5 მაისს, ქალაქ ბურსას ერთ-ერთ სასტუმროში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა, 23 წლის ნიკა იაშვილია.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეგობარი უყვება, გაუჩინარებულ ახალგაზრდას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
„ნიკა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. მშრომელი და ღიმილიანი ბიჭი, წლების წინ გავიცანი. ჩვენ, ანტალიაში ერთ ოჯახში ვმუშაობდით. როგორც გავიგე, რამდენიმე დღის წინ ხელფასი აუღია. ოჯახისთვის უთქვამს, ორი დღე დავისვენებ და დავბრუნდებიო. ქალაქ ბურსაში წასულა… მესამე დღე რომ გავიდა და ნიკა ოჯახში არ დაბრუნდა, ძებნა დაიწყეს. იქიდან გამომდინარე, რომ თურქი ოჯახი ნიკას მშობლებსა და ახლობლებს არ იცნობდა, მე დამიკავშირდნენ და მთხოვეს მისი ოჯახის მოძიებაში დავხმარებოდი. სამწუხაროდ არც მე ვიცნობდი ნიკას ახლობლებს.
„პრაიმტაიმმა“ დაწერა ინფორმაცია ბურსაში გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ და ასე გაიგო მისმა ოჯახმა. ნიკას დღეს გადმოასვენებენ საქართველოში, როგორც ვიცი მის ოჯახს საქართველოს საელჩო ეხმარება.
ნიკას ჰყავს მშობლები და ერთი და. დედა სტამბოლში მუშაობს, მამა და და ბათუმში ცხოვრობენ. ძალიან დიდი ტკივილია ასეთი კარგი ახალგაზრდის ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა. გული მწყდება, რომ ის ჩვენს გვერდით აღარ იქნება. ვუსამძიმრებ ოჯახს… ნიკა, შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები.“- ამბობს ნიკას მეგობარი.
შეგახსენებთ, გუშინ, ქალაქ ბურსაში ნიკა იაშვილის ცხედარი, სასტუმროს ნომერში იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზა გუშინ, 5 მაისს, ჩაუტარდა.