“საზარბაზნე ხორცად არ გვაქციოთ” – დათო ოქიტაშვილი კელი დეგნანს

0
478
23 Views

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს:

“ღია წერილი ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მოგესალმებით ქალბატონო ელჩო, მივესალმები ამერიკელ ხალხს ჩემი პატივისცემა იმ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც წლების განმავლობაში არ წყვეტდა ქართველი ერის დახმარებას, ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან ერთად.
ჩემი ქვეყნის იდენტობა გადის მრავალსაუკუნოვან კულტურაზე, მეც ერთ-ერთი მისი წარმომადგენელი გახლავართ. მინდა, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით მოგმართოთ. ბევრჯერ ყოფილა ჩემი ქვეყანა უზარმაზარი საფრთხის წინაშე, აურაცხელი მტერი გვედავებოდა ჩვენს ტერიტორიას, კულტურას, თუმცა, სწორედ გონივრული პოლიტიკის წყალობით, დღემდე მოვედით, ქართული სიტყვით და ქართული სულით. დღესაც, როდესაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ჩვენს კონტინენტზე კი ცხარე ომია, ჩემი ქვეყნის მთავრობამ, გონივრული და სწორი პოლიტიკით, შეძლო ომის თავიდან აცილება, მადლობა მათ ამისთვის!
რაც შეეხება თქვენს რიტორიკას (რომელიც ასე ემთხვევა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრების ნარატივს), ღრმად მაფიქრებს და ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ.

ქალბატონო ელჩო, არ გამოიყენოთ ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური ზრახვებისთვის, საზარბაზნე ხორცად არ გვაქციოთ, არ მოიტყუოთ, რომ არ შეხვედრილხართ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არ ითამაშოთ ჩვენი პატრიოტული ემოციების ხარჯზე! მეცენატები ეხმარებოდნენ კულტურას,

კულტურა ქმნიდა პოლიტიკას ჩვენში, სწორედ ამ ტიპის მოღვაწეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ის გავიდა პოლიტიკიდან მას მერე, რაც ქვეყანას სწორი განვითარების გზა გამოუჩნდა, ახლა კი შიდა და გარე მტრები ცდილობენ ჩვენი რელსებიდან ჩამოგდებას. ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ მთავარ მტრად წარმოგიდგათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ასე არ არის …

ქალბატონო ელჩო, მე მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას, ქართველ ხალხს, თქვენ მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ, ჩვენი საფუძვლიანი შიში და სიმართლე გითხრათ, თქვენ – დიდი ქვეყნის შვილს, ჩემი 1800 წლოვანი და კიდევ ბევრად მეტი პატარა ქვეყნის ტკივილი და წარმატება მოგიყვეთ, ეგებ, დაგარწმუნოთ, როგორ არ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ ომში, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. პატივისცემით, დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი”, – წერს ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

“გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა”, – ამბობს ივანიშვილი.

Cesko