოზე სამივე ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ვამბობდით, ძმები ვართ, ხატულა ორივეს დედააო. უდიდესი სითბო და სიყვარული გვქონდა. დედაჩემი მასაც შვილს ეძახდა.
მოსკოვშიც ერთ პერიოდში ვიყავით და სულ ვხედავდით ერთმანეთს. განვიცდიდით, აქ რომ ვერ ვიყავით, მაგრამ მადლობელი იყო იმისთვის, რომ ლუკმაპური გვქონდა, სხვას არ ვართმევდით და ცუდი საქმით არ ვშოულობდით იმას, რაც ოჯახში უნდა გამოგვეგზავნა.
მაცაცო კევლიშვილი (მეგობარი): მამუკა ჟურნალისტის ამპლუაში გავიცანი. მაშინ პოლიტიკურ გაზეთში ვმუშაობდი და პირველი რესპონდენტი იყო, რომელმაც ძალიან ბევრი მაცინა, სულ ხუმრობდა. მერე მასთან ერთად ფილარმონიაში მომიწია მუშაობა. მაშინ ბაღაშვილები მართავდნენ ფილარმონიას. მე პიარში ვმუშაობდი. ამ გუნდის ყველა წევრს საოცარი იუმორი აქვს. მით უმეტეს, იმ პერიოდში ძალიან დიდი არტისტები იყვნენ შეკრებილები: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ხშირად მოდიოდა რამაზ ჩხიკვაძე. უდიდესი სიამოვნებაა ჯემალ და გია ბაღაშვილებთან ერთად მუშაობა, იუმორს იქით, ასეთი განათლებული ადამიანები არ გენახოს. მამუკა, ბერულაშვილი, როსტომაშვილი, ნინაკა, გეგეჭკორი, ჯაში და მოკლედ, სასწაულები ხდებოდა კულისებში. თუმცა, მე ვერაფერს ვერ მატყუებდნენ და ამას ძალიან განიცდიდნენ, განსაკუთრებით კი მამუკა. ერთმანეთს სულ ეხუმრებოდნენ, ხან ვის დაურეკავდნენ, ხან რით შეაშინებდნენ, ხან ვისი ხმით დაელაპარაკებოდნენ. მერე, მართლა ის ხალხი რომ მირეკავდა, ვის პაროდირებასაც ესენი აკეთებდნენ, იმათიც აღარ მჯეროდა. ძალიან ვფრთხილობდი. მე და მამუკას განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, იმიტომ, რომ საერთო ნაცნობები აღმოგვაჩნდა, თბილისი ხომ პატარა ქალაქია? ძალიან ხშირად ვხვდებოდით მამუკას კლასელის ოჯახში, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. გვიგუნდავია კიდეც ერთად. მამუკა ყველაზე დიდი, ორმეტრიანი ბავშვი იყო. თან პირველ ივნისს არის დაბადებული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
არასდროს თამაშობდა, ძალიან ალალი, გულმართალი და მხიარული იყო. თუ მამუკას რამე უჭირდა, ამის შესახებ არავინ იცოდა. სამი წლის განმავლობაში, სანამ რუსეთში წავიდოდა, მასთან ყოველდღიური შეხება მქონდა და მთელი ეს პერიოდი, მისგან ერთხელაც კი არ გამიგონია, რომ ცუდად იყო. ეგ კი არა, ერთხელ მის მეგობარს შემთხვევით იარაღი გაუვარდა და მამუკა ფეხში დაიჭრა. იმ დღეს ჩემთან ჟურნალისტები იყვნენ სტუმრად. მოვიდა, ამ ჟურნალისტების მაგიდასთან დაჯდა და მგონი, ყველასთან ერთად იცეკვა. მეორე დღეს, ეს ამბავი რომ გავრცელდებოდა, პირველი ვინ გაიგებდა? რა თქმა უნდა, ჟურნალისტები, ხომ? და პირველ რიგში ისინი იტყოდნენ, რა სისულელეა, გუშინ მამუკა ჩვენთან ერთად იყო და იცეკვაო. მე რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ასეთი ამბავი მოხდა და კინაღამ გავგიჟდი. მაშინ პირველად ვიჩხუბეთ. ძალიან დიდი ხანი არ ველაპარაკებოდი. მაშინვე „ჟურნალისტური ჩამერთო“. როგორ შეიძლება, ასეთი რამე არ თქვა? მეგობარი იყო და პირველ რიგში, ძალიან ვინერვიულე მის გამო. თან, ვფიქრობდი, რომ პირველ რიგში, პოლიციაში უნდა დაერეკათ. რომ მომკვდარიყავი, მერე რას მოხდებოდა-მეთქი, ძალიან ვიჩხუბეთ. ის ქართულად და კაცურად მოიქცა, მეგობარს პრობლემები არ შეუქმნა, მაგრამ მე ჟურნალისტი და თან, ქალი ვარ და გამიჭირდა ამის გაგება. თუმცა, კარგად ჩანს, რა დონეზე შეეძლო ტკივილის მოთმენაც. მოგვიანებით როგორც გავიგე, კუსტარულად ჰქონდა ფეხი გადახვეული და მთელი საღამო ასე ცეკვავდა. მერე მითხრეს, ფეხსაცმელი სისხლით ჰქონდა სავსეო და ამაზე სულ გავგიჟდი. სამი საათის განმავლობაში, მგონი, ოც ადამიანთან ერთად იცეკვა. თან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წონა ჰქონდა, იცით, რომ ძალიან მოქნილი, სხარტი და მოძრავი იყო.
