“ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, გადავეხვიეთ და გავედით მილიციის ეზოდან… იმ დღიდან მეგობრები ვიყავით – ასეთი ურთიერთობები იყო ადრე” – თემურ გვალია ირაკლი ამირეჯიბზე

0
502
193 Views

მსახიობი თემო გვალია (Gvalski Temo) სოციალურ ქსელში მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილს, ირაკლი ამირეჯიბს იხსენებს და წერს:

ირაკლი ამირეჯიბის ხსოვნას………
მინდა გავიხსენო ერთი უვაჟკაცესი ქართველი, თბილისელი, კარგი ოჯახისშვილი, კარგი მეგობარი ირაკლი ამირეჯიბი.
ზუსტად არ მახსოვს წელი, მაგრამ მიახლოვებით 1982 წელი იყო. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით დასასვენებლად სოხუმში. ვცხოვრობდით სასტუმრო “თბილისში”. მოგეხსენებათ ახალგაზრდები ვიყავით, ასე 20-21 წლისანები და რა თქმა უნდა ვმარიაჟობდით გოგოებთან. ?
ერთ საღამოსაც მე და ჩემი ორი მეგობარი, სასტუმრო “თბილისიდან” ბულვარით გავუყევით გზას სასტუმრო “აფხაზეთისკენ”. ნასვამები ვიყავით. იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მეგობარი გოგონები.
მივედით და აივნიდან ისმის ხმა: ჩამოვდიიიივართ!
მართლაც ცოტა ხანში ჩამოდიან და ღიმილით მოემართებიან ჩვენსკენ. ჩვენ სასტუმროდან ასე 50 მეტრში ვდავართ და ვეწევით. უცებ ერთერთი ანუ ჩემი რჩეული, ვიღაცა უცხო ბიჭმა გააჩერა და რაღაცას ესაუბრება. შორიდან დავინახე ამ გოგოს სახე და მივხვდი, უცნობს ესაუბრებოდა. მივედი, გოგო გადავკოცნე და ახალგაზრდას, რომელიც ასევე ნასვამი აღმოჩნდა, მივესალმე. არ მინდა დეტალების მოყოლა. მოკლედ, მე და ამ ახალგაზრდას შორის მოხდა შელაპარაკება. ვინაიდან ხალხმრავალ ადგილზე ვიმყოფებოდით, უცნობს ვეუბნები: სასტუმროს უკან, ვარდების ბაღთან გამოდი და იქ ვილაპარაკოთ მეთქი. მიდი და მოვალო. ჩემს მეგობრებს ვუთხარი: რაც
არ უნდა მოხდეს, არ ჩაერიოთ მეთქი. თითქმის ერთ დროს მივედით ორივე. ატყდა ისევ ხმამაღალი კამათი და შემდეგ კი მამაპაპური კაცური ჩხუბი. არ მოგატყუებთ და ალბათ 20 წუთის განმავლობაში ურტყით ერთმანეთს. ? დასისხლიანებულები ვართ ორივე და მაინც არ ვჩერდებით. ვიბრძვით ბოლომდე… იქვე “პუსტა-პუსტა” მილიციონერები იმყოფებიან და ვერ გვაჩერებენ. ერთ-ერთ მათგანს ცოტათი მოხვდა კიდეც.. ? ჩხუბ-ჩხუბით შევედით უნებლიედ სხვადასხვა ფერის და ჯიშის ვარდების ბაღში და იქ გაგრძელდა ჩხუბი. ბაღი რომ “მოვთიბეთ” ფეხებით, საიდანღაც მოვარდა მილიციონერების ჯგუფი და გაგვკოჭეს. ? შეგვაგდეს “კანარეიკაში” და მიგვაბრძანეს ორივე სოხუმის განყოფილებაში., სადაც მხოლოდ მორიგე იმყოფებოდა. შეგვყარეს ერთმანეთისგან მოშორებულ ოთახებში და გვითხრეს დილამდე ჭკვიანად მოვქცეულიყავით, თორემ დაგვხოცავდნენ ცემით. მოკლედ ვიჯექით მთელი ღამე. დილას ასე 10 საათზე კარები იღება ღრჭიალით და მორიგე მეუბნება: გამოდი, უფროსთან უნდა შეგიყვანოო… შევედით მილიციის უფროსის კაბინეტში. უფროსმა დამიწყო ჯერ ყვირილი, შემდეგ შერცხვენა რომ ეროვნული ვარდების ბაღი როგორ გადათელეო, შემდეგ ცოტაც დამარიგა და მეუბნება: ეხლა წადი, მაგრამ გეფიცები, მეორედ რომ აქ მოხვდე კიდევ, ცას დიდი ხანი ვეღარ იხილავო. წადი! თავისუფალი ხარ! …. მე ვეუბნები: ვისაც ვეჩხუბე იმას რა მოელის მეთქი? მპასუხობს: მაგას მე ვიცი როგორც მივხედავო! მე ვეუბნები: მე არსად წავალ სანამ იმ კაცსაც არ გაანთავისუფლებთ მეთქი! და ვინც მომიყვანა იმას ვუთხარი: შემიყვანე ეხლა იმ ოთახში სადაც ვიჯექი მეთქი!
უცებ მილიციის უფროსი მიყურებს და ღიმილით მეუბნება: ის კაცი გარეთ დგას და გელოდება. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ყოფილა. ნახევარი საათის წინ რომ გამოვიყვანე ოთახიდან და ვუთხარი: წადი, თავისუფალი ხარ მეთქი, მანაც იგივე მითხრა: არსად არ წავალ სანამ იმ კაცს არ გაანთავისუფლებთ ჩხუბი რომ მომივიდაო. ხოდა მაგიტომაც გიშვებ, თორემ გაყურყუტებდი აქ რამდენიმე დღეო! ირაკლის უნდა
უმადლოდეო…
გავედი გარეთ და მილიციის ეზოში, სკამზე ზის “ჩემი მოწინააღმდეგე”… მივედი, წამოდგა, ერთმანეთის დალეწილ სახეებს რომ შევხედეთ უცებ ორივეს გაგვეღიმა და შემდეგ კი სიცილი აგვიტყდა. ? ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, გადავეხვიეთ და გავედით მილიციის ეზოდან…
იმ დღიდან ჩვენ მეგობრები ვიყავით წლების განმავლობაში. ხშირად ვქეიფობდით ერთად… ამ ამბავს ვიხსენებდით, ერთმანეთს ვეკამათებოდით ვინ უფრო იცემა მაშინ და ბოლოს ვიცინოდით…
ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1992 წელს კი ირაკლი ამირეჯიბი გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში, ტამიშთან ახლოს…
აი ასეთი ურთიერთობები იყო ადრე.
ნათელში იყოს კარგი კაცის, ირაკლი ამირეჯიბის სული და ყველა მათი, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა.. ❤ ❤ ❤

 

Cesko