ქართული ენა და ლიტერატურა – 60 – დან 59; უცხო ენა – 80-დან 79; მათემატიკა 51-დან, 49; ფიზიკა 63-დან 61 – ასეთია აბიტურიენტ ნიკა ვარდოშვილის შედეგები 2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე.
ნიკას წარმატებულ შედეგებში მთავარი ამბავი ის არის, რომ მას რეპეტიტორთან არ უვლია. ამბობს, რომ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოემზადა, ისიც 3 თვე. ნიკა ახმეტიდანაა, თავდაპირველად სკოლაშიც იქ დადიოდა, თუმცა მე-7 კლასიდან კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლაში გააგრძელა სწავლა. მიაჩნია, რომ მიღებული შედეგი მხოლოდ საკუთარი შრომის დამსახურება არაა და მასში დიდი წვლილი სკოლასა და მასწავლებლებს მიუძღვით. „არასტანდარტული აბიტურიენტული გარემო მქონდა, რადგან პირველ სემესტრში ენის საერთაშორისო გამოცდებისთვის ვემზადებოდი და მეორე სემესტრში ვკონცენტრირდი საქართველოს ეროვნულ გამოცდებზე. ფიზიკა-მათემატიკაში მომზადება არ დამჭირდა, რადგან კომაროვის სკოლა-პანსიონში ვსწავლობდი. სკოლამ და მასწავლებლებმა კარგი ბაზა შემიქმნეს, რომ მაღალი ქულები ამეღო. რაც შეეხება ქართულს – ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ძალიან შემაყვარა როგორც გრამატიკა, ასევე ლიტერატურა, ამიტომ, არ გამჭირვებია, რომ მაღალი ქულები ამეღო, თუმცა, მინდოდა ახალი სტილისთვის კარგად ამეღო ალღო და გადავწყვიტე, 3 თვე მოვმზადებულიყავი“, – გვიყვება ნიკა ვარდოშვილი. ნიკა ამბობს, რომ უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია, თუმცა მომავლის პროფესიად კომპიუტერულ მეცნიერებებს მიიჩნევს და თვითონაც ამ კუთხით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ის თვლის, რომ ადამიანს, რომელსაც სწავლა და შრომა სურს, გამოცდებზე მაქსიმალური შედეგის ჩვენება საკუთარი და სკოლის რესურსითაც შეუძლია. „სკოლა საკმაოდ კარგ საბაზო განათლებას აძლევს ბავშვს და პედაგოგებიც მოტივირებულები არიან, რომ მოსწავლემ კარგი ქულა აიღოს. როდესაც ადამიანი არ ემზადება კერძო რეპეტიტორთან, საკუთარ თავზე იღებს მთელ პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაში რისკი დიდია, თუმცა ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს ბევრი იშრომოს და მაქსიმალური შედეგი მიიღოს. რეპეტიტორთან მომზადებაც კი არ ნიშნავს ავტომატურად მაღალ ქულებს და ნებისმიერი შედეგი აბიტურიენტების თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა“, – აღნიშნავს ნიკა ვარდოშვილი .
წყარო: digest.pia.ge