მასავით კეთილი ადამიანი არ მეგულება. დღემდე მომყვებიან მეგობრები, რომელიც მამუკამ გამაცნო და ვხვდები, რამდენი კარგი ადამიანი შემოიყვანა ჩემს ცხოვრებაში. ახლა და ახლა ვხვდები, როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.
მასთან ერთად ვერ მოიწყენდი, სულ ხუმრობდა, სულ რაღაცებს იგონებდა. ერთხელ ხაშის საჭმელად წაგვიყვანა. მე ვთქვი, რომ ხაში მანამდე არ მქონდა ნაჭამი და მთელი გზა ლაპარაკობდა, როგორი ბანჯგვლები აქვს ხაშს, რომ რა სჯობია ბანჯგვლიან ხაშს (იცინის). რა თქმა უნდა, არც იმ დღეს მიჭამია ხაში და არც აღარასდროს ცხოვრებაში. ახლოსაც ვერ მივდივარ (იცინის). დედაჩემის გაკეთებული აჯიკა მოეწონა და ერთხელ, რაღაც ღონისძიებაზე მივდიოდი და მთხოვა, გეხვეწები, წამომიღეო. ცოტა დაულაგებელი პერიოდი იყო მაშინ, პურიც ვერ ვიშოვეთ გარეთ ღამე. ჰოდა, მამუკამ გამხმარი ქადა იშოვა და მან და ზურა დოიჯაშვილმა ნახევარი კილო აჯიკა ჭამეს გამხმარ ქადასთან ერთად.
რომ ვისხედით და სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ამ დროს, მამუკა ისეთ საოცარ მოძრაობას გააკეთებდა, ისეთ ხმას გამოსცემდა, გეგონებოდა, ან მაგიდა ჩატეხა, ან სკამიო. მამუკას, ბესო ბერულაშვილისა და დათო როსტომაშვილის ოთახში შემოსვლის დროს, ყველა ყინულს მოარბენინებდა. ისეთ იმიტაციებს აკეთებდნენ, ყველას ეგონა, რომ კარს ან კედელს მიარტყეს თავი (იცინის).
