“ცუდ რამეს ვამბობ, კი მესმის…

0
610
26 Views

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გადაცემა რეაქციაში:

“მეგობრებო, რა ხდება ჩვენ თავს? ერთი დღე აღვშფოთდებით, ვიხმაურებთ და მერე ყველაფერი სულ ერთი ხდება? ერთ დღეში გადის ყველაფერს ყავლი? რატომ აღარ ისმის პროტესტი, ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი ნიკა გვარამია რომ გაუშვეს ციხეში კერძო კომპანიის ავტომანქანით სარგებლობის გამო? ასე ადვილად დავუშვით, რომ იქ, მაღლა ზევით, ვინც მოუნდებათ შეთითხნილი ბრალდებით რომ შეუძლიათ დაიჭირონ? ამისთვის ვიწვალეთ ამდენი წელი? ამისთვის გავიარეთ ამხელა გზა, რომ ჩვენ შვილებს მაინც ეცხოვრათ უკეთეს ქვეყანაში და უარესი მივიღეთ?

თუ რამე მაკვირვებს დღეს, ეს არის უცნაური შემგუებლობა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელის დაჭერასთან დაკავშირებით. აი, როგორ წარმოგიდგენიათ – ერთი უცნობი ადამიანი, მიყრუებულ სოფელში, რომელსაც უსამართლოდ ექცევა ჩინოვნიკი, როგორღა გაბედავს ხმის ამოღებას, სისტემასთან დაპირისპირებას, როცა ხედავს, რომ სრულიად აბსურდული მიზეზით ციხეში გამოკეტეს ადამიანი, რომელიც ყველაზე ხმამაღალი, გაბედული და დაუღალავი იყო ხელისუფლებასთან მიმართებაში და პირდაპირი მნიშვნელობით, ხახვივით შერჩა ხელისუფლებას და ოპოზიციის ხმაც აღარ ისმის ქუჩაში ამ უსამართლობაზე. ხომ იფიქრებს ის კაცი, მე როგორ მოვერევი სისტემას, მე ვინ დამიცავს, თუ ნიკა გვარამიას დაჭერამაც კი ასე ჩაიარააო… და ბოროტება გაძლიერდება…

ცუდ რამეს ვამბობ, კი მესმის, ზოგი თქვენგანი გაიფიქრებს, ამ ფრაზების პირდაპირი ეთერიდან მოსმენა, სულ გაუქრობს ადამიანებს ბრძოლის ჟინსა და შემართებასო, მაგრამ უკაცრავად, თუ არ ვთქვით, რა გვჭირს, ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა დიდდება და ბევრდება, ითრევს და ანადგურებს ყველაფერს, რაც ამდენი წელი ვაშენეთ ყველამ ერთად და რაც მთავარია, ანადგურებს სახელმწიფოს.

რაღაც ძალიან აიბურდა ამ ქვეყანაში, ძალიან ჩამობნელდა… ნიკას ციხეში გაშვების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლების სურვილია, თუ ხმას ამოვიღებთ ჩვენც დაგვადუმოს, გაგვაჩუმოს, ჩვენც დაგვიჭიროს და ჩვენც ვეხმარებით ჩვენივე ხელით, ჩვენი ბრძოლა და პროტესტი 2–3 დღე გაგრძელდება და შემდეგ ისევე იფერფლება, როგორც ეს უნდა ხელისუფლებას.

მაინტერესებს სადაა ის ხალხი, პოლიტიკურად რომ ბაქიბუქობს ხოლმე ხშირად, ახლა დავამთავრებთ ხელისუფლებასო, მეტი რაღა უნდა მოხდეს რომ პროტესტი არ გაჩერდეს? ყველაფერი რომ ხახვივით შერჩა ხელისუფლებას, მერე ისე გათავხედდა, როგორი გათავხედებულებიც ვიხილეთ, თუნდაც, 5 ივლისს, როცა ჩემი კოლეგები დაასისხლიანეს და ლექსი მოგვიკლეს, მათ შორის, სიკვდილის შემდეგაც. ყველაფერი რო ხახვივით რჩება ხელისუფლებას, მერე ისეთი საშინელება ხდება, როგორც ვიხილეთ გუშინ, შუა თბილისში, როცა პოლიტიკოსებს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და დღეს მმართველმა გუნდმა კი არ დაგმო ეს ძალადობა, პირიქით, წაახალისა. ვეგუებით ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებს ქუჩაში რომ ასისხლიანებენ, თავს ესხმიან, აგინებენ? ვეგუებით, ვჩუმდებით? ისინი მაინც რატომ ხართ ჩუმად, ვისაც წინა ხელისუფლების დროს არ მოგწონდათ ძალადობა და უსამართლობა – დღეს თქვენ არ გეხებათ ეს ყველაფერი? ისევე როგორც არ გეხებოდათ შარშან, ჟურნალისტებს რომ მოუწყვეს სისხლიანი გარჩევა? მშვიდად ისხედით სამზარეულოებში, აკაკუნეთ კლავიატურაზე, იღლიცინეთ, ღირსები არიანო იძახეთ, და არ დაიჯეროთ, რომ უკვე ის დროა დამდგარი ამ ქვეყანაში, ქუჩებსა და სადარაზოებში რომ დაგხვდებიან ხელისუფლების ხელის ბიჭები, თუ ვინმეს არ მოუხვედი თვალში იქ ზევით და მერეც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც თქვენზეც იტყვიან, ღირსი იყოო…

ძალიან მაწუხებს ის, რომ ასეთი საშინელებები ხდება და ვეგუებით, ამასაც შევეგუებით, იმასაც შევეგუებით, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეაო, რომ გვეტყვიან, იმასაც შევეგუებით და დავიჯერებთ, ამ პრობლემებით სავსე, სიღარიბით წელგატეხილ ქვეყანაში მთავარი თემა ერეკლე მეფეაო, რომ გვეტყვის სახელისუფლებო პროპაგანდა და შევჭამთ – მოწოდებული კარგი, გემრიელი კარაქიანი პურივით – რა დროს მეფე ერეკლეა, ხალხო, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან, ყიდიან ყველაფერს, თუ რამე გააჩნიათ და გარბიან და ჩვენ მეფე ერეკლეთი გვაცხოვრებენ, ისე, როგორც არჩევნების წინ გვაცხოვრეს გარეჯი საქართველოათი და ორი ხანდაზმული მეცნიერი გამოკეტეს ციხეში…

ვეგუებით რეპრესიებს, წულუკიანი რომ დარევია კულტურის სფეროს ლამის ნახაჯით…

ვეგუებით ჩინოვნიკების მიერ საკუთარ ეზოებად ქცეულ ტყეებს, ტენდერებით გამილიონერებულ ჩინოვნიკებს, კორუფციას… ხელისუფლება რა სისულელეებით ახერხებს რეალური პრობლემების გადაფარვას, ახლა უკვე წინა 9 წელსაც რომ გასცდა და საუკუნეების წიაღსვლებში წავიდა…

ვეგუებით ხელისუფლების რუსეთთან ფლირტს, ევროპარლამენტარების ლანძღვას, ვეგუებით ხელისუფლების მიერ მართული ბნელების ხელით ევროკავშირის დროშის დაწვას, ვეგუებით მეგობრების დაკარგვას, ვეგუებით რომ საქართველო ერთი პატარა სოფელია თავისი პატარა შიდა ვნებებით და დიდ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, როგორც ეს წლების წინ იმ ბრძენმა კაცმა გვითხრა:

მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?!

Cesko