თბილისს მოსკოვიდან „სკამის“ არჩევა მოსთხოვეს?

0
2236
17 Views

კრემლმა ამჯერად სამიზნეში ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ამოიღო: ჯერ ივნისის შუა რიცხვებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ შეაფასა დესტრუქციულად უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ აშშ-ის, ევროკავშირის, ეუთოს, შვეიცარიის ნაბიჯები და ფორმატის ფარგლებში შეხვედრის „ნეიტრალურ“ ადგილზე გადატანის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შემდეგ რუსეთ–საქართველოს ომის 14 წლისთავის დღეებში დაახლოებით იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო უწყების პრეს–სპიკერმა მარია ზახაროვამ: „ჟენევის მოლაპარაკებები გეოპოლიტიკის მსხვერპლად იქცა. ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორები იაზრებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული არალეგიტიმური სანქციებით და სხვა შემზღუდავი ზომებით ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია დამატებით სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ისედაც არც თუ მარტივ სამუშაოს ჟენევის ფორმატში, რითაც დისკრედიტაციას ახდენენ თავად ფორმატის და შეხვედრის ადგილის“.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის 9 აგვისტოს კომენტარში კი უკვე მუქარამ გაიჟღერა:

„ძირითადი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა რეგიონში პროგნოზირებადობას და სტაბილურობას, იყო 2008 წელს მოწვეული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების მონაწილეობით და გაერო-ს, ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით. ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი იყო ევროკავშირის, შეერთებული შტატების და თავად შვეიცარიის აშკარა სურვილი, ჩაშალონ ჟენევის დისკუსიების მუშაობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების საბაბით. ბოლო შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან შეიძლება, გამოიწვიოს მიზანმიმართული პროვოკაციები. ამდენად, აგრესიის მორიგი თარიღის აღნიშვნისას (საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ) უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი რამ მომავალში“

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვი თბილისს აშანტაჟებს, შეცვალოს შეხვედრის ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახურავს ფორმატს. ფორმატი კი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, კვლავ კრემლის წყალობით არ იძლევა ხელშესახებ შედეგებს, ერთადერთია, რომელიც ოკუპაციის საკითხებზეა ფოკუსირებული, ხოლო რუსეთი წარმოდგენილია კონფლიქტის მხარედ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თბილისი მოლაპარაკების მაგიდასთან პარტნიორებთან ერთად ზის და არა მარტო – პირისპირ ოკუპანტთან. ამდენად, მოსკოვის მიდგომა, კომენტატორთა ნაწილის ხედვით, მკაფიო სიგნალია საქართველოსთვის, რომ დასასრულს უახლოვდება დრო, როცა „ორ სკამზე“ ჯდომა იყო შესაძლებელი. ამ მოსაზრებას არ იზიარებს საგარეო პოლიტიკის საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი, საქართველოში. მათ შორის, ხელისუფლების ჩართულობით გაჩაღებული ანტიდასავლური კამპანიის გათვალისწინებით, მკვლევარი ფიქრობს, რომ ოფიციალური თბილისი უკვე აღარ ზის „ორ სკამზე“.

რაც შეეხება რუსი დიპლომატების რიტორიკას, ბილანიშვილი აქ უფრო საერთაშორისო კონტექსტს ხედავს: მისი ხედვით, იზოლაციაში მყოფი რუსეთისთვის დასავლეთთან ნებისმიერი ფორმატის რაღაც ფორმით აღდგენა, თუნდაც სრულიად უშედეგოსი და დასავლეთის ქვეყნების მის წინადადებებზე დაყოლიება, ერთგვარი წარმატებაა, სჭირდება რა ეს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით პიარისთვის:

„ვფიქრობ, ამ საკითხზე რუსეთი უფრო ტაქტიკური ამოცანიდან გამომდინარე აქცენტირებს, ვიდრე სტრატეგიული: ომის ფონზე სჭირდება რაღაც ტიპის საერთაშორისო აქტივობები და სურს, თავის პირობებზე წამოიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება. მოსკოვის გადმოსახედიდან, ნებისმიერი მცირე, ტაქტიკური გამარჯვებაც, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, მაინც გამარჯვებაა – ის დიპლომატიურად იზოლირებულია, სანქციების ქვეშაა და მცირე წარმატება იგივე შიდა პიარის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – „ჩვენ ყველა ანგარიშს გვიწევსო“. სწორედ ამ მიდგომას ვხედავ ამ შემთხვევაში და არა რაღაც უფრო მასშტაბურს“.

