საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სასჯელის გადავადების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, გერმანიაში წაიყვანონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ადვოკატი გადაჭრით ვერ ასახელებს, საბოლოოდ თუ რომელი ქვეყნის კლინიკაზე გააკეთებენ ისინი არჩევანს, თუმცა, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, გერმანიას განიხილავენ.
„პროცედურულად ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, ეს იოლი სამუშაო არ არის, ძირითადი სამუშაო ექიმებმა და ექსპერტებმა ჩაატარეს, ახლა ყველაფერი ფინალშია მისაყვანი, დასკვნით ეტაპზეა, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა საექსპერტო ბიურომ უნდა გასცეს. ჩვენ ვვარაუდობთ ასევე, რომ უცხოელი ექსპერტებიც დადებენ თავიანთ დასკვნებს და მერე შევალთ სასამართლოში შუამდგომლობით, რომ სასჯელის გადავადება მოხდეს, რადგან სასიცოცხლო პარამეტრებში არანაირი გაუმჯობესება და წინსვლა არ არის. იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში, გლდანის ციხის საავადმყოფოში, ახლა „ვივამედშია“, ეს ყველა სამედიცინო ტიპის დაწესებულებებია, ყველგან სხვადასხვანაირი მკურნალობა ჩაუტარეს, 14 დაავადება აღმოაჩნდა, ისიც არ ვიცით დიაგნოსტირება სწორია, თუ არა, მკურნალობენ თუ არა სწორად, რადგან არც ერთი პარამეტრის გაუმჯობესება არ ხდება, ეს ძალიან ცუდი პროგნოზია.
ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის საბოლო ვარიანტს ვუცდით დღე-დღეზე, ამის შემდეგ ძალიან მოკლე ვადებში ექსპერტიზა ჩატარდება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აგვისტოს თვეში ეს პროცედურები უნდა მორჩეს.
ოჯახის აზრიც არ ვიცით ჯერ, მაგრამ სააკაშვილთან საუბრისას მაინც გერმანული კლინიკები უფრო მაღალკვალიფიციურია და ალბათ, აქცენტი გაკეთდება გერმანულზე, სავარაუდოდ ვამბობ, ეს გადაწყვეტილი არ არის ჯერ. წერილობით და სატელეფონო კომუნიკაცია თითქმის ყველა წამყვან კლინიკებთან არსებობს, ინფორმაციის გაცვლითი ხასიათის პროცედურები მიმდინარეობს. რეპუტაციულად, უფრო მაღალკვალიფიციურია გერმანია, სააკაშვილს ისეთი ტიპის დაავადებები სჭირს, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში ძალიან იშვიათია, გერმანელებს უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, ვარაუდით კი არ დაიწყებენ მკურნალობას, არამედ დანერგილი მეთოდიკით“, – აცხადებს გელბახიანი.
https://www.interpressnews.ge/