ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“ბევრი ხალხი იყო, კი ბატონო!
ოღონდ, ვერ გავიგე, რატომ გამართეს 20 ივნისს და “შინ” წასვლასთან ერთად რას ითხოვენ:
ღარიბაშვილი არ გადადგება!
გახარია ვერ გადადგება!
ივანიშვილი საიდან უნდა გადადგეს?!
მე რომ გადავდგე?! თქვენ რა ხეირი, თორემ ჰა!..
მოიცა, მოიცა, ლანა ღოღობერიძე რომ გადადგეს?!
თუმცა, ლანაც საიდან უნდა გადადგეს, ეგ ხომ რეპრესირებულის შვილია, – მამამისი ლევან ღოღობერიძე საქართველოს ოკუპაციის დროს მოწინავე რაზმს მოუძღოდა, მერე რევკომის თავმჯდომარე იყო, მერე ქართული არისტოკრატია გაჟლიტა, მერე ქართულ ემიგრაციას საფრანგეთში სპეცდავალებით დააწია ფელიქს ძერჟინსკიმ (ხომ გასაგებია, რატომაც?! სალომე ზურაბიშვილმა იცის დაწვრილებით!), მერე ისევ ბოლშევიკურ-პარტიულ თანამდებობებზე იყო და ბოლოს იმავე ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1937 წელს!
ჰო, რეპრესირებულის შვილია, ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი შეიწირა იმ რეპრესირებულმა!
არ მინდოდა ამ ყველაფრის დაწერა, დიდხანს ვიკავებდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტერვიუების ეს “მგრძნობიარე” ნაწილი ყოველთვის მაღიზიანებდა, მაგრამ… აღარა კმარა?!
აღარა კმარა ამ ბოლშევიკების შთამომავლების დღის წესრიგით ამ ქვეყნის არევა და დაქცევა?!
ჰო, გადადექით!
ან დადექით!
არავის არაფერი დავიწყებია და 26 მაისსაც ნუ იკადრებთ სატელევიზიო სტუდიაში დაჯდომას და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარს, – ჯერ კიდევ ღიაა 100 წლის წინანდელი ჭრილობა: ქართველმა ბოლშევიკებმა საკუთარი ხელით დაჩეხილი საქართველო ჯერ ჯიჯგნეს და მერე წითელ მონსტრს მიუგდეს შესაჭმელად! მაშინდელი არისტოკრატიაც დაფქვეს და საკუთარ სისხლიან კვალს მიმოაბნიეს!
ვერ წარმოიდგენთ, როგორ არ მინდოდა ამის დაწერა!
მაინც მაჯობეთ! მაინც დამაწერინეთ!”
“მამამისმა ლევან ღოღობერიძემ, ქართული არისტოკრატია გაჟლიტა” – ბონდო მძინარაშვილი
1,122 Views