ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან უკრაინაში ჩასვლის პრობლემა “არავის აქვს”. მისი თქმით უმრავლესობა მზადაა, “როცა პროტოკოლურად შეთანხმდება საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა”, რამდენიმე დეპუტატი წავიდეს უკრაინაში და “გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი”.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ვიზიტს, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს დამატებით პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის თქმით, მმართველ გუნდს შალვა პაპუაშვილის წერილის არცერთ პუნქტზე არ მიუღია უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხი.
“რატომ დაგვაბრალეს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ მოცემულობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან რძესა და ყველზე. რატომ დაგვაბრალეს იარაღის კონტრაბანდა, რატომ გაიწვიეს ელჩი, მაშინ როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. ამ პასუხებზე იქნება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დამოკიდებული” – ამბობს მდინარაძე.
ქართული ოცნების ლიდერის თქმით, “თუ ჩვენ მივიღეთ პასუხები და ობიექტურად დავრწმუნდებით, მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს მივიღებთ, ამ შეურაცხყოფის ელემენტარულად უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, საპარლამენტო დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში”.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის იზოლაციის ვადა სამ დღეში დასრულდება.
“არანაირი პრობლემა არ აქვს წასვლაზე, არც არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმ უამრავი ბინძური სპეკულაციისა, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ, ამ შემთხვევაში დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მასში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.”
“ან პასუხი რა იქნება… ნუ ვიმარჩიელებთ წინასწარ… ეს საერთოდ უპასუხობა იქნება, დაიგნორება იქნება ამ კითხვების, შეურაცხყოფის დაიგნორება და გატარება იქნება, ან თუნდაც, ღმერთმა არ ქნას და გამძაფრება იქნება იმისა, რაც საქართველოს დააბრალეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება. არ შეიძლება, იმ ფონზე, რაც ხდება, ჩვენ კითხვებიც არ გვქონდეს და ასე უაპელაციოდ რაღაცა გადაწყვეტილებას ვიღებდეთ” – თქვა მდინარაძემ.