ერთხელ, ვახტანგ ტატიშვილმა იხუმრა, რომ ვითომ რესტორნიდან წითელი გამათბობელი მოიპარა. სინამდვილეში ისე იყო ჩახუტებული ამ გამათბობელს, მეპატრონემ უთხრა: წაიღე, გჩუქნიო. მანამდე ხუმრობდა, ვაიმე, მაჩუქეთ, ძალიან მცივაო. მეპატრონესაც მართალი ეგონა და აჩუქა (იცინის). ეს სულ ორმა ადამიანმა დავინახეთ. ამ დროს ჩვენთან ერთად იყო ადამიანი, რომელსაც საერთოდ არავინ იცნობდა. ანუ, ერთად ვართ რესტორანში: კახი, გივი, ტატიშვილი, ბაღაშვილი, ონაშვილი და მე, რომელსაც ასევე არავინ იცნობდა და ეს ბიჭი, რომელიც საერთოდ რა შუაში იყო არ მახსოვს. მე ესენი მაინც მიცნობდნენ და მას, მგონი, არავინ. მოკლედ, წამოვედით იქიდან ზუსტად იმ ხაშის საჭმელად, რომელიც ზემოთ ვახსენე და უცებ, ვხედავთ, ეს უცნობი ბიჭი პანიკაშია. გაიგო, რომ ტატიშვილმა რესტორნიდან წითელი „ფეჩი“ წამოიღო. ეს ამბავი მამუკამ გაახმოვანა – რა ქნა ეს ვახომ, წითელი რეფლექტორი მოიპარა რესტორნიდანო. მოკლედ, დიდი ხუმრობა მიდის ვახოს „ქურდობაზე“. ამ ბიჭმა დაიჯერა, რომ ტატიშვილმა მართლა მოიპარა ათლარიანი გამათბობელი და უცებ პანიკაში ჩავარდა, მე მთელი საქართველო მიცნობს და თქვენ ეს რა გააკეთეთო (იცინის). როგორი სიჩუმე ჩამოვარდა, ვერც აღვწერ. უცებ, მამუკამ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა. გადმომხედა და მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ უკვე ცრემლები მომდიოდა და მეუბნება: მაცაცო, გოგო, ხომ გაგაფრთხილე, არ გაიცინოო (იცინის).
მამუკას ძალიან უყვარდა ტკბილეული და ფუნთუშები. ღამის ორ საათზე მიმიყვანდა დაკეტილ კაფესთან და მცხობელს გააღებინებდა, რომ ფუნთუშები ეჭამა. რაც შეიძლება, ბავშვს უყვარდეს, გართობა, სიცილი, სიმღერა – ყველაფერი ძალიან უყვარდა. ძალიან კარგად ხატავდა, ბოლოს გამოფენაც ჰქონდა და ძალიან ბედნიერი იყო. წარმოუდგენლად მაგარი მეგობარი და ძალიან მაგარი ტიპი იყო. მისნაირ ადამიანებს არაფერი არ ეშლებათ. ძალიან მაგარი თბილისელი კაცი იყო, ნამდვილი ქალაქელი ტიპი. ისე გამოიყვანდა ადამიანს უხერხული სიტუაციიდან, ისე ლამაზად შეფუთავდა ყველაფერს, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. წარმოუდგენლად ღირსეული ბიჭი იყო.
თამუნა პეტრიაშვილი (მეგობარი): მამუკაზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მაკავშირებს საერთო მოგონებები მასთან. წავიდოდი თუ წამოვიდოდი, მამუკას მივეტუზებოდი გვერდით და იცინოდა, დოიჯას ეუბნებოდა, არ იცი, ეს ჩემს გვერდით რატომ დგება? იმიტომ, რომ გამხდარი ჩანსო. იღლიაში ამომიჩრიდა და აქეთ-იქით დამაწანწალებდა. სიყვარულის დღეს მე და ბესო ჩუბინიძეს კონცერტი მიგვყავდა მუშთაიდში. მამუკამ და დოიჯამ ოთახში შემიყვანეს და ძალიან ბედნიერად დამათვრეს, ცალკე ბესო მეძებდა, ცალკე მიკროფონი დავკარგე და სცენაზე რომ გავედი, კაბის ჯიბეში ქათმის ბარკალი მედო. რომ მოვტრიალდი, მთელი მუშთაიდი ძირს იწვა.
გული მაქვს გაგლეჯილი, ჯერ – დოიჯა, ახლა – მამუკა.
მამუკასთან ვერასდროს მოიწყენდი, დიდი ბავშვი იყო, ძალიან განსხვავებული ადამიანი. ვერ წარმომიდგენია და არც მინდა იმის დაჯერება, რაც მოხდა. არც პანაშვიდზე ვყოფილვარ, არც დაკრძალვაზე, იმიტომ, რომ მინდა ჩემთვის სამუდამოდ ცოცხალი დარჩეს… ყველაზე კეთილი პუტკუნა და ყველაზე გულმართალი კაცი იყო. გადამკვდარი ბიძა, ძმა და შვილი… ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ შვილი არ დარჩა. დისშვილი ჰყავს, რომელიც ჯინს ეძახდა, რადგან მისი ყველა სურვილის ამსრულებელი იყო. თუმცა, მარტო ძმისშვილის არა, ყველას მიმართ უზომოდ კეთილი იყო და ალბათ, ამიტომაც დაიმსახურა მთელი საქართველოს სიყვარული.