შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება.
კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება. მათ შორის არის საქართველოც.
„საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.
დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა. მისი მიზანია, „ნატოს მოკავშირეების დაეხმარება შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი მარაგებიდან, რათა ნატომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს შეკავების შესაძლებლობები. 322 მილიონი დოლარი ამ თანხიდან გამოყოფილია უკრაინისთვის და მიმართულია მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რუსეთთან მიმდინარე ომში საკუთარი თავის დასაცავად“, – წერს „ამერიკის ხმა“.