გერმანიის პროკურატურა ბუნდესვერის ორი ჯარისკაცის საქმეს იძიებს. ისინი სავარაუდოდ ქერჩის ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ. წერს Eurointegration-ი Stern-ზე დაყრდნობით.
გამოძიების თანახმად, ჯარისკაცებმა შეიმუშავეს გეგმა ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულს რუსეთთან, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას სრულმასშტაბიან ომში.
გამოცემის ცნობით, 22 მაისს მამაკაცები შეიჭრნენ საზღვაო ბაზის საწყობში, სადაც მოიპარეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლითაც რამდენიმე დღეში უკრაინაში წასვლას აპირებდნენ.
ჯარისკაცები ქურდობის შემდეგ მალევე დააკავეს. მათ საცხოვრებელ სახლში კი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
გერმანული მედიის ცნობით, დაკავებული ბუნდესვერის ჯარისკაცები შესაძლოა, ჩართულ იყვნენ სამხედრო საწყობებიდან იარაღის ქურდობის სხვა საქმეებშიც, რომელთა გაყიდვა მოგვიანებით იგეგმებოდა.
ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ უკრაინას ქერჩის ხიდზე თავდასხმით კრემლისთვის დამანგრეველი დარტყმის მიყენება შეუძლია.