– ღარიბაშვილი 24 ივნისის ბრიფინგზე საოცრად დამტკბარი წარსდგა, თუმცა, თითქმის იგივე ტექსტებით – რამ გამოიწვია მისი ტონის ფერისცვალება?
– ეს არის თამაში! მათი ტონის შეცვლა, თუ აგრესია, ყველაფერი არის ტაქტიკური თამაშები, რომლებიც იმართება კონკრეტული ინსტრუქციებით. შეიძლება დილით მიიღონ ერთი ინსტრუქცია და საღამოს მეორე, სრულიად განსხვავებული დილით მიღებული ინსტრუქციისგან, უცნაურად კი გამოყურება ეს, მაგრამ საერთოდ არც კი დაფიქრდებიან, ისე შეასრულებენ ორივე ინსტრუქციას. ღარიბაშვილს არც შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, მე ყველაზე კარგად ვიცი, რა შეუძლია მას და რა არა.
– აქვე გკითხავთ, რას ფიქრობთ ახალ სახალხო მოძრაობაზე? ეროვნული თანხმობის მთავრობის დაანონსებაზე?
– ეროვნული თანხმობის მთავრობაზე, ჯერ ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება სახალხო მოძრაობას, რომელსაც უკვე ორი აქცია ჰქონდა, 20 ივნისს და 24 ივნისს, ჯერჯერობით, კარგად გამოიყურება, კარგადაა ორგანიზებული. შესაძლოა, ყველა გამომსვლელი არ მომწონდეს, ზოგის მიმართ ნეგატიურად ვიყო განწყობილი, მაგრამ სიმართლე დიდ წილად მათ მხარესაა.
– ხედავთ დასავლეთის ხელს აქციების ორგანიზებაში?
– რასაკვირველია, პირდაპირ, თუ არა, ირიბად, ამაზე მიგვანიშნებენ სხვადასხვა განცხადებებით, აქციის მონაწილეებისათვის ზელენსკის მიმართვით და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ დღეს ზელენსკი არ არის მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი, იგი განსაზღვრავს დასავლეთის პოლიტიკის ტრენდს, ამიტომ მისი აგდებულად მოხსენიება ზღვარგადასული სიბრიყვეა!