პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, დუმის დეპუტატი ანდრეი გურულევი აცხადებს, რომ ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება.Sky News-ის ცნობით, გურულევმა ეს განცხადება რუსეთის პირველ არხთან გააკეთა. მისი თქმით, თუ კალინინგრადის ბლოკადა ომს გამოიწვევს, პირველი სწორედ ლონდონი დაზარალდება.
Sky News გურულევის რამდენიმე ციტატას აქვეყნებს:
„ჩვენ გავანადგურებთ მტრის კოსმოსური სატელიტების მთელ ჯგუფს პირველივე საჰაერო ოპერაციის დროს“.
„არავის აინტერესებს, ამერიკელები იქნებიან თუ ბრიტანელები, ჩვენ მათ შევხედავთ, როგორც NATO-ს“.
„მეორე, ჩვენ დავასუსტებთ მთელ ანტისარაკეტო სისტემას, ყველგან და 100%-ით“.
„მესამე, ჩვენ ნამდვილად არ დავიწყებთ, ვარშავით, პარიზით ან ბერლინით. პირველი დარტყმა ლონდონზე იქნება“.
„ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიოს საფრთხე სწორედ ანგლო-საქსებისგან ემუქრება“.
გუშინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა და NATO-ს მოკავშირეებმა არ უნდა მოსთხოვონ უკრაინას, დათანხმდეს არამომგებიან პირობებს მშვიდობის სანაცვლოდ, მაშინ, როდესაც რუსეთის სასტიკი სამხედრო აგრესია გრძელდება.