დაიწყებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს?!

0
1734
20 Views

„ხელისუფლებას ეშინია, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგაც. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ცდილობენ ე.წ. ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას“

საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, კრიტიკის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს საკითხით დაიწყო, განაცხადა: “ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები კელი დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას”. როგორც მან აღნიშნა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების საგზაო რუკასთან ერთად. “ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას, თუმცა ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ყურადღების გადატანას ამ მიზნიდან”, – აღნიშნა პრაისმა. სწორედ ამ განცხადებაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

– ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია და რომელიც ჩვენი ხელისუფლების წყალობით შეიქმნა. ხელისუფლება აშკარად ცდილობს, დასავლეთის მიმართულებით ქვეყნის სვლა შეანელოს, რის მიზეზიც მგონია მისი სიფრთხილე, ანუ ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. ხელისუფლებას ეშინია, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგაც. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ცდილობენ ე.წ. ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. პროდასავლურ კურსზე უარს ღიად ვერ ამბობენ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული, თუმცა, ფაქტობრივად, ხელისუფლების ნაწილი, ცნობილი სამეული გაშმაგებულ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას ეწევა…

ამავდროულად, შენარჩუნებულია აბსოლუტურად ალოგიკური ბრალდება, რომ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ომი არ სურს, ხელისუფლებაც დაჟინებით, ვიმეორებ, სრულიად ალოგიკურად ცდილობს ჩვენი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. რეალურად დასავლეთს დღეს არათუ საქართველოს ომში ჩათრევა, აქ დესტაბილიზაციაც კი არ აწყობს. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის რეკომენდაციების შესასრულებლად თავდაპირველად მოცემული 6-თვიანი ვადა მთელი წლით გააგრძელეს. დიდი ალბათობით, ევროპელებმა კარგად დაინახეს, რომ ექვს თვეში ამ რეკომენდაციე­ბის შესრულებას ხელისუფლება ვერ შეძ­ლებდა, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა დიდი საპროტესტო აქციები, რაც შექმნი­და არასტაბილურ გარემოს. სწორედ ამისგან­ თავის დასაზღვევად გადასწიეს ეს ვადა. ქვეყნის დესტაბილიზაციისგან დაცვის სურვილით არის გამოწვეული ევროპელების­ გაუთავებელი ლაპარაკი დეპოლარიზაციაზე, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, ჩაერთოს იმ პოლიტიკურ პროცესში, რასაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება ჰქვია.

– ვინაიდან ხელისუფლება ომის თემაზე ლაპარაკს არ წყვეტს, უფრო კონკრეტულად განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რატომ არ აძლევს ხელს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს, რუსეთისთვის დაწესებული უმძიმესი სანქციების ფონზე, მსოფლიო ტვირთების გადასაზიდავად ახალ მარშრუტებს ეძებს და აქ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ე.წ. შუა დერეფნის თვალსაზრისით. ამას ემატება საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის მნიშვნელობაც. მოგეხსენებათ, გასულ კვირას აზერბაიჯანში იყო ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც პრეზიდენტ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტრანზიტის გაორმაგება იგეგმება, ამ გაზმა კი სწორედ საქართველოს გავლით უნდა მიაღწიოს ევროპამდე… მხოლოდ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დასავლეთს აქ არეულობა და ომი სურდეს.

