ბუნტი ნაცმოძრაობაში მელიას წინააღმდეგ – ვის ამზადებენ პარტიის თავმჯდომარედ და ვინ ჩახსნა ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა?

0
754
32 Views

„იმასაც ამბობენ, მელიას ორი წლით საზღვარგარეთ გაუშვებენო…“

ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მთავარი თემები სწორედ მის გარშემო ტრიალებს. როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა, მიშა ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, მთავარ პოლიტიკურ ამბებს ის ქმნის. ეს იმის მიუხედავად, რომ მან ამომრჩეველი არაერთხელ გადააგდო, ორჯერ გამოაცხადა ე.წ. სასიკვდილო შიმშილობა, არ შეასრულა დაპირებები… მას ჰყავს თავისი მრევლი და ფაქტია, რომ ეს ადამიანები ბოლომდე მისი ერთგულები არიან… ახლაც ასეა, მაგრამ სააკაშვილი აშკარად დასუსტებულია. შეგახსენებთ, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მოხდა. უფრო კონკრეტულად, ვადის დასალიერს მყოფ კელი დეგნანს უყოჩაღია, მიშა საავადმყოფოში გადაიყვანეთო და შედეგსაც მიაღწია. სამაგიეროდ, იმავე დეგნანს „ოცნების“ ლიდერებმა უთხრეს, რომ საზღვარგარეთ მიშას გაშვება ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და რას შესთავაზებენ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ მმართველ გუნდს. ჰო, თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან საქართველოდან მიშას წასვლა მის თავისუფლებას ნიშნავს. ვისაც იმისი სჯერა, რომ სასჯელის გადავადების შემთხვევაშიც კი, სააკაშვილი დაბრუნდება და ისევ ციხეში ჩაჯდება, სააკაშვილი საერთოდ არ სცნობია.

სააკაშვილის ავადმყოფობის პარალელურად, სრული ქაოსია მის პარტიაში, გუნდის ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ აღარ სურს და ამ პოსტზე ხატია დეკანოიძეს ამზადებენ. ისიც ითქვა, თავმჯდომარეობა ლევან ხაბეიშვილს სურდა, მაგრამ ეს სურვილი უშუალოდ მიშამ შარშანდელი თოვლივით გაუქროო. მელიაც კარგად ხვდება, რომ წყალი აქვს შემდგარი და ახალი ინიციატივა, ემიგრანტები დავთვალოთ და არჩევნები მათი ხმებით მოვიგოთო, სწორედ მისი წამოწყებულია და აქტიურად არის ამაში ჩართული. იმასაც ამბობენ, მელია, შესაძლოა, ამ მისიით საზღვარგარეთ გაუშვან, რათა მან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ემიგრანტების მობილიზება შეძლოს, საბუთების მოგვარებაშიც საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით დაეხმაროს და არჩევნებისას შედეგი სწორედ საზღვრებს გარეთ დაიდოსო. უხეში დათვლით, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მყოფი ამომრჩევლების ოდენობა თითქმის იდენტურია და იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალები მხარდამჭერების ოდენობას აქაც არ უჩივიან, საზღვარგარეთ ემიგრანტების მობილიზებით, ეგებ სასურველ შედეგსაც მიაღწიონ, თუმცა… მთავარი პრობლემა ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნებზე მისვლაა და სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზები აქვს მოსაფიქრებელი ნაცმოს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან დიდი თანხა დაჯდება.

წყარო: ალია

Cesko