,,თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს, გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა! შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას. ნუ დაისახავ მიზნად, იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია.
შენ არ უნდა ეცადო, რომ იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავება უფრო გამოჩნდება. გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი. შენი გამორჩეულობა შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ შენ არ ხარ გამორჩეული. გამორჩეულობა, პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა, ლახვრად ექცევა შემოქმედს, ბევრი მათგანი დაუღუპავს პოპულარობას. თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე…”, – სცენარისტმა, მწერალმა ერლომ ახვლედიანმა ეს სიტყვები 70 წლის ასაკში დაწერა.
ერლომ ახვლედიანი 25 წლის იყო, როდესაც მწერლობის გზას შეუყვა. მისი ნაწარმოებები მალევე იქცა სცენარებად, შემდეგ კი ცნობილ ფილმებად – “ფიროსმანი”, “ამაღლება”, “ივანე კოტორაშვილის ამბავი”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “არასერიოზული კაცი”, “ცხელი ზაფხულის სამი დღე”, “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”… მისი სიცოცხლის 78 წელი სავსე იყო ტრაგედიებით, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა, წერდა და წერდა… სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მისმა ნაწარმოებმა “კოღო ქალაქში” ლიტერატურული პრემია “საბა” მიიღო. ერლომ ახვლედიანის გარდაცვალებიდან მარტში 10 წელი შესრულდა…
ჩვენი თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთ გამორჩეულ შემოქმედს და მოაზროვნეს ,,სარკესთან” მისი ვაჟი, ბაქარ ახვლედიანი იხსენებს.
ტრაგიკული ბავშვობიდან დიდ ხელოვნებამდე
ბაქარ ახვლედიანი: მამაჩემი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამა, სერგო ახვლედიანი, მხატვარი იყო. დედა ბარბარე დადიანი გახლდათ. ისინი ლეჩხუმში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს ბაბუას ყველა ნახატი დაუწვეს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ვინ. ამის შემდეგ თბილისში გადმოსახლდა. მამას სამი დედმამიშვილი ბავშვობაში გარდაეცვალა. მხოლოდ ერთი და ჰყავდა დარჩენილი – მადონა, რომელიც რამდენიმე წლის წინ წავიდა ამქვეყნიდან. ერლომს პატარაობიდანვე ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და არც შემდგომ წლებში დაჰკლებია მძიმე დღეები.
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიის ფაკულტეტზე. 25 წლისამ დაიწყო სცენარების წერა. მოსკოვში უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა. პარალელურად მისი სცენარით პირველი ფილმი შეიქმნა – “აპრილი”, რომელიც ოთარ იოსელიანმა გადაიღო.
ბრმა ტყვიას შეწირული დედა
– პირველი ოჯახი დაენგრა. მიზეზი არასდროს მიკითხავს. მამაჩემის მხრიდან მყავს ნახევარდა – ანუკა ახვლედიანი. ჩემზე 17 წლით უფროსია. სამწუხაროდ, ის გონებაშეზღუდულია და მუდამ სახლშია. იშვიათად ვახერხებ მის მონახულებას, მაგრამ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მარტო დარჩა, რამდენიმე წლის წინ დედაც გარდაეცვალა და მომვლელი პატრონობს. თავისი მდგომარეობის გამო მუშაობაც არ შეუძლია.
მამაჩემი 53 წლის იყო, როდესაც მეორედ დაოჯახდა. ერთ წელიწადში მე გავჩნდი. დედაჩემის დეიდაშვილი რეჟისორი იყო, ის მამაჩემს ახლოს იცნობდა. ერთმანეთი სწორედ მან გააცნო.
დედაჩემი მარინა თურმანიძე გახლდათ. ხელოვნებათმცოდნე იყო. თავისი პროფესიით მუშაობდა, სამსახურიდან საზღვარგარეთ დადიოდა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. 5 წლის ვიყავი, როდესაც დედა მომიკლეს. 1992 წელს ის ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო და შემთხვევითი ტყვია მოხვდა. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი მოუყოლია და არც მინდა, რომ ვიცოდე…
მისი გარდაცვალების დღე კი კარგად მახსოვს, დედა სტუმრად რომ მიდიოდა, მოვეხვიე და ვეხვეწებოდი, არ წასულიყო. მამა ჩემთან დარჩა, დედა კი წავიდა და წავიდა… მას მერე ბებია (დედის დედა) და ბიძა მზრდიდნენ.
მარტოხელა მამა
– მამას ყოველდღე ვნახულობდი, სკოლაში მივყავდი, მპატრონობდა, როგორც შეეძლო. 13 წლის რომ გავხდი, სახლში გამოვაცხადე, მამასთან მინდა-მეთქი და საცხოვრებლად მასთან გადავედი. მაშინ ფინანსურად უჭირდა და წვალებ-წვალებით გამზარდა. ასაკში გაჩენილი შვილი ვიყავი და ამიტომ განსაკუთრებით ვუყვარდი. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 54 წელი იყო.