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნება მომეცით, ცოტა შორიდან დავიწყო… თქვენი ნახსენები ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორებიც რომ არ იყოს, დასავლეთს აქ არასტაბილური გარემო მაინც არ აწყობს. ჯერ ერთი, ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის – სამწუხაროდ, ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა, რუსულ სამხედრო ძალებს შევუქმნათ ისეთი პრობლემები, რაც მის უკრაინაში შეჭრას შეუმსუბუქებს. 2008 წლის ამბებს თუ გავიხსენებთ, ლამის ხუთ დღეში მოახერხა ოკუპანტმა მთელი ქვეყნის პარალიზება, რუსული სამხედრო დანაყოფები შევიდნენ სენაკსა და ფოთში, აღმოსავლეთით კი, ფაქტობრივად, თბილისამდე მოვიდნენ… რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, არავინ იცის, კიდევ რა მოხდებოდა… ძალიან საეჭვოა, 2008 წლის შემდეგ ჩვენი სამხედრო პოტენციალი ისე გაძლიერებულიყო, რომ დღეს ჩვენმა ომში ჩართვამ როგორმე იმოქმედოს უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე… ეს ხელისგულზე დევს და ყველამ მშვენივრად იცის. ამის გარდა, დასავლეთს, რომლის მთელი ყურადღება და შესაძლებლობები მიმართულია უკრაინისკენ, რაში სჭირდება კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის კერა?

ეს ომი, კაცმა არ იცის, როდემდე გაგრძელდება. თქვენ სწორად ახსენეთ ტვირთების მოძრაობის მარშრუტები – მთელი შუა აზიისა და ჩინეთის საგზაო მარშრუტი ევროპისკენ ჩვენზე გადის, ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია თქვენი ნახსენები ენერგოდერეფანი, რომელშიც, აზერბაიჯანის გარდა, შესაძლოა, ჩაერთოს ყაზახეთი და მთელი შუა აზია – მე ვლაპარაკობ არა მხოლოდ გაზზე, არამედ ნავთობზეც, ასე რომ, დღეს არათუ საომარ მოქმედებებში ჩვენი ჩართვა, არამედ დესტაბილიზაციაც კი არ აძლევს ხელს დასავლეთს.

თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ისევ და ისევ რუსეთია, მაგრამ რუსეთსაც პრობლემები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მან კი შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს, მაგრამ მერე მისი მართვა ექცეს დიდ გასაჭირად. ასეთი არაპროგნოზირებადი ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო – დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთიც მოერიდება, რადგან ის ქმედებას იწყებს მაშინ, როცა აქვს გარკვეული გარანტია, რომ პროცესს ნაწილობრივ მაინც გააკონტროლებს. გასულ კვირას დიდი ამბავი ატყდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კასიანოვთან დაკავშირებით, მაგრამ არ მესმის, რატომ, რა თქვა ისეთი, რომ “ქართული ოცნება” ასეთი მასშტაბით ალაპარაკდა ისევ ომის თემაზე – მას ხომ ომი არც უხსენებია! როდესაც თქვა, საქართველოდან მეტ მხარდაჭერას ველოდითო, იგულისხმებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა და ამაში, შესაძლოა, სანქციებს გულისხმობდა, ან სულაც მხოლოდ მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებიგან ძალიან ძუნწად მოვისმინეთ. რა გასაკვირია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მეტს ელოდნენ?! ან რა შუაშია იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ომში რომ არ ჩავერთეთ, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, დიახ, ზოგადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი დადგა სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ეს იქცა შანსად საქართველოსთვის, მაგრამ უარი გვითხრეს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებისა და განცხადებების გამო, იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ომამდეც აკეთებდნენ. გვახსოვს შარლ მიშელის შეთანხმებაზე მათი უარი, ევროპარლამენტარებთან დაპირისპირება და ა.შ. ან მისაღებია ის, რასაც დღეს აკეთებენ? ვადის ამოწურვის შემდეგ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, სრულიად გაუგებარი და დაუმსახურებელი კრიტიკა, ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მოქმედებები, რომლებიც რეალურად არ ემიჯნებიან არც ივანიშვილს და არც – “ქართულ ოცნებას” და აღვირახსნილ კამპანიას ეწევიან ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ…

– ანუ გამოდის, რომ “ქართულ ოცნებას” ომზე გამუდმებული ლაპარაკი საქართველოში ანტიდასავლური კამპანიისთვის სჭირდება. რატომ? კი ბრძანეთ, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევიანო, მაგრამ თუ გავიხსენებთ თქვენ მიერ ნახსენები სამეულის ერთ-ერთ ბოლო წერილს, რომელშიც ქვეყნის დასავლური კურსის საპირწონედ ივანიშვილის კეთილდღეობა გამოაცხადეს, ჩნდება ეჭვი, რომ მათთვის უმთავრესი სწორედ ივანიშვილი და ძალაუფლების შენარჩუნებაა, რისთვისაც მზად არიან ქვეყანა ისევ რუსული გავლენის ქვეშ მოაქციონ?

– გადავხედოთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, თუნდაც ამ ვითომ იქიდან წამოსულ სამეულს. რომელს აქვს მაღალი პოლიტიკური რეიტინგი ივანიშვილის გარეშე? თითქმის არავის, ამიტომაც ივანიშვილის თემა მათი დღევანდელი მდგომარეობის, ძალაუფლების, კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. რასაც მათ პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით მიაღწიეს, განპირობებულია არა მათი პოლიტიკური წონით, არამედ ივანიშვილის ხელდასხმით, ამიტომ ეს გუნდი ოპოზიციაში რომ წარმოვიდგინოთ, მათ ისეთივე და უარესი პრობლემები გაუჩნდებათ, რაც, ვთქვათ, გაუჩნდა გახარიას… ივანიშვილის გარეშე რა პოლიტიკური წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ კობახიძეს ან ღარიბაშვილს? მათ სჭირდებათ ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შესაბამისად, მზად არიან, ყველაფრის ფასად დაიცვან ის და მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კეთილდღეობა.

რაც შეეხება რუსეთისკენ მიზანმიმართულ სვლას, მე ვერ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ივანიშვილზე რუსეთისგან იყოს პერსონალური ზეწოლა. ამ სამეულის განცხადებები, შესაძლოა, ემსახურებოდეს იმას, რომ მათ ერთგვარად ივანიშვილის მეხამრიდის როლი ითამაშონ. დააკვირდით – დასავლეთის შეფასებისას მათი განცხადებები და რუსეთის პროპაგანდის მესიჯები თითქმის იდენტურია, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ამგვარი განცხადებებით ივანიშვილზე რუსეთის ზეწოლის შემსუბუქებას ცდილობდნენ. აქვე ვიტყვი, რომ ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ეს მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზაა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი, რას წარმოადგენს რუსეთი და როგორ მოქმედებენ მისი სპეცსამსახურები – კა-გე-ბეს თეთრი ხელთათმანებით არასდროს უმუშავია… პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის იმიჯი ეწირება და ჩვენი სახელმწიფო ზიანდება… საქართველოს ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ამ პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ნათლად არ გამოიკვეთება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები. ვიდრე ასეთი გარდამავალი უპირატესობაა, ჩვენი ხელისუფლება ამ პოლიტიკის შენარჩუნებას შეეცდება. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ რუსეთმა მიაღწია წარმატებას და იმ დროისთვის “ქართული ოცნება” კვლავ იქნება ხელისუფლებაში, ისინი ეცდებიან, ქვეყანა მართლაც რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ; თუ რუსეთმა მარცხი იწვნია, მაშინ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ კურსს. სამწუხაროდ, ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა სხვა პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.

– გასულ კვირას საქართველოს ევროპარლამენტის დელეგაცია სტუმრობდა. მათ მრავალფეროვანი შეხვედრები გამართეს, კვლავაც გაკეთდა განცხადებები დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე. ევროპელი პოლიტიკოსები 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის კვლავ ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თუმცა როგორც ცნობილია, ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის შესაბამისი კანონ-პროექტების მომზადების მიზნით ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატის შექმნას გეგმავს. “საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველა იღებს ამ წვლილის აღიარებას,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა და რთულია, მას არ დაეთანხმო.

