მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ლევან კბილაშვილის დედა ეხმიანება.
მელიტა ფურცელაძე ამბავს იხსენებს ემოციურ ამბავს, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ლევან კბილაშვილი 12 წლის იყო:
“ერთი ამბავი მინდა გავიხსენო… ლევანიკო თორმეტი წლის იყო. ნატო გელაშვილის საღამოებზე ხშირად მღეროდა ხოლმე ცოცხლად. ერთი ასეთი საღამო ჩატარდა “კრისტალში”, სადაც იმღერა “დეკემბერი”.
როდესაც ლევანიკომ სიმღერა დაიწყო, მოულოდნელად გაითიშა მუსიკა… ვიგრძენი, როგორ გამეყინა სისხლი, ლევანო კი ჩვეულებრივ იდგა, არც შეიმჩნია, გააგრძელა სიმღერა და როდესაც ისევ ჩართეს, თუ რაც მოხდა არ ვიცი, ნოტი-ნოტში დაემთხვა მუსიკა და ნამღერი ერთმანეთს.
საღამოს დამთავრების შემდეგ გარეთ გამოსულებს უცებ დაგვიძახეს და გაგვაჩერეს ზურა მანჯავიძემ და მამუკა ონაშვილმა, ლევანიკოს მისცეს კონვერტი და უთხრეს, რომ ეს გადმოგცა დეიდამ, რომელიც შენი მოქმედებით და ნამღერით აღფრთოვანებული და გაკვირვებული დარჩა და რადგან გვიანი ღამეა, თვითონ იყიდე საჩუქარიო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მამუკამ კი სიცილით გვითხრა – ამ კონვერტით რომ დავბრუნდეთ, ორივეს გარეთ გამოგვყრისო – ეს ქალბატონი ძალიან ცნობილი იყო შოუბიზნესში და, შეიძლება ითქვას, ბევრი ცნობილი მომღერლის “პატრონი”.
ძალიან მინდოდა ამ ქალბატონის მიმართ სიტყვიერი მადლიერება გამომეხატა, მაგრამ მისი საკონტაქტო ნომერი არავინ არ მომცა… არადა იცოდნენ… თანხა იმ პერიოდისთვის სოლიდური იყო, ლევანომ თვითონ შეარჩია – იყიდა მუსიკალური ცენტრი – თავისი პირველი დამსახურებული ჰონორარით.
გავიდა დრო, ლევანიკომ გააკეთა და შეძლო ყველაფერი დამოუკიდებლად. როდესაც მოსკოვში მიდიოდა ვუთხარი – თუ ამ ქალბატონის და შენი გზები სადმე გადაიკვეთება, აუცილებლად გაახსენე ეს ამბავი-მეთქი. ვერ შეხვდა… მე კი ხშირად ვიხსენებ… სულ ამბობდა ლევანიკო – რამეს რომ ვაკეთებ და ადამიანებს სიამოვნებთ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არისო…სიკვდილო…..რას გვერჩოდი???” – წერს ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში.
მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ სიონის ტაძარში გაიმართება.
მომღერალს ხუთშაბათს სიონის ტაძრის ეზოდან 2 საათზე გამოასვენებენ. ინფორმაციას მამუკა ონაშვილის დისშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.