არსებობს კიდევ ერთი რისკი – საქართველოს რუსეთთან პირისპირ დარჩენისა და სწორედ ამ საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

საქმე იმაშია, რომ არსებობს კიდევ ერთი ფორმატი – აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც დეკლარირებულად, ჰუმანიტარულ–ეკონომიკურ საკითხებზეა კონცენტრირებული, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არც პოლიტიკური საკითხები რჩება ყურადღების მიღმა. ეს საქართველო–რუსეთის პირისპირი მოლაპარაკებების ერთადერთი ოფიციალური არხია. არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ კონფლიქტების თემის სწორედ ამ – ორმხრივ ფორმატში გადატანას შესაძლოა, ცდილობდეს კრემლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ვფიქრობ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, რთულია, ზოგადად რუსეთთან ნებისმიერი ფორმით დიალოგზე ვისაუბროთ. ერთი, რომ აქამდეც არაფერი მოჰქონდა, მეორე – ეს იყო რუსეთის კონტექსტში ჩასმის მცდელობა, რადგან მაგიდასთან რაღაც პერიოდულობით მაინც მოგვეყვანა. დღეს მასთან საუბრის რესურსი ამოწურა, მათ შორის, გერმანია–საფრანგეთმა (რომლებიც ასევე იყვნენ ჩართულები ამ დიალოგის პროცესში). ამდენად, ვფიქრობ, გადასააზრებელია ზოგადად საქართველოს რუსეთისადმი დამოკიდებულება. თუ მანამდე იყო პრაგმატული მიდგომა და დიალოგის ფორმატები, დღეს ფაქტია, რომ დიალოგი შედეგს არ იძლევა: დიალოგის მიუხედავად შეიჭრა უკრაინაში და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ამდენად, ამ შემთხვევაში ეს ვეღარ იმუშავებს როგორც რუსეთის აგრესიის განახლების ალბათობის შემცირების მექანიზმი – ჟენევის ფორმატი ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. ვფიქრობ, ხომ არ არის რუსეთიდან მცდელობა, ორმხრივ ფორმატში გადაიტანონ ეს ურთიერთობა? ეს დაუშვებელი იქნება! შესაძლოა, რუსეთთან რაღაც თემებზე გვესაუბრა, მაგრამ ჟენევის ფორმატის მოშლა და კონფლიქტის თემის ორმხრივ ურთიერთობებში გადატანა ყოვლად დაუშვებელია! როგორი იქნება ომის შემდგომი მოცემულობა, როგორ ჩამოყალიბდება ზოგადად ურთიერთობების კონფიგურაცია და დამოკიდებულებები რუსეთის მიმართ, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს საქართველოს დამოკიდებულებების განახლებაც, მაგრამ ფორმატი კვლავ მრავალმხრივი უნდა იყოს – კვლავ საერთაშორისო ზეწოლა, პარტნიორებთან თანამშრომლობა. ვიმეორებ, საკითხის ორმხრივ ფორმატში გადატანა გუშინაც დაუშვებელი იყო და მომავალშიც დაუშვებელი იქნება, თუ მანამდე ცხადია, კეთილშობილი ანგელოზი არ მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში, რომელიც გადაიაზრებს რუსულ პოლიტიკას, რაც ფანტასტიკის სფეროა.

– ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზთან სერიოზული პრობლემებია და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფორმატში სწორედ ამ საკითხებზეც მიმდინარეობდა საუბარი. თუ ჟენევის ფორმატი დაიხურება, ამ თემებზე სადღაც ხომ უნდა ისაუბრონ? და შესაძლოა, ბუნებრივადაც კი შემოგვთავაზონ ალტერნატივის სახით აბაშიძე–კარასინის ფორმატი…

– ამ ფორმატს თავის დროზე გარკვეული რაციონალობა ახლდა და შედეგებიც ჰქონდა კულტურულ–ეკონომიკური კუთხით, თუმცა იქ ცალსახად არ შეიძლებოდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების განხილვა და ზურაბ აბაშიძეც არიდებდა ამას თავს. ვიმეორებ, ამ თემების ორმხრივ ფორმატში გადატანა ცალსახად დაუშვებელი იყო გუშინ, დაუშვებელი არის დღეს და დაუშვებელი იქნება მომავალშიც! აი, როგორი უნდა იყოს ფორმატი მომავალში იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთისთვის გერმანია–საფრანგეთი აღარ არის შემაკავებელი ფაქტორი და ზოგადად, ურთიერთობების გლობალური კონიუნქტურა შეიცვალა, ამაზე ომის შემდგომი მოცემულობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. მანამდე კი ვფიქრობ, არაფრისთვის ხელის ხლება არ შეიძლება.

