ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე, ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პირველ განცხადებას აკეთებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კელი დეგნანი ირწმუნება, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა.
მისივე თქმით, მათი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და შეერთებული შტატების ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად.
„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.
როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, – განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად გაიმართა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.