შვეიცარია უკრაინის გეგმას რუსეთის გაყინული აქტივების ჩამორთმევაზე ეწინააღმდეგება – The Guardian

0
401
21 Views

ბრიტანული გამოცემის The Guardian-ის ცნობით, შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი საერთაშორისო კონფერენციაზე URC2022-ზე უკრაინის გეგმას, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივი ქვეყნის განახლებას მოხმარდეს შეეწინააღმდეგა.

კასისის განმარტებით, საკუთრების უფლება ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებაა. მან დასკვნით პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აქტივების ჩამორთმევის წინადადებები სახიფათო პრეცედენტს შექმნის და საჭიროებს კონკრეტულ სამართლებრივ დასაბუთებას.

“უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოქალაქეების დაცვა სახელმწიფო ძალაუფლებისგან – სწორედ ეს არის ლიბერალური დემოკრატია”. – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შვეიცარიას მკაცრი საბანკო კანონები აქვს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დაუშვებელია.

აქტივების უკრაინის აღდგენისთვის მოხმარება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის ინიციატივაა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას, URC-ს ლონდონში უმასპინძლებს.

უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენცია (URC2022), რომელიც ლუგანოში ჩატარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის აღდგენის გეგმას განიხილავს.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული.

წყარო: https://tabula.ge/

Cesko