– ორივე ფორმატს გულისხმობთ?

– კარასინი–აბაშიძის ფორმატის აზრსაც ვერ ვხედავ ამჟამად: სანქციების ქვეშაა ქვეყანა და რა ეკონომიკურ საკითხებზე უნდა ველაპარაკოთ? ზოგადად ვერ ვხედავ დღეს რუსეთთან დიალოგის რაციონალურ აზრს, თუ რაზე უნდა ველაპარაკოთ.

– მინდა, მკითხველისთვის განვმარტოთ, რატომ არის დაუშველები კონფლიქტებზე რუსეთთან პირისპირ საუბარი…

– ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მომდინარეობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან (ე.წ. სარკოზი–მედვედევის შეთანხმება). ეს დოკუმენტი ასევე გულისხმობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნებას სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე და მხოლოდ სამშვიდობოების დარჩენას. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაადგინა. ჩვენ თუ რუსეთთან ამგვარი საკითხების გადასაწყვეტად პირისპირ დავსხდებით, ის ეცდება, თავისი ძალისმიერი პოლიტიკის მსხვერპლი გახადოს საქართველო და არ გვეყოლება პარტნიორები, რომლებიც ძირითადად ჩვენს პოზიციებს აძლიერებენ. საუბარია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე, რომელშიც პარტნიორები გვეხმარებიან. მათ გარეშე ამ საკითხების განხილვა გამოიწვევს ჩვენი მდგომარეობის და პოზიციების დასუსტებას. ამიტომ, ჩვენ ცალსახად პარტნიორებთან ალიანსში უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი სუსტი შესაძლებლობები გავაძლიეროთ მათი მხარდაჭერით. ამდენად, რაც არ უნდა ძლიერი იყოს პიროვნულად ჩვენი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს დიპლომატიური გამოცდილება, რუსეთთან მარტოდ დარჩენა წარმოუდგენელ მარცხს მოიტანს.

– არსებობს კიდევ ერთი ფორმატი – ე.წ. 3+3, რომელიც მოიაზრებს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და ირანის ჩართულობას. ფორმატში მონაწილეობაზე საქართველომ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით უარი განაცხადა და რეალურად ფორმატი, რომელიც ამჟამად ვერ ფუნქციონირებს, 3+2–ად იქცა. ხომ არ არის მცდელობა, სწორედ ეს ფორმატი შემოგვთავაზონ ასევე ბუნებრივად?

– თეორიულად ვსაუბრობთ და ესეც დასაშვებია. ამ წლების განმავლობაში რუსეთს სულ ჰქონდა მცდელობა, ყოფილიყო არა კონფლიქტის მხარე, არამედ შუამავალი, როგორც ეს იყო 2008 წლამდე – ისინი შუამავლის როლს ასრულებდნენ, ჰქონდათ მანდატი გაეროდან და ეუთოდან მონიჭებული. 2008 წლის ომმა, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთი რეალურად მხარეა, ომის მონაწილე. ის ცდილობდა, რომ ჟენევის ფორმატი ყოფილიყო დიალოგი ქართველებსა და აფაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის, ხოლო თავად ყოფილიყო შუამავალი. ამიტომაც, თუ სურთ, ორმხრივ ფორმატში გადაიტანონ ჟენევის ფორმატი, არაა გამორიცხული, სცადონ, აფხაზები და ოსები წარმოაჩინონ მხარედ. მათთან დიალოგი ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები. რუსეთი ოკუპანტია და არა შუამავალი. ფორმატების შეცვლამ შესაძლოა, გამოიწვიოს ახალი როლები, რაც ჩვენ არ გვაწყობს. ამჟამად არსებობს ჟენევის ფორმატი, დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს. და თუ მომავალში შეიქმნება ფორმატი, კვლავ ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს და რუსეთი იმ შემთხვევაშიც მხარე უნდა იყოს და არც ერთ შემთხვევაში, შუამავალი!