– ბოლო 30 წელიწადია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ… დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომ ის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, მაგრამ თვითონაც მსგავსად იქცევა, თუ საქმე საქმეზე მიდგება, არც ისინი ითვალისწინებენ დასავლელი პარტნიორების რჩევებს. ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ, ამის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. ამ ძალამ ვერ გაიგო, რომ თავისი მოქმედებებით ხშირად სწორედ ხელისუფლებას ახეირებს ხოლმე.

აშკარაა, რომ არც ხელისუფლებას და არც “ნაციონალურ მოძრაობას” რეალური დეპოლარიზაცია ხელს არ აძლევთ. არც ერთ მათგანს არ უნდა ანგარიშგასაწევი მესამე ძალის გაჩენა, ამიტომაც აშინებთ პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკური პროცესის ნორმალური რეჟიმით წარმართვა, შედეგად კი ვტრიალებთ ამ ჯადოსნურ წრეზე. “ქართულ ოცნებას” ამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ზოგიერთი პუნქტის შესრულება დიდად არ სწადია და, სავარაუდოდ, არც შეასრულებს, არამედ ეცდება, ეს გადააბრალოს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.ისე ჩანს, რომ ამ 12 პუნქტის შესრულება მაინცდამაინც არც “ნაციონალურ მოძრაობაში” სურთ. შესაძლოა, იმედი აქვთ, რომ თუ საქართველოს მომავალ წელსაც არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს, ამის მერე ააგორებენ დიდ საპროტესტო აქციებსდა ახალ პოლიტიკურ პროცესს დაიწყებენ, რაც, ჩემი აზრით, სრულიად მცდარი ტაქტიკაა…

– დასასრულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე უნდა გკითხოთ… ის სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება “ქართული ოცნების” მიმართ, რაც მეტისმეტად აბრაზებს “ქართულ ოცნებას”. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა სასწრაფოდ ადვოკატის აყვანაც კი ურჩია პრეზიდენტს, შეახსენა რა მას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი… მოგეხსენებათ, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ჩარჩოს სცილდება, როცა ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს…

– “ქართული ოცნება” მოქმედებს პრინციპით: “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია”. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ იქნება – პრეზიდენტი თუ პარტიის რიგითი წევრი. ის ითხოვს სრულ მორჩილებას ყველასგან, მათ შორის – პრეზიდენტისგან. გაიხსენეთ, ასე იყო წინა პრეზიდენტის შემთხვევაშიც… სალომე ზურაბიშვილი კარგა ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა მას მერე, რაც “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე თქვა უარი. ეს პროცესი ნელ-ნელა განვითარდა, ბოლო ხანს კი პრეზიდენტი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ისე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე. რაც უფრო მძაფრდება “ქართული ოცნებისა” და მისი სატელიტი ჯგუფებისგან დასავლეთის კრიტიკა, მით უფრო რადიკალური ხდება ზურაბიშვილი. ის იმეორებს იმას, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ითხოვენ ხელისუფლებისგან.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, პრეზიდენტი არ არის მხოლოდ ნოტარიუსი, მას ელჩის დანიშვნის პრობლემა თუ აქვს, შეუძლია ამაზე ლაპარაკი. კონსტიტუციაში წერია, რომ მას თვითონ არ შეუძლია ელჩის დანიშვნა და რომ ეს ხდება მხოლოდ მთავრობის წარდგინების შემდეგ. თუ ვინმეს დანიშვნაზე ამბობს უარს, მას უნდა ჰქონდეს არგუმენტები, რაც, ალბათ, აქვს კიდეც. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, თუ პრეზიდენტი უარს ამბობს ვინმეს დანიშვნაზე, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, ასეთ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია წარადგინოს სხვა კანდიდატურა და პრობლემაც მოგვარდება, აქ მე ვერაფერს ვხედავ ანტიკონსტიტუციურს. არ მგონია, “ქართულმა ოცნებამ” იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ეს რომც შეძლოს, რაც ძალიან სათუოა, არა მგონია, ეს ხელს აძლევდეთ, რადგან პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მათთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.

“კვირის პალიტრა”

Cesko