რატომ მოკლეს ცნობილი ბიზნესმენი – მკვლელობის სავარაუდო მიზეზი დასახელდა

0
1771
851 Views

ახალი დეტალები ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში – პირველადი ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა პირად უთანხმოებას უკავშირდება.

ლევან კაჭარავა ავტომობილით მძღოლთან ერთად თბილისი-წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 53 წლის ბიზნესმენი მანქანაშია ჩაცხრილული და ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ნასროლია 20-ზე მეტი ტყვია. ჩასაფრება სავარაუდოდ ტყიდან მოხდა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, კარგად იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი.

რაც შეეხება მძღოლს, “კურიერის” ინფორმაციით, ის დაშავებული არ არის, ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებაში იმყოფება და გამოძიებას პირველად ინფორმაციას აწვდის.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი ჯერჯერობით, ექსპერტიზის ბიუროში არ გადაუსვენებიათ.

ცნობილი ბიზნესმენი ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა.

ლევან კაჭარავა თავის დროზე “ჯორჯიან ტრანზოილის” დამფუძნებელი იყო. მან წლების წინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად Silk Road Group დააფუძნა, თუმცა მოგვიანებით ის გამოეყო Silk Road Group-ს და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი გახდა, მათ შორისაა ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობა ენერგეტიკა და ლოჯისტიკა იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

Cesko