საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს განცხადებას, რომ ევროვიზიის კონკურსში საქართველოდან ჟიურიმ უკრაინას 6 ქულა კი არა, 12 ქულა მისცა. თუ რატომ მოხდა გაუგებრობა და 6 ქულა რატომ გამოაცხადეს, ამას მაუწყებელი არკვევს.
,,ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს”, – წერია განცხადებაში.
ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.