– და 3+3 ფორმატში შესაძლო, „ჩათრევაზე“ რას ფიქრობთ?

– საქართველოს ეს ფორმატი არაფერში სჭირდება. ამ ფორმატში საქართველო შესაძლოა, რუსეთთან პირისპირ არა, მაგრამ იმგვარ კონფიგურაციაში აღმოჩნდეს, სადაც მისი პოზიციები სუსტად იქნება წარმოდგენილი. აქ მეტი გავლენა იქნება რუსეთის. ისეთ ფორმატებში, სადაც ჩვენ აპრიორი წამგებიან პოზიციაში ვიქნებით, არ უნდა შევიდეთ. მორალურ მხარეს რომ შევეშვათ და რაციონალურად მივუდგეთ, ეს იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი „დსთ“–ს მსგავსი ორგანიზაცია, რაც ჩვენ არანაირ ეკონომიკურ–მატერიალურ–პოლიტიკურ შედეგს არ გვაძლევს, რუსეთი დეოკუპაციას არ ახორციელებს, შესაბამისად, მისი გავლენის ქვეშ რატომ უნდა მოვხვდეთ?!

– თუ რაციონალურად შევხედავთ, არც ანტიდასავლური კამპანია უნდა იყოს გაჩაღებული ქვეყანაში, მით უფრო, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, მაგრამ ამგვარი კამპანია რეალურად მიმდინარეობს…

– ეს უფრო სხვა თემაა…

– მესმის, მაგრამ დეტალებია, რაც ჯამში ქმნის ფართო სურათს…

– მე უფრო საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობდი. ანუ, ფორმატი შეიძლება, განიხილო იმ შემთხვევაში, თუ აქედან სარგებლის მიღება შეგიძლია. 3+3 ფორმატში მონაწილეობის საჭიროებას კი ვერ ვხედავ. ცხადია, გვჭირდება ურთიერთობები მეზობლებთან და ეს საგარეო პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ არა იქ, სადაც რუსეთია დომინანტი. მეორე – რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში კონფლიქტების საკითხის განხილვა მიუღებელია, რადგან კიდევ ერთხელ დავიჩაგრებით! რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, ცხადია, არასასიამოვნოა ის, რაც ხდება. ხელისუფლების ეს ქმედებები იწვევს ეჭვებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს გადაჭარბებული სიფრთხილით იყოს გამოწვეული: შენარჩუნდეს ეკონომიკის მზარდი ტენდენციები … მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არც ეკონომიკურად არის მდგრადი, არც პოლიტიკურად, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში. ვფიქრობ, ეს ნაბიჯები ძალიან დამაზიანებელია და არც რეკომენდირებულია ქვეყნისთვის. ქვეყანა უფრო მყარი უნდა იყოს საკუთარ შეფასებებში, პარტნიორებთან ურთიერთობაში და მხოლოდ ეკონომიკურ ბენეფიტებს არ უნდა გამოეკიდოს.

– თქვენ ახსენეთ გადაჭარბებული სიფრთხილე. გამორიცხავთ, რომ ამავე გზით აღმოვჩნდეთ 3+3–ში?

– ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ყოვლად დაუშვებელი იქნება! ცალსახად ვამბობ, ეს არ იქნება სახელმწიფო ინტერესი! პირიქით, იქნება სახელმწიფო ინტერესების საზიანო! თუ ვიღაც ამას განიხილავს იმიტომ, რომ ეშინია, რაღაც ინტერვენცია არ მოხდეს… ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს ამის ფასი, ეს დაუშვებელია! როდესაც დსთ–ში გაწევრიანებაზე იყო საუბარი, თითქოს მაშინ იყო ამგვარი მუქარა, „თუ არ გაწევრიანდებით, თბილისს ავიღებთო“. არ მგონია, ამჟამად საკითხი ამგვარად იდგეს, თუმცა რუსეთიდან მუქარის არსებობას ვუშვებ: შესაძლოა, ფარული არხებით ემუქრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ისიც გადაჭარბებული სიფრთხილით ეკიდება რაღაცეებს. პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, რისკის ხაზზე ყოველთვის დადიხარ, მაგრამ არ უნდა უღალატო საკუთარ პრინციპებს, საკუთარ ინტერესებს და პარტნიორებს!

წყარო:accentnews.ge

Cesko