ზაფხული კარს მოგვადგა – ტურიზმი კი ავანტიურიზმად გვექცა

0
1533
93 Views

მოგზაურობა რამდენიმე სახის არსებობს – კერძო, საქმიანი, სატრანსპორტო, სამგზავრო და ა. შ., მათ შორის, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ტურისტული მოგზაურობა.

ტურიზმი უკავშირდება ადამიანების დასვენების სფეროს, საქართველოს სტატისტიკა კი ტრანზიტით გამავალ მძღოლებსაც „ტურისტებად“ აღრიცხავს, რაც ხელოვნურად ზრდის აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების ტურისტული სფეროსადმი მიკუთვნებას. მესაზღვრეების მიერ დაფიქსირებული უცხოელი, ე. წ. „ვიზიტორი“, ავტომატურად ტურისტი არ გახლავთ.

პანდემიის გამოცხადებამ ტურიზმი მთელ მსოფლიოში დააზარალა. დიდად იზარალა საქართველომ, როგორც ტურიზმზე ორიენტირებულმა ქვეყანამ. რაც შეეხება პანდემიამდელ მდგომარეობას, ტურისტული სფერო ბუმს განიცდიდა. მართალია, 2019 წლის 20 ივნისის „გავრილიადამ“ გარკვეულად ხელი შეუშალა რუსეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადის კიდევ უფრო გაძლიერებას, მაგრამ სტატისტიკურად ეს წელიც ძალზე კარგი გამოვიდა.

ტურიზმი საქართველოში სტაბილური, ბოლო წლების მანძილზე, სწორედ რუსეთის ხარჯზე გახდა. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორები ხომ მეტწილად ტურისტები, ამ სიტყვის ტრადიციული – „დამსვენებლის“ გაგებით, არიან. დამსვენებელი ანუ ტურისტი, ადგილზე მეტს ხარჯავს, ვიდრე საქმეზე ჩამოსული ვიზიტორი, მით უმეტეს, ტრანზიტით მიმავალი სატვირთო მანქანის მძღოლი. ასე და ამრიგად, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების (ძირითადი მასა – ტურისტები) რაოდენობამ 1 463 040 კაცი შეადგინა. შედარებისთვის: ამავე პერიოდში უკრაინიდან მხოლოდ 206.594 კაცი შემოვიდა. 2020-21 წლებს, კოვიდ-პანდემიით განპირობებული განსაკუთრებული ვითარების გამო, არ ვთვლით, დანარჩენი კი ზემოთ მოგახსენეთ.

პანდემიური ჩავარდნის ორი წლის შემდეგ, წლევანდელი წელი აშკარად გამოცოცხლების წელია, შემოდის ბევრი ვიზიტორი, თუმცა 2019 წლის სტატისტიკამდე ჯერ კიდევ შორია. მაგრამ, რაც მთავარია, იმას, რაც ხდება, ტურიზმს ვერ დავარქმევთ. ყოველივე ამას უფრო ავანტიურიზმის ელფერი დაჰკრავს. შემოდიან ძირითადად, უკრაინელი ლტოლვილები და რუსი ნახევრად-ლტოლვილები (ასე დავარქვათ) ანუ გარკვეული პოლიტიკური ან სოციალური მოსაზრებებით დროებით წამოსული ადამიანები. მათ ემატებათ ასეთივე ტიპის ბელორუსი მოქალაქეები. მათ სჭირდებათ საცხოვრებელი, ტრანსპორტი, საკვები, ეს ყველაფერი კი, ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის ნაწილისთვის შემოსავლის ზრდას და იმ განცდის შექმნას, რომ ტურიზმი საქართველოში დაბრუნდა.

თუმცა, როგორც ვთქვით, ეს არის უფრო ავანტიურიზმი და ტურიზმის აღორძინების შეგრძნება დროებითი და მოჩვენებითია. ჩვეულებრივი რუსი ტურისტი ბევრად უფრო ცოტაა, ვიდრე განვლილ წლებში. უკრაინაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საქმე ერთჯერად მოვლენასთან, რაც არ იძლევა დარგის განვითარების ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს.

სხვაობა რუსულ და უკრაინულ ტურიზმს შორის თვალშისაცემია. წლევანდელი, ომით გამოწვეული ახალი განსაკუთრებული ვითარება, უკრაინაში არ ასახავს ტურისტულ ტენდენციას. საჭიროა, ყურადღება მიექცეს რუსეთიდან ტრადიციული ტურისტების შემოდინებას, ამ ქვეყანასთან ტურიზმის აღდგენას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ოღონდ, ამას ვერ გავაკეთებთ, თუ ჩვენს ქვეყანაში ანტირუსული, ზედმეტად პოლიტიზებული გარემო იქნება. ასეთ აგრესიულ გარემოში ჩამოსვლა და ფულის ხარჯვა ნორმალურ რუს მოქალაქეს არ მოუნდება.

პოლიტიზებულ გარემოს უკრაინელი ლტოლვილები თავისთავად ქმნიან (თუმცა მათი ძირითადი მასა ნორმალური, მშვიდობიანი ხალხია), მაგრამ ძირითად პრობლემას ადგილობრივი „ნაცები“, „ევრონაცები“ და მათი პროვოკატორი დამქაშები წარმოადგენენ. უნდა მოევლოს მათ პარპაშს. საქართველო ყველა სტუმარს უნდა მასპინძლობდეს ჯეროვნად – ეს ჩვენი ტრადიციის და პრესტიჟის საკითხია, შემდეგ კი – ეკონომიკური ინტერესის.

თუმცა მთლიანობაში ამის მოლოდინიც არ არის მყარი – თუკი კრიზისი გაგრძელდა და წელს მსოფლიო ეკონომიკის რეცესია დაიწყო, ეს პანდემიაზე არანაკლებ ძლიერი მუხრუჭი იქნება ტურიზმისთვის.

საქართველოს მთავრობას მართებს განსაკუთრებული ყურადღება გადაიტანოს ადგილობრივი რესურსის განვითარება-ამოქმედებაზე, განსაკუთრებიღ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და გადამამუშავებელი დარგის პროდუქციის გაფართოების მიზნით, რადგან გაუარესებულმა მდგომარეობამ შეიძლება მრავალ ღარიბ ქვეყანაში საკვების ნაკ¬ლებობის გამო შიმშილის საფრთხე გაზარდოს. ამ საკითხშიც რუსეთის მიმართულება უფრო პერსპექტიული და რეალური ჩანს – რუსულ ბაზარს, გნებავთ იმპორტის და გნებავთ, ექსპორტის თვალსაზრისით, ალტერნატივა არ გააჩნია და ახლო მომავალში არც ექნება.

კონსტანტინე ჩიკვილაძე, იურისტი,  პიარმენეჯერი

სპეციალურად საიტისთვის

Cesko