მამასთან რომ გადავედი საცხოვრებლად და მისი შესანახი გავხდი, სამსახურის ძებნა დაიწყო. ,,დილის გაზეთში” სტატიებს აქვეყნებდა. მერე იქიდანაც წამოვიდა და უმეტესად სახლში იჯდა. ბოლო წლებში რამდენიმე ფილმზე კი იმუშავა, მაგრამ უმეტესად უმუშევარი იყო, ამიტომ სულ წერდა. ჩემი ბავშვური გასართობებით ისე ვიყავი გატაცებული, ნაკლებად ვინტერესდებოდი იმით, თუ რას წერდა. რატომღაც საქმესთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ვეკითხებოდი, არც ფილმებზე და არც ნაწარმოებებზე.
მამას ყველგან თან დავყავდი, დილიდან საღამომდე ერთად ვატარებდით დროს. მახსოვს, ქუჩაში მასთან ერთად სიარული რა დამღლელი იყო. ყველას გამარჯობას ეუბნებოდა და თითოეულს მოიკითხავდა ხოლმე. მე აქედან ვექაჩებოდი, მამა, წავიდეთ-მეთქი. ის კი იდგა და თბილად ელაპარაკებოდა თანამოსაუბრეს. მიკვირდა, ყველა შემხვედრს საიდან იცნობდა.
დიდი ასაკობრივი ზღვარის გამო ბევრ რამეში აბსოლუტურად განსხვავებულები ვიყავით. მუსიკას ცოტა ხმამაღალზე თუ ჩავრთავდი, ყვირილს იწყებდა, ჩაუწიეო. არ ესმოდა ახალგაზრდული გართობა და ჩემს საქციელს სულ აპროტესტებდა. ხშირად ვკამათობდით, ვიბუტებოდით. მეორე წუთში კი ორივეს თვალები აგვიცრემლიანდებოდა და ერთმანეთს ვეხუტებოდით.
ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ, ამის მიუხედავად, არასდროს დავუსჯივარ. მისგან ხმამაღალი სიტყვაც კი იშვიათად მახსოვს. მეტყოდა ხოლმე, თუ რამეს დააშავებ, მოდი და მითხარიო. მეც მივდიოდი და გულახდილად ვუყვებოდი, მამა, აი, ეს გავაფუჭე, ის გავტეხე, იმას ჩავარტყი და ა.შ. ერლომი ამ დროს მეტყოდა, შვილო, ასე მოქცევა არ შეიძლება და მეორედ აღარ გააკეთოო.
ძალიან თბილი და ერთგული ადამიანი იყო. თუ სახლში, მის გვერდით არ ვიყავი, მირეკავდა და მეკითხებოდა, სად ვიყავი. უნდოდა, ჩემზე ყველაფერი სცოდნოდა. ბევრ ცხოვრებისეულ რჩევას მაძლევდა, რადგან თავად დიდი გამოცდილება ჰქონდა. მე პატარა ვიყავი და არაფერს ვუჯერებდი, ალბათ ვერ ვიაზრებდი, როგორი დიდი პიროვნება იყო და მისგან რჩევის მიღება რამდენს ნიშნავდა. ეს ისევ და ისევ ჩემი ასაკის ბრალი იყო.
სხვათა შორის, ვერ აღვიქვამდი იმ ფაქტს, რომ ის ცნობილი და სხვებისგან გამორჩეული იყო. ურთიერთობაში იმდენად უბრალო გახლდათ, რომ არასოდეს მიფიქრია მასზე, როგორც დიდ პიროვნებაზე. თუმცა მის ფილმებს რომ ვუყურებდი, ჩემთვის საამაყო იყო. სამსახურში, სამეგობროში და ყველგან, სადაც მის ფილმს დავინახავდი, ყველას ვეუბნებოდი, რომ სცენარი მამაჩემს ეკუთვნოდა.
ასკეტი
– სახელი მამამ დამარქვა. 7 მარტს დავიბადე და ამ დღეს ცხრა ძმა კოლაელთა ხსენებაა. ერთ-ერთ ძმას ბაქარი ერქვა და ამიტომ დამარქვა ეს სახელი. საერთოდ, მამა ძალიან მორწმუნე კაცი იყო. ეკლესიაში სულ დადიოდა და მეც თან მივყავდი. ერთ ჯიბეში ხურდებს იყრიდა და ამბობდა, ეს ეკლესიის ფულიაო. გზადაგზა ყველა მათხოვარს ეხმარებოდა.
ხშირად ყოფილა შემთხვევა, ეკლესიიდან გამოსულს მითქვამს, მამა, ნაყინი ან შოკოლადი მიყიდე-მეთქი. ის მპასუხობდა, ფული არ მაქვსო. ამ დროს ვიღაც მათხოვარს დაინახავდა და ფულს მისცემდა. ამაზე ძალიან ვბაზრდებოდი, მათხოვრისთვის თუ გაქვს, ჩემთვის როგორ არ გაქვს-მეთქი. მამა მშვიდად მიხსნიდა, შვილო, იმას უჭირს და იმიტომ ვაძლევ ფულს, შენ არ გიჭირსო…
სიცოცხლის ბოლოს წოდორეთში, მამათა მონასტერში იყო წასული. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იქ იყო. ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, სასულიერო პირებს ეხმარებოდა. იქ ყოფნისას შეუძლოდ გახდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მონასტრიდან სახლში წამოვიყვანეთ. მას მერე ლოგინად ჩავარდა. ეტლში ჩავსვამდი და ქუჩაში ვასეირნებდი, თავისი ფეხით ვეღარ დადიოდა.
