„ალა როგორ არ მომწონდა, მაგრამ… მის აგარაკზეც მიწევდა ჩასვლა და ქეიფი“ – რა აკავშირებდა გეგე სულხანიშვილს ალა პუგაჩოვასთან?

0
689
33 Views

მსახიობი გეგე სულხანიშვილი იხსენებს ამბავს, თუ როგორ გაიცნო 50 წლის წინ ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა:

„15 წლიდან 35 წლამდე კალათბურთს ვთამაშობდი და რუსეთში ძალიან ხშირად მიწევდა ჩასვლა. ალა პუგაჩოვა მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მომღერალი იყო, მის აგარაკზეც მიწევდა ჩასვლა და ქეიფი… 1970-იან წლებში ჩემს დაქალთან – ინგა ფერაძესთან ერთად ვიყავი. იგი გარკვეული პერიოდი რუსეთში გადავიდა და იქ რესტორნებში მღეროდა. ინგა ძალიან ჯიგარი, კეთილი გოგოა, ალაც მაშინ იწყებდა სიმღერას და დამეგობრდნენ… მოსკოვში, ტურზე რომ ჩავედი და ინგას მოსაკითხად დავურეკე, მითხრა, რა კარგ დროს ჩამოხვედი, ალასთან აგარაკზე წავიდეთო… მართლაც წავედით. ალას მოსკოვთან ახლოს ჯერ კიდევ 50 წლის წინ, უკვე საოცარი აგარაკი ჰქონდა, სულ არყის ხეები იყო ირგვლივ… დღეს შეიძლება ისეთი დონის თავლა ჰქონდეს, მაგრამ იმ დროისთვის ნამდვილად გამორჩეული იყო იქაურობა, რაღაც ზღაპარი…

ინგამ გზაში გამანდო, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მეგობრები მივდივართ, ნელ-ნელა გამოგვყავსო… გზაში ინგას ვკითხე, სასმელი ხომ არ წავუღოთ-მეთქი და გადაირია, მთელი ოთახი სასმელები აქვს, იმას რა დალევსო?!

აგარაკზე ვინ აღარ მოდიოდა – მომღერალი და მხატვარი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ და ცდილობდნენ, ალა ამ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. დაახლოებით, სამი დღე იქ ვიყავი, ანეკდოტები, სიმღერები და მეტად სასიამოვნო გარემო იყო… ამ დროს ალა პუგაჩოვა პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა სცენაზე, უკვე იცნობდნენ, ლამაზი არ იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო, გულიანი და კარგი ბუნების, ყველას ლამაზი გვეჩვენებოდა… მართლაც ყველა დროის სასწაული ქალი!

როგორ არ მომწონდა, მაგრამ მასთან მივდიოდით როგორც მეგობართან, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, იმ რთული სიტუაციიდან რომ გამოგვეყვანა. როგორც ავადმყოფს, ისე ვნახულობდი და სულ სხვა თვალით ვხედავდი… როგორც მეგობართან მივიდოდი საავადმყოფოში, რამე მომეყოლა, გამერთო, გამეცინებინა.

თბილისშიც იყო ჩამოსული და სასტუმროში მასთან მოსანახულებლად რომ მივედი, სიხარულით გადაირია… მთელი თბილისი გარს ეხვია და მხოლოდ ხუთი წუთი მოვახერხე საუბარი. გიჟდება, იმდენად უყვარს ქართველები, არ ვიცი ასე ძალიან ვინ შეაყვარა”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” გეგე სულხანიშვილმა.

“კვირის პალიტრა”

Cesko