დამშვიდობება სევდიანი თვალებით
– მამა წელიწადზე მეტ ხანს იყო ლოგინად ჩავარდნილი. მომვლელი ჰყავდა და ის ძალიან დაგვეხმარა, თორემ მხოლოდ მე მისი მოვლა გამიჭირდებოდა. ბოლო თვეებში ლაპარაკიც აღარ შეეძლო. ყველაფერი ესმოდა, ხვდებოდა, მაგრამ ვერ გველაპარაკებოდა. მე უკვე ვიცოდი, როდის რა უნდოდა და უსიტყვოდ ვუგებდი.
78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2012 წლის 20 მარტს წავიდა ამქვეყნიდან. გარდაცვალებამდე წინათგრძნობა ჰქონდა თუ არა, ვერ გეტყვით, რადგან ვეღარ ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლო ერთი წელი სულ მოწყენილი იყო. ბუნებრივია, განიცდიდა თავის მდგომარეობას. გარდა იმისა, რომ საწოლს იყო მიჯაჭვული, მისთვის ყველაზე მტკივნეული ალბათ ის იყო, რომ ლაპარაკი არ შეეძლო. ვატყობდი, რაღაცის თქმა უნდოდა, ვერ ამბობდა და მერე ამაზე ძალიან ღელავდა. ბოლო თვეებში განსაკუთრებულად სევდიანი თვალებით გვიყურებდა…
ზოგადად ცოტათი გულჩათხრობილი კაცი იყო. მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ თავის მოწყენილობას ან გასაჭირს გარშემომყოფებს არ გვაგრძნობინებდა. როცა გულზე დარდი შემოაწვებოდა, სახლის მეორე სართულზე ადიოდა და წერდა. მამაჩემის განუყრელი მეგობრები იყვნენ სიგარეტი და კალამი. როცა სიგარეტს არ ეწეოდა, მაშინ კანფეტს ჭამდა. მუშაობის პროცესში ბევრს ეწეოდა.
,,არასერიოზული კაცი”
– თავისი სცენარით გადაღებული ფილმებიდან განსაკუთრებით გამოარჩევდა “არასერიოზულ კაცს” და “ფიროსმანს”. “არასერიოზული კაცი” ჩემთვისაც გამორჩეული ფილმია. მთავარი გმირის ამბავი ძალიან ჰგავდა ჩემს ცხოვრებას. ეს სცენარი მამამ ჩემს დაბადებამდე დაწერა, მაგრამ სულ ამბობდა, წინასწარ დავწერე შენზეო. მართლაც, ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობა თითქოს ასეთი იყო. მე ახალგაზრდული გატაცებები მქონდა და მისი არ მესმოდა. როცა გავაბრაზებდი, მეტყოდა, “არასერიოზული კაცის” გმირი შენ გგავსო.
მუდმივ ძიებაში
– შემოქმედებითად შემდგარი ადამიანი იყო. ამაზე მეტყველებს მისი ფილმები, წიგნები, მაგრამ, როგორც შემოქმედ ხალხს სჩვევია, მასაც ჰქონდა ხოლმე არასრულყოფილების შეგრძნება. ზოგჯერ ბევრს წუწუნებდა თავის საქმეზე, ნამუშევრებზე, ზოგჯერ კი თავისი ნაწერები ძალიან მოსწონდა. პირდაპირი მნიშვნელობით თავის ბედზე არ დაუწერია, მაგრამ ყველა ნაწარმოები მის ცხოვრებაზე მეტყველებდა. მამას სიტყვებით დავასრულებ:
“იცით, რაშია საქმე, ადამიანები მიყვარს, მაგრამ მათში ჩხრეკას არ ვიწყებ. ადამიანი მაინტერესებს კიდეც, მაგრამ არ განვიკითხავ, რადგან, როცა ვინმეს განიკითხავ, შენ მას მარტო არ ტოვებ. ადამიანი ყოველთვის უნდა დატოვო მარტო. თავის თავს ის ყველაზე კარგად მოუვლის. ისედაც, ერთი ადამიანი მეორისგან იმდენად შორს არის, როგორც ვარსკვლავები ერთმანეთისგან.
მე არ ვცდილობ, მათ ჩავუღრმავდე, მივუახლოვდე. მეტიც, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რაში სჭირდება ადამიანს ასეთი კომპლექსური, ასეთი დიდი აგრეგატი, როგორიც მისი სხეულია; რად უნდა მას ასეთი სირთულე? წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი რამ არის კანი; აბსოლუტურად მშვენიერი, გლუვი კანი, რომელიც ამ სირთულეს გადაეფარება და საკუთარ საფარში მალავს ყველაფერს”.
